"ამ ბოლო 120 წლის განმავლობაში საქართველოდან ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო სულ სამი მწერალი: გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოთარ ჭილაძე, მეოთხე მე გახლავართ. აქამდე ნობელის კომიტეტმა ვერც ერთი ქართველი მწერლისთვის ვერ გაიმეტა მსოფლიოს ეს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო. არც ჩემი მოკრძალებული ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობა და არც ჩემი მოკრძალებული შემოქმედება დიდ ოპტიმიზმს არ მიტოვებს იმისას, რომ მივიღებ ამ სანუკვარ პრემიას," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძემ, რომელიც ნობელის პრემიის ნომინაციაზეა წარდგენილი.
"რეზონანსი": ნობელის პრემიაზე თქვენი წარდგენის შესახებ პირველად ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან შეიტყო მკითხველმა და ალბათ საინტერესო იქნება, უფრო დაწვრილებით გაგვაცნოთ, როგორ მიდის პროცესი და როგორია თქვენი მოლოდინი?
რევაზ მიშველაძე: 2016 წელს გამოვიდა ჩემი ახალი რომანი "ციყვი ბორბალში". რომანი შეეხება 21 - საუკუნის პირველი ათწლეულის საქართველოს ცხოვრებას. შევეცადე მეჩვენებინა კომპლექსურად პრობლემათა უმეტესობა, რომელიც აწუხებდა და აწუხებს ჩვენი საუკუნის დასაწყისის მოქალაქეებს. თქვენი მკითხველი თვითონ მიხვედება, რა ეპოქაზეა საუბარი და რომელი ავანტიურისტების ზეობის ხანა მაქვს ჩემი თვალთახედვით დახატული. თუ ვინმეს გამეორება სჭირდება, ვიტყვი ორი სიტყვით, რომ ეს იყო 9-წლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს ხელისუფალი თეატრში არ შესულა, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოიღეს ყველა ეროვნული ნაწარმოები, გლობალიზაციის ბნელი ფარდა გადააფარეს ქართულ ეროვნულ კულტურას; ამას დავამატოთ უამრავი უკანონობა, რაც იმ დროს ხდებოდა, პიროვნებისა და ღირსების შეურაცხყოფა, რაზედაც საქართველოში დღესაც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ვერ იქნა და კატას ეჟვანი ვერ შეაბა.
გამომცემლობა "მაცნეს" მიერ დასტამბული ეს რომანი ელვის სისწრაფით გაიყიდა, ორი თვის განმავლობაში რომანი თარგმნა და გამოსცა რუსულმა გამომცემლობა "რუსკი კლუბმა". გამომცემლობა "მაცნემ", "რუსკი კლუბმა" და საქართველოს მწერალთა კავშირმა წარმადგინეს 2017 წლის ნობელის პრემიის ნომინაციაზე. დეკემბრის დასაწყისში გაიგზავნა საბუთები შვედეთის აკადემიაში, ნობელის კომიტეტში.
როგორც მაცნობეს, 2017 წლის ნომინანტებად ვითვლებით 307 მწერალი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ისიც წერია საპროგრამო განმარტებაში, რომ კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ნაშრომები დაურიგდებათ ლიტარატურის ექსპერტებს, მსოფლიოში გამოჩენილ კრიტიკოსებს და მაისში კონკურსანტთა რიცხვი 50-მდე დავა. ამის შემდეგ ნობელის საპრემიო კომიტეტის სხდომაზე ივნისში, სექტემბერსა და ოქტომბერში კიდევ მოხდება ნაშრომების გაცხრილვა და ბოლოს 2017 წლის დეკემბერის დასაწყისში ხუთი კანდიდატიდან ერთს შეარჩევენ.
არც ჩემი მოკრძალებული ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობა და არც ჩემი მოკრძალებული შემოქმედება დიდ ოპტიმიზმს არ მიტოვებს იმისას, რომ მივიღებ ამ სანუკვარ პრემიას, თუმცა ცდა ბედის მონახევრეა. ვერც უარი ვთქვი, მით უმეტეს, რომ ამ სამი უწყების ერთობლივ წარდგენებს წინ უძღოდა მწერალთა კავშირის მიერ ჩატარებული მკითხველთა გამოკითხვა, რომლის ძალითაც "ციყვი ბორბალში" 2016 წლის საუკეთესო რომანად იქნა აღიარებული.
რაც არსებობს ნობელის პრემიის კომიტეტი, ანუ ამ ბოლო 120 წლის განმავლობაში საქართველოდან წარდგენილი იყო ამ პრემიაზე სულ სამი მწერალი - გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოთარ ჭილაძე. მეოთხე მე გახლავართ. აქამდე ნობელის კომიტეტმა ვერც ერთი ქართველი მწერლისთვის ვერ გაიმეტა მსოფლიოს ეს უმაღლესი ჯილდო. დიდი კადნიერება იქნება ჩემგან ხელები გავიშვირო ამ პრემიისკენ, თუმცა არ დაიქცევა ქვეყანა, რომ ნობელის კომიტეტმა ერთხელ მაინც პატარა საქართველოსკენ, ღიმილით ვიტყვი, მოწყალე თვალით გადმოიხედოს.
"რ": წარმატება მინდა გისურვოთ, თუმცა საუბარი პოლიტიკურ თემებზე გავაგრძელოთ. "ნაციონალური მოძრაობა" 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები "ნაცმოძრაობაში"?
რ.მ: მეგონა 2017 წელი საქართველოსთვის უფრო მშვიდ ვითარებაში დაიწყებოდა. რა თქმა უნდა, ილუზია იმისა, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას ნამდვილად ველოდი.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს, მისი დაშლა ჩემთვის მოსალოდნელი იყო. ინერცია, რომელსაც 4 წლის განმავლობაში უნარჩუნებდა ამ პარტიას საზღვარგარეთ გაქცეული მათი ქარიზმატული ლიდერის წყალობით, ადრე თუ გვიან უნდა დამთავრებულიყო. მე ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული პრობლემებისადმი დიდად გაჯანსაღებული ტენდენციებით გამოირჩევა ის ფრთა, რომელიც სააკაშვილს გამოეყო, მაგრამ, როგორც ჩანს, "ნაცპოლიტიკოსები" გაიზარდნენ და მოინდომეს სააკაშვილისგან დამოუკიდებლად შეედგათ მხრებზე ნაციონალური გლობალიზაციის ტვირთი. უსამსახუროდ დარჩენილმა სააკაშვილმა, რომლის პოლიტიკური სახე ცნობილი ხდება მსოფლიოსათვის, მის ყოფილ თანამებრძოლებს თავისუფლად წასვლა არ აპატია და ეს გახლავთ მთავარი მიზეზი "ნაცმოძრაობის" რღვევისა.
მე რომ მკითხოს კაცმა, "ნაცმოძრაობის" ორივე ჯგუფი ერთი მედლის ორი მხარეა, მაგრამ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებსაც აქვთ თავისი პოლიტიკური სიმართლე; ბოლოს და ბოლოს სანამ უნდა იყვნენ ბელადის ტყვეობაში? იმ ბელადის, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად, რა რბილი და ლოიალური პოლიტიკური მასპინძლებიც არ უნდა ხვდებოდნენ, საქართველოში დაბრუნების შანსი არ გააჩნია. დღითი დღე ივსება ახალ-ახალი დოკუმენტებით სააკაშვილის ავანტიურისტული საქმიანობის დიდი საგამოძიებო წიგნი და დარწმუნებული ვარ, ხვალ თუ ზეგ მოვა გონიერი სამართალდამცავი, რათა ბოლოს და ბოლოს სამართალმა პური ჭამოს. რაც შეეხება 20 იანვარს გამართულ ყრილობას, ეს იქნება ლაი-ლაის მოყვარულ პოლიტიკოსთა მორიგი მყვირალა ყრილობა და მისი პოლიტიკური შედეგი აბსოლუტურად ნულის ტოლი იქნება.