ხათუნა ლაგაზიძე პროდასავლური პარტიების შექმნას პროგნოზირებს სააკაშვილის, უგულავას და უსუფაშვილის ხელმძღვანელობით
თაკო მათეშვილი
10.01.2017

 განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველს საინტერესო სანახაობა ელის, რადგან მთავარი ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ჩამოტეხილ" ორ მსხვილ პარტიას შორის გაიმართება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

ხათუნა ლაგაზიძე: მოკლევადიან პესპექტივაში, "ქართულმა ოცნებამ" ჩამოიშორა ოპოზიციის მთავარი სუბიექტები. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი ჩაირეცხა, გადაირეცხა თუ გადაიცოცხა. ოპოზიციის დასუსტების მეორე ფაზა კი დღეს "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებია.

დარჩენილი პარტიებისათვის არჩევნებში დარტყმის მთავარი სუბიექტი არა "ქართული ოცნება", არამედ ერთმანეთი იქნება. ანუ, "ოცნება" სულ მცირე, ამით ოპოზიციის დარტყმის ალბათობას იშორებს - დარჩენილი ძალები და მათ შორის, "ნაცმოძრაობის" ორი ფლანგი ერთმანეთს დაეტაკებიან. მათი ურთიერთშეჯახება არანაკლებ მწვავე გამოვა.

ანუ, მთავარი სანახაობა მათი დაპირისპირება იქნება და ამ დროს "ქართული ოცნება" ნაკლებად გაახსენდება ვინმეს. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიისათვის ნაკლებადმტკივნეული იქნება ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და მასზე პასუხისმგებლობა, რაც დღეს გვაქვს.

ეს ყველაფერი შედარებით გაფერმკრთალდება "ნაცმოძრაობიდან" ჩამოტეხილი სხვადასხვა ფლანგის ურიერთშეტაკებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე.

აქ საინტერესოა ისიც, რომ ამ შემთხვევაში აღარც "რუსთავი 2" იქნება ხელისუფლებისათვის თავის ტკივილი. დიდი ალბათობით იგი დღევანდელი ფორმატით არსებობას გააგრძელებს.

"რეზონანსი": როგორი რეაგირება ექნება ამაზე დასავლეთს?

ხ.ლ: ასევე კმაყოფილი იქნება დასავლეთიც, რადგან ქვეყანაში უკვე აღარ იქნება ერთი მძლავრი ოპოზიციური სუბიექტი "ნაციონალური მოძრაობის" სახით. მას რამდენიმე საშუალო ზომის პროდასავლური პარტია ეყოლება თვალსაწიერში - სააკაშვილის, უგულავას, უსუფაშვილის ხელმძღვანელობით.

"გირჩზე" და სხვა, შედარებით წვრილ სუბიექტებზე აღარაფერს ვამბობ. ანუ, დასავლეთისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღები კონფიგურაცია ლაგდება.

ყველაზე კმაყოფილი კი ხელისუფლება იქნება, რადგან დანაწევრებული, დაქსაქსული და ერთმანეთზე წაკიდებული პოლიტიკური ბაზარი მისი რეალური კონკურენტი ვერ გახდება.

"რ": "ნაციონალურმა მოძრაობამ" თუ მოიგო რამე?

ხ.ლ: ბევრი ვერაფერი. როგორც უკვე გითხარით, თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ნაწილების ურთიერთჯიჯგნის მომსწრეები ვიქნებით.

"რ": სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობის" "აჯანყებული" ნაწილის ლიდერი გიგი უგულავა გახდება. რამდენად პერსპექტიულ ლიდერად გესახებათ იგი?

ხ.ლ: დიახ, შერკინება სავარაუდოდ სწორედ სააკაშვილსა და უგულავას შორის იქნება და ეს ორივეს თანაბრად დაასუსტებს. შეიძლება ბევრი ისეთი რამ ამოვიდეს ზედაპირზე, რაც როგორც ერთის, ისე მეორის პოლიტიკურ კარიერას უაღრესად დააზარალებს.

განსაკუთრებით უგულავაზე მაქვს საუბარი, რადგან სააკაშვილი საქართველოდან მაინც შორსაა და დღეს უგულავას პოლიტიკურ პერსპექტივაზე უფრო შეგვიძლია ლაპარაკი, ვიდრე სააკაშვილისაზე. ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახმაურდეს, რაც უგულავას სამომავლო პოლიტიკურ კარიერას დაღს დაასვამს. ეს თავად "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოვა.

თუმცა, ამომრჩევლის პოლიტიკური მეხსიერების სიმოკლეს თუ გავითვალისწინებთ, უგულავას ამ შემთხვევაშიც რჩება კარიერის აწყობის შანსი. იგი ციხიდან გამოვიდა როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომლის გამოსვლასაც ამდენ ხანს ელოდნენ. კადრები კი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მისი ციხიდან გამოსვლის დამგეგმავის მიზანიც ეს იყო. დანარჩენი უკვე დეტალებია.

უგულავას გამოსვლა პოლიტიკურ პროცესებს უფრო დინამიკურსა და საინტერესო საყურებელს გახდის. თუმცა, მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს ბევრი რამ ექნება გადასალახი - "ნაცმოძრაობიდან" წამოსული ბრალდებები, რომელთაც გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენ.

ერთ-ერთი ბრალდება კი იქნება ის რომ იგი ხელისუფლებას გაურიგდა. ასევე გასათვალისწინებელია ის კომპრომატებიც, რაც გიგი უგულავაზე თავად ხელისუფლებას ექნება და რითაც მის მართვას შეეცდებიან. ეს რამდენიმე ფაქტორი უგულავასთვის რთულად გადასალახი იქნება.

თუმცა, იმ ფონზე, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების დეფიციტია, მას მაინც რჩება შანსი ქართულ პოლიტიკაში გარკვეული წონა შეიძინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×