გვანცა ღვედაშვილი
10.01.2017

 კამპანია "ეს შენ გეხება" მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მოსმენის გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა იყოს. საკითხი კამპანიის წევრებსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის იქნა განხილულ. უმრავლესობის წევრთა თქმით, არასამთავრობოთა მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ზუსტად ისე მიღება, როგორც მათ წარადგინეს, მიზანშეწონილი არ იქნება, თუმცა გარკვეული თანხვედრა არსებობს.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც დამკვიდრებული არ არის, სახიფათოა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენის შესახებ კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს აღნიშნული კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად 11 თვიანი ვადა მისცა, რომელიც 31 მარტს იწურება.

ფარული მიყურადების საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველ შეხვედრას 10 დეკემბერს გამართავს.

როგორც "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლები აცხადებენ, დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა აუცილებელია. ამასთან, მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ სააგენტოს არ ექნება ინტერესი, რომ ბოროტად გამოიყენოს გასაღები. შესაბამისად, მოქალაქეთა პირადი ცხოვრება უფრო მაღალი სტანდარტით იქნება დაცული, ვიდრე დღეს არის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომაც განაცხადა.

"უმრავლესობა თანახმაა და სხვა გზა არც არის, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ან უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, ან უნდა დაექვემდებაროს ისეთ უწყებას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს გამოძიებასთან.

"ეს მოთხოვნები ჩვენ უნდა შევასრულოთ. ჩვენი პოზიცია არის, რომ შეიქმნას სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დაექვემდებარება პარლამენტს. ჯერჯერობით არ ვიცით უმრავლესობის პოზიცია", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს, თუ ვის უნდა დაექვემდებაროს აღნიშნული დამოუკიდებელი სამსახური.

"ვისაუბრეთ ორ მნიშვნელოვან შეთავაზებაზე, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონპროექტი. პირველი არის ის, რომ ე.წ. ოტო (ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი) უნდა გამოვიდეს სუს-იდან და შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო. მეორე - ეფექტური საპარლამენტო კონტროლია. რომელთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მზაობა არის, რაც ძალიან კარგია.

"მსჯელობის საგნად რჩება, თუ ვის უნდა დაექვემდებაროს დამოუკიდებელი სააგენტო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ დამოუკიდებელი სამსახური დაექვემდებარება პარლამენტს და შეიქმნება მისი დამოუკიდებლობის გარანტი. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უმრავლესობა ჩამოყალიბებული არ არის", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობოების მიერ შეთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მისი პირდაპირი მიღება სწორი არ იქნება, თუმცა ბევრი ისეთი საკითხია, რაშიც თანხმდებიან. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში როგორი ფორმით იქნება კანონი მიღებული, ამის შესახებ კონკრეტული პასუხი არ აქვს. "ვფიქრობ, არასამთავრობოთა მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ერთი-ერთში მიღება უპრიანი არ იქნება. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. ხოლო რა იქნება მისაღები, რა ნაწილში დავეთანხმებით და რაში არა - ეს მომავლის საქმეა.

"საბოლოოდ, ვფიქრობთ, მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს წაადგებათ. ამასთან, გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ კანონის მიღება პირველ მარტამდე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვასწროთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოსი, შესაძლებელია საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაც.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოში, რომელსაც საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს, ისეთი ექსპერიმენტი ვერ ჩატარდება, რაც საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის.

"ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით, ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა.

"ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებითი მექანიზმები, გარე კონტროლზეა საუბარი - გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება როგორც გარე კონტროლის ეტაპი, ასევე, ვფიქრობთ საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×