ვახტანგ ძაბირაძის აზრით, "ოცნებას" აწყობს, რომ "ნაცმოძრაობამ" იარსებოს, ოღონდ სააკაშვილის ლიდერობით
ელზა პაპოშვილი
10.01.2017

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობის შემდეგ გაიყოფა. სააკაშვილის მოწინააღმდეგე ფრთის ლიდერი გიგი უგულავა გახდება, რომელსაც ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია.

ძაბირაძის აზრით, თუკი სააკაშვილის ჯგუფი ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობის მიღებაზე უარს იტყვის, მაშინ უგულავას ჯგუფს, პარტიის რეგიონული ორგანიზაციებიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი შეუერთდება. ეს კი მისი ჯგუფის შანსებს კიდევ უფრო გაზრდის.

პოლიტოლოგს ასევე მიაჩნია, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ფრთას პარლამენტში საკმაოდ ბევრი დეპუტატი ჰყავს, რომლებსაც დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ.

"რეზონანსი": გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" რა სახის ცვლილებები მოხდება და როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა ის ორად გაყოფილი პარტიის ლიდერი?

ვახტანგ ძაბირაძე: რა თქმა უნდა, გიგი უგულავას გათავისუფლება როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გარკვეული სახის მუხტს და ცვლილებებს შემოიტანს.

მისი განცხადებები, რომ ის პარტიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგებას შეეცდება, დიპლომატიური იყო, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ პარტიაში სიტუაცია უკვე ძალიან შორს არის წასული და მისი კვლავ ძველი სახით გაერთიანება ვერ მოხერხდება. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ პარტიის გახლეჩასთან ერთად, ფრაქციის გაყოფაც მიდის.

დიდი ალბათობით ყრილობის შემდეგ პარტია გაიყოფა. გიგი უგულავა კი იმ ჯგუფის ლიდერი იქნება, რომელიც პარლამენტში შესვლის მომხრე იყო. ამის თქმის საბაბს კი ჯერ კიდევ მისი ციხეში ყოფნის დროს, გამოქვეყნებული წერილი იძლევა. ამიტომაც, ის იმ ფრთის ნაწილი იქნება, რომელიც სააკაშვილს დაუპირისპირდა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, საპარლამენტო ნაწილის გაყოფა როგორ მოხდება.

ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, მგონია, რომ ვინც სააკაშვილის მხარს დაიჭერს, საპარლამენტო მანდატები უნდა დატოვონ.

"რ": როგორ ფიქრობთ, გიგი უგულავას ამ ეტაპზე, როგორც პოლიტიკურ მოთამაშეს და ლიდერს, რა შანსები აქვს და რამდენად შეძლებს ის თუნდაც პოლიტიკურად მიძინებული სიტუაციის გამოცოცხლებას. რა სახის პოლიტიკურ ამინდს შექმნის?

ვ.ძ: დავიწყოთ იმით, რომ გიგი უგულავა 9 წლის განმავლობაში ქალაქის მერი იყო. ასევე პარტიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად მას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს.

ასევე საინტერესო იქნება, მიხეილ სააკაშვილის ფრთა, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს. წესით და რიგით, ლოგიკა მოითხოვს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებზე ამბობ უარს, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღო.

თუ სააკაშვილის ჯგუფი მონაწილეობას ამ არჩევნებზე არ მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ელიტა გიგი უგულავას მხარეს გადაინაცვლებს. სააკაშვილი პარტიას, როდესაც ერთპიროვნულად მართავდა, მის შენარჩუნებას ახერხებდა, როგორც კი ეს ვეღარ შეძლო, დავინახეთ, რომ პრობლემები წამოვიდა. პარტიაში ჯგუფი გამოჩნდა, რომელმაც სააკაშვილის გადაწყვეტილებები გააპროტესტა.

უგულავას ჯგუფი სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. პარტია თუ ხელისუფლებაში მოსვლისთვის არ იბრძოლებს, სხვა რა უნდა აკეთოს?

"რ": გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლამდე, საზოგადოებაში და ექსპერტთა წრეებში, აქტიურად მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ მას ხელისუფლება ციხიდან გამოუშვებდა, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, სჭირდებოდა. საუბარი არის იმაზეც, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ უგულავა ივანიშვილს გაურიგდა...

ვ.ძ: არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა იჯდეს და "ნაციონალური მოძრაობის" იწილო-ბიწილოს არჩევდეს. ივანიშვილს როდესაც დასჭირდა, მთელი ეს საარჩევნო კამპანია თავდაყირა დააყენა. რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა და დაქსაქსვა აწყობს. მე თუ მკითხავთ, "ოცნებას" აწყობს, რომ ამ პარტიამ იარსებოს, მაგრამ სააკაშვილის ლიდერობით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უგულავას ციხიდან გამოსვლა, ხელისუფლებას არ სურდა.

ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტი საფრთხის შექმნელი, სწორედაც რომ უგულავს ჯგუფი იქნება, რომლის უმეტესობა პარლამენტის დეპუტატია. მათ დასავლეთისგანაც მეტი მხარდაჭერა ექნებათ, ვიდრე სააკაშვილის და ნიკა მელიას ჯგუფს.

ამიტომაც, ალოგიკურად მიმაჩნია მოსაზრება, რომ "ნაციონალების" ორად გახლეჩა ხელისუფლების დამსახურება იყოს.

"რ": გაზაფხულზე ქვეყანაში ოპოზიციის გააქტიურების მოლოდინი არსებობს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ უგულავასა და უსუფაშვილს შორის გარკვეული სახის თანამშრომლობა მოხდეს. თავად უსუფაშვილის შანსებს როგორ შეაფასებთ?

ვ.ძ: გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების შემდეგ პროდასავლურმა ძალებმა სრული მარცხი განიცადეს, უსუფაშვილსაც და უგუალავასაც საზოგადოების მხრიდან გარკვეული სახის მხარდაჭერა ექნება.

ამომრჩეველი ძალიან მალე დისტანცირებას როგორც "ნაციონალური მოძრაობისგან" ასევე "ქართული ოცნებისგან" დაიწყებს და სწორედ ამ ხალხის მიზიდვის მიზნით, საკმაოდ დიდი ბრძოლა გაჩაღდება. საზოგადოების მხრიდან მესამე ძალის შექმნაზე დიდი მოთხოვნა იქნება.

თუმცა, არც ხელისუფლებას და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს, რომ ახალი ძალები გამოჩნდეს. მიუხედავად ამისა, თუ მოთხოვნილება გაჩნდა, ასეთი ძალა შეიქმნება. ამ ყველაფერს კი დიდი სიფრთხილე სჭირდება. სტრატეგია და ტაქტიკა, ძალიან ფრთხილად შერჩეული უნდა იყოს. სხვაგვარად ასეთი ძალა ვერ შეიქმნება.

ხოლო უსუფაშვილის და უგულავას თანამშრომლობას ამ ეტაპზე სრულიად გამოვრიცხავ. ამას ზიანის მოტანის მეტი, სხვა არაფერი შედეგი ექნება. ორივე უნდა ეცადოს, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციები შექმნან. ამის შემდეგ კი დაელოდონ სიტუაციას, ქვეყანაში პოლიტიკურად რა პროცესები განვითარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×