"ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილი სიტუაციით, პოლიტოლოგების აზრით, ყველაზე მეტ სარგებელს ხელისუფლება ნახულობს, რადგან ფაქტობრივად აღარ დარჩა ოპოზიციური პარტია, რომელიც მისთვის სერიოზული ოპონირების გაწევას შეძლებს.
"ენმ"-სგან დარჩენილი ნაწილები კი, მათი აზრით, საკმაოდ დაზარალდებიან, რადგან გაყოფა მათ რეიტინგს შეუმცირებს. შედეგად, მთავარი საზრუნავი არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედება იქნება.
"მიმდინარეობს პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა"
რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ "ნაცმოძრაობამ" დაშლა დაიწყო. ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკში მოიაზრება, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის.
მასში, წინასწარი ინფორმაციით, 8 დეპუტატი გაერთიანდება - თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე და გიორგი ტუღუში. ფრაქციის ხელმძღვანელობა კი კვლავ მელიას ჩაბარდება. მელია დღემდე ფრაქცია "ნაცონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
გადაჯგუფებას პარტიაში ბუნებრივს უწოდებენ. როგორც "ენმ"-ს წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, მას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენება არ გაუკვირდება.
"როდესაც ასეთი შეუთანხმებლობაა, ძნელად წარმოსადგენია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფრაქციის წევრები ერთს ფიქრობდნენ, ხოლო მათი თავმჯდომარე - მეორეს. მიმდინარეობს სერიოზული პროცესი - პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ინფორმაციას პარტიის დაშლის თაობაზე კიდევ ერთი წევრი, სერგო რატიანიც ადასტურებს - "გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია - "ნაციონალური მოძრაობა", გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია", - აცხადებს იგი.
ამავდროულად, მხარეებს შორის დაპირისპირება, საპარლამენტო ტრიბუნებიდან თუ მედიის მეშვეობით, ისევ გრძელდება. ისინი სიტუაციის გამწვავებასა და პარტიის დაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
"ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას. "ნაციონალური მოძრაობიდან" გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ თანაპარტიელ სერგო რატიანს ფრაქციის სხდომაზე.
ამას შელაპარაკება მოჰყვა მელიასა და აკაკი ბობოხიძეს შორის. ბობოხიძემ განაცხადა, რომ იმაში, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, ყველაზე დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის.
"ამ ყველაფრით ბიძინა ივანიშვილის ოცნება სრულდება. პარტია მიდის დაშლისკენ, ოღონდ ამის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა მან.
"ყველაზე კმაყოფილი ხელისუფლება იქნება"
პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი "ენმ"-ში შექმნილ ვითარებას აფასებს, როგორც პარტიიდან მცირე ჯგუფის გამოყოფას და არა პარტიის გაყოფას. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის გარეშე "აჯანყებულებს" ძალიან გაუჭირდებათ, რადგან "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა მოტივაციის ძირითადი განმსაზღვრელი სწორედ ყოფილი პრეზიდენტია და პარტიასაც ხმას მის გამო აძლევენ.
შესაბამისად, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით დარჩენილ ნაწილს, თუნდაც მომავალ არჩევნებში, მეტი პერსპექტივა ექნება, ვიდრე გამოყოფილ ნაწილს.
"სააკაშვილის გარეშე "ნაციონალური მოძრაობა" რიგით პარტიად გადაიქცევა, როგორიცაა მაგალითად, "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და ა.შ. ანუ ის უბრალოდ სამპროცენტიანი პარტია გახდება. სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტია", - დასძენს კიკიანი.
მოსაზებას კი იგი იმ არგუმენტით ამყარებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, რომლებიც "ნაცმოძრაობას" ადრე გამოეყვნენ, ვერანაირი შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს. ეს, მისი აზრით, უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ "ბოკერიას დაჯგუფებასაც" იგივე ბედი ეწევა.
კიკიანი უკეთეს შედეგს არც უგულავასგან ელოდება. ამბობს, რომ არც მისი პერსპექტივაა სახარბიელო და რომ ეს გუნდი მისი ლიდერობითაც ვერ შეძლებს მომხრეთა მობილიზაციას, რადგან მომხრეები უბრალოდ არ ჰყავთ.