"რუსთავი 2"-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას ცემის გამო რატი გაჩეჩილაძეს წინასწარი პატიმრობა არ ემუქრება, ის გირაოს სანაცვლოდ სახლში წავა და იურისტების თქმით, საზოგადოების ნაწილში შერჩევით მართლმსაჯულებაზე და "ჩემიანებად" და მტრისიანებად" დაყოფაზე კითხვები ისევ აქტუალური გახდა.
საუბარია იმაზე, რომ თუ "მტრების", ანუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ იძალადებ, შეძლებისდაგვარად "ლმობიერად დაისჯები". ისე, როგორც გვარამიას ცემის ფაქტზე, ისე როგორც კორცხელში "ნაციონალი" დეპუტატების ცემისას წინასწარი პატიმრობის შიში არ უნდა გქონდეს და მხოლოდ რამდენიმე ათასლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ შეგიძლია " გული მოიოხო". ხოლო "ჩემიანების," - "ქართული ოცნების" წევრთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობა გარანტირებული გაქვს, ისე, როგორც ეს გასულ წელს მოხდა, როდესაც "თავისუფალი ზონის" 3 აქტივისტი 2 თვე წინასწარ პატიმრობაში ამყოფეს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის გარღვევის გამო.
იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, დაპირებული და ვერ შესრულებული "სამართლიანობის აღდგენის" გამო წინა ხელისუფლების კონკრეტული ქმედების მიმართ საზოგადოების რაღაც ნაწილში არსებობს "სამართლიანობის თვითდამკვიდრების" სურვილი და თუ მკაცრი რეაგირება არ მოხდება, მომავალში შურისძიების კიდევ ბევრ სამწუხარო და სახიფათო ფაქტსაც ვნახავთ და ეს ყველაფერი ხელისუფლების "თავის ტკივილი" იქნება.
ა/ო "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ კონკრეტულად ნიკა გვარამიას საქმეზე დეტალების არცოდნის გამო ვერ ისაუბრებს, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ არაერთხელ ყოფილა შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა და ხანდახან ის, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ის თუ რა სასჯელს ითხოვს პროკურატურა და რამდენად უფრო მკაცრია სამართალდამცველი უწყებები, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის მიმართ არის ჩადენილი ესა თუ ის დანაშაულებრივი ქმედება.
"გასული 4 წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკოსზე იყო თავდასხმა და უფრო მეტად ლმობიერად გამოვიდნენ ის პირები, ვინც ოპოზიციის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს და სამართალდამცავი სისტემა ასეთი ლმობიერი არ იყო, ვთქვათ, "ქართული ოცნების" დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის ინციდენტთან დაკავშირებით.
"ამ მიმართულების კითხვები არაერთხელ დასმულა და ამაზე ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია. მათ შორის თუნდაც ბოლო, საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარ ძალადობაზე რეაგირებას თუ გავიხსენებთ. აქაც გაჩნდა კითხვის ნიშნები. თუ როგორი იყო რეაგირება ზუგდიდის შემთხვევაში დარბევაზე, სადაც "ქართული ოცნების" მომხრეები მონაწილეობდნენ და როგორი იყო რეაგირება მარნეულის შემთხვევაში, სადაც საუბარი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მონაწილეობაზე.
"უფრო მკაცრი იყო და უფრო მეტი ადამიანი დააკავეს მარნეულში, მაშინ, როცა ზუგდიდში, სადაც ჩვენ ჩვენი დამკვირვებლებისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნის დარბევა იქაც ჯგუფური იყო, სადაც ინციდენტში დაახლოებით 10 ადამიანი მონაწილეობდა, მხოლოდ 3 ადამიანს წაეყენა ბრალი.
"უახლოეს წარსულში შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით კითხვები არაერთხელ გაჩნდა და ამდენად გარკვეული კითხვები და პარალელები ნიკა გვარამიას საქმესა და წარსულ ინციდენტებზე ლოგიკურიცაა და ბუნებრივია, ამიტომაც ბევრს გაუჩნდა კითხვა, მსგავს მიდგომასთან ხომ არ გვაქვს საქმე", - აცხადებს ბენიძე.
აღსანიშნავია, რომ კორცხელის ინციდენტის გარდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ თავდასხმები წინა წლებშიც არაერთი ყოფილა. მაგალითად, როდესაც 2014 წელს კაფეში ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე.
ჭიაბერაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელები კი მხოლოდ ხელწერილის სანაცვლოდ გაუშვეს. მაშინ, როდესაც დავით ლორთქიფანიძის თავდასხმასა და პიჯაკის გარღვევაზე "თავისუფალი ზონის" 3 წევრს ჯერ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც არასამთავრობოების და პოლიტიკოსების დიდი კრიტიკა მოჰყვა, 2 თვის შემდეგ კი 7 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რამდენიმე დღის წინ კი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხა "რუსთავი 2"-ის გენდირექტორს და "ნაციონალებისდროინდელ" გენერალურ პროკურორ ნიკა გვარამიას და მოტივად გვარამიასა და "ნაციონალური მოძრაობის" კავშირი დაასახელა.
რუსთავი 2-ის გენდირექტორზე თავდასხმის საქმე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთი პირის მხრიდან ძალადობას გულისხმობს და პროკურატურას სასამართლოსთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაო აქვს მოთხოვნილი.
გვარამია და მისი ადვოკატი კი აცხადებენ, რომ გაჩეჩილაძე მარტო არ იყო, თან მოტივი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის გამო დევნაა და ამიტომაც ბრალდება 156-ე მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს და სასჯელიც პატიმრობა უნდა იყოს.
იურისტ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას ინციდენტთან შედარებით დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის ინციდენტი ცოტა უფრო მძიმე კვალიფიკაციის იყო, რადგანაც მოხდა ნივთის დაზიანება და თან ჯგუფურად, თუმცა მიუხედავად ამისა, ისიც თვლის, რომ "პიჯაკის საქმეზეც" არ იყო საჭირო წინასწარი პატიმრობის შეფარდება და ამიტომაც ჩნდება მართლმსაჯულების შერჩევითობაზე გარკვეული ეჭვებიც.
"ვუსმინე და გვარამიას ინციდენტზე პროკურატურა გირაოთი შედისო. ამ მუხლზე ყველა შემთხვევაში გირაოთი შედის პროკურატურა და სწორედ შერჩევითი სამართალი იქნებოდა ის, რომ პროკურატურას პატიმრობა მოეთხოვა. როგორც წესი, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პიროვნების მიმართ, რომელიც ნასამართლევი არ არის, პატიმრობა არ ხდება.
"ამიტომაც მე გვარამიას და მისი ადვოკატის მხრიდან ცოტა ხელოვნურად გამუქებული მგონია ეს ყველაფერი. თუმცა მესმის, რომ სურთ, პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა დასაგმობია, ყველამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ კანონის ადეკვატურად და არა იმის მიხედვით, ვის რა სურვილები ექნება", - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი და დასძენს იმასაც, რომ "პიჯაკის საქმის" შეფასებისასაც აქვს ნათქვამი, რომ "პატიმრობის შეფარდების არანაირი საჭიროება არ იყო და მერე მადლობა ღმერთს, ეს გამოასწორეს".
ნიკოლაიშვილის თქმით, შერჩევით მართლმსაჯულების ეჭვები არსებობს და ეს ძალიან ცუდია. ის ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, წინა ხელისუფლების დროს გამწარებულმა ადამიანებმა თავად დაიწყონ ანგარიშსწორება. გამოსავალი კი ისაა, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი დამნაშავეები დაისაჯონ.
"ხალხს მართლა ახსოვს არათუ ერთი დარტყმა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებაც კი არ მოჰყოლია, არამედ სისხლს რომ ადენდნენ და მიტინგებიდან წამოსულებს სადარბაზოებში ხელკეტებით რომ სცემდნენ. ეს ახსოვთ და იმას ადარებენ. ისინი გვხოცავდნენ და არანაირი სანქცია არ იყო, ხოლო ჩვენი ერთი წამორტყმა რომ ისჯება, ესა უსამართლობააო.
"ამიტომაც, ამის წამალი და პრევენციაა, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველა კონკრეტულ დამნაშავეს დაუმტკიცონ დანაშაული და დასაჯონ. როგორც წინა ხელისუფლების, ისე ახალი ხელისუფლების დამნაშავეების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი რეაგირება უნდა იყოს.
"რახან ეს ხელისუფლება თვალს ხუჭავს იმ ძველ დამნაშავეებზე, იმიტომ, რომ ვიღაცამ ითანამშრომლა და რაღაც სამსახური გაუწია, ამიტომაა დაგროვილი ხალხში ეს უსამართლობის გრძნობა. ამიტომაც, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნება ამგვარი ანგარიშსწორება.
"თუ საერთოდ არ სჯი იმ ადამიანებს, რომლებიც ოპონენტებს მძიმე დაზიანებებს აყენებდნენ და ლამის სიკვდილის პირამდეც მიჰყავდათ, აქ კი მსუბუქი დაზიანებაც არ არის და მაინც ისჯებიან, ეს იწვევს უსამართლობის შეგრძნებას, რაც ისევ და ისევ ხელისუფლების ბრალია," - დასძენს ნიკოლაიშვილი.
იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ გვარამიას ინციდენტზე დეტალების არცოდნის გამო საუბარი რთულია, თუმცა პროკურატურა, მრავალი პოლიტიკური შეფუთვის მიუხედავად, ვერ ჩამოყალიბდა იმ ინსტიტუციად, რომელიც ობიექტურ, პოლიტიკისგან გამიჯნულ ინსტიტუტად დამკვიდრდება საზოგადოების თვალში და, მისი თვალსაზრისით, სწორედ აქიდან გამომდინარეა ყველა შეფასება, წუხილი და წინასწარი განწყობა, რომ პროკურატურა პოლიტიკის მონაწილე მხარეს წარმოადგენს.