ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ნატომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო მოქმედება დაიწყო
ნინო ქეთელაური
10.01.2017

 "ახალი ცივი ომი უკვე შემდგარი ფაქტია და ჩვენ ვცხოვრობთ ამის პირობებში. ფაქტობრივად, კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედება მოხდა, რაც ნატოს 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ აუმოქმედებია" - ასე აფასებს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

ის განმარტავს, რომ ამის პარალელურად საკუთარ ძალებს რუსეთიც აძლიერებს და ნატოსთან დასაპირისპირებლად დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორია ერთგვარი "პლაცდარმი" ხდება.

ვახტანგ მაისაია: აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერება ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ხდება.

მოქნილი თავდაცვის სტრატეგიის ფორმატში - საუბარია დაახლოებით, 3000 ბრიტანელი, კანადელი და ამერიკელი ჯარისკაცის განთავსებაზე. ეს არის, თუ არ ვცდები, მე-4 მოტორიზებული ბატალიონი, რომლის თანხლებითაც ჩავიდა საბრძოლო ტექნიკა, რათა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობა განამტკიცოს.

ეს ყველაფერი კი იყო პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც ის გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ახორციელებდა. ანუ, ამოქმედდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომელიც მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

"რეზონანსი": აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდა როგორ იმოქმედებს რუსეთზე?

ვ.მ: ეს მაინცდამაინც ისეთი ძალა არ არის, რომ რუსეთის გაღიზიანებისთვის სერიოზულ კომპონენტს წარმოადგენდეს.

მე-4 მოტორიზებული ბატალიონი არ არის ის სამხედრო ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია რამე ქმედება განახორციელოს.

ეს არის ერთგვარი სიმბოლური და პოლიტიკური მხარდაჭერის აქცია, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის იქნება სიგნალი, რომ თუ ის ნატოს, ან მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას გააგრძელებს, ნატომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

ეს არის უფრო პრევენციული ქმედება, რომელიც როგორც გითხარით, მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ფორმატში განხორციელდა, რაც 90-ანი წლებიდან მოყოლებული პირველად ამოქმედდა.

ერთხელ ამოქმედდა 2003 წელს, როცა ერაყი დაემუქრა თურქეთის სუვერენიტეტს, მაშინ ეს მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ამერიკელებმა აამოქმედეს და შესაბამისი საბრძოლო შენაერთები განათავსეს, რათა თავისი სტრატეგიული მოკავშირე დაეცვათ და ახლა უკვე ამოქმედდა აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის.

"რ": მომდევნო თვიდან აშშ-ს სამხედრო შენაერთების განთავსება პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებშიც დასრულდება. შეცვლის თუ არა ეს გეოპოლიტიკურ ვითარებას?

ვ.მ: ცვლის თუ არა, ცოტა რთული სათქმელია. ეს იმის დადასტურებაა, რომ ახალი ცივი ომი უკვე შემდგარი ფაქტია და ჩვენ ვცხოვრობთ ამის პირობებში. ფაქტობრივად, განხორციელდა რეალური კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედება, რაც ნატოს 90-ანი წლებიდან მოყოლებული არ აუმოქმედებია. გაიგზავნა კონკრეტული მოკავშირე სახელმწიფოების შენაერთები და ბუნებრივია, რომ ნატოს მხრიდან ეს უკვე სერიოზული ნაბიჯებია.

"რ": ითქვა ისიც, რომ ბრიტანეთის ავიაციამ შავი ზღვა უნდა გააკონტროლოს. საქართველოსთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია?

ვ.მ: ჯერჯერობით ეს საკითხი ასე კატეგორიულად არ არის განხილული. შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვა ბრიუსელის სამიტზე მოხდება, რომელიც მაისში იმართება, როდესაც ნატო ახალ შტაბბინაში გადავა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რატომღაც არ მონაწილეობს ამ სამიტში. ამას ხაზი უნდა გავუსვათ, ეს კიდევ ცალკე თემაა, რაზეც თქვენი გაზეთის საშუალებით უკვე ვისაუბრეთ.

რაც შეეხება შავი ზღვის გაკონტროლებას, ბრიტანეთს საზღვაო კომპონენტი ყველაზე მეტად აქვს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მან აიღოს საკუთარ თავზე და შავი ზღვის დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგეს. შესაბამისად, თავისი სამხედრო საზღვაო ძალების მეშვეობით, შავ ზღვაში ნატოს სამხრეთის ფლანგი გააძლიეროს. თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

"რ": რუსეთისგან რა საპასუხო ნაბიჯებია მოსალოდნელი?

ვ.მ: რუსეთიც აძლიერებს თავის სამხედრო კომპონენტს. ის 2017 წელს მიიღებს 4 ტიპის ბირთვული ქობინით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებს, რომელიც შავი ზღვის ფლოტში განთავსდება. მან ასევე, გააძლიერა სანაპირო დაცვის სისტემები და საკმაოდ თანამედროვე ტიპის გემსაწინააღმდეგო სისტემა დააყენა. ეს არის ბასტიონი, რომელიც საკმაოდ ეფექტური და ძლიერი კომპონენტია. მას ფაქტობრივად სამხედრო საზღვაო დაჯგუფების განადგურება შეუძლია. ამიტომ, შავი ზღვის კონტექსტში განთავსება, ნატოს კუთხით საკმაოდ რთული ამოცანა იქნება, რადგან შავი ზღვა ეს არ არის ღია საზღვაო სივრცე, ის ჩაკეტილია და შესაძლოა ეს ერთგვარი სატყუარაც კი იყოს იმ გემებისთვის, რომელიც ზღვაში შემოვა.

მეორეც, აქ არის თურქეთის ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ნატოს წევრი სახელმწიფო, დღეს ნატოს, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობა გამწვავებულია უკიდურესად და ვარშავის სამიტზე შავი ზღვის აუზში ნატოს სამხედრო დაჯგუფების შექმნის ინიციატივა სწორედ თურქეთმა ჩააგდო.

ამიტომ, ეს საკმაოდ სერიოზული თემაა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სირიასთან მიმართებით, თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის დროებითი ზავის დადება და შეკვრა მოხდა. ამავე დროს, რუსეთი აძლიერებს რადიო სალოკაციო სისტემებს, რომლის ამოქმედებასაც 2017 წელს აპირებს.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სისტემის ელემენტები დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზეც განათავსონ. ეს დაკავშირებულია იმასთან, გასაიდუმლოებულად ხდება აფხაზეთში სამხედრო ქალაქის მშენებლობა და გაერთიანებული საარმიო დაჯგუფების შექმნის ინიციატივა საკმაოდ ფორსირებული ნაბიჯებით ვითარდება, რაც ნატოს წინააღმდეგაა მიმართული და არა იმდენად საქართველოსა და სხვა ქვეყნების. ამიტომაც, რუსეთის ხელში, აფხაზეთის ტერიტორია ერთგვარი პლატცდარმი ხდება, ნატოსთან მიმართებით. ამას ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუმცა, ჩვენ არავინ გვეკითხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×