2016 წლის პირველ 9 თვეში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 254 მლნ დოლარით გაიზარდა. იმის ნაცვლად, რომ ვალი შემსუბუქდეს, მთავრობა ტენდენციას არ ცვლის და ახალი ფინანსური ვალდებულებების წამოკიდებაზე უარს არ ამბობს. ამას ისიც მოწმობს, რომ სამთავრობო ვალი 263 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
2015 წლის 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, საგარეო ვალის მოცულობამ 1,503 მლრდ დოლარით მოიმატა. აქედან 399 მლნ დოლარი სამთავრობო ვალზე მოდის. ამ მხრივ აშკარად ცუდად მიდის საქმე, რასაც სპეციალისტების ერთი ნაწილი მთავრობის უპასუხისმგებლობით ხსნის.
"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტ პაატა შეშელიძისთვის მიუღებელია, რომ ქვეყანა საგარეო ვალს თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ან სხვა მიზნით იღებდეს. ამის გამო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით წლების შემდეგ, როცა დღევანდელი ხელისუფლება სათავეში აღარ იქნება და მათ მიერ აღებული ვალდებულებების გასტუმრება სხვებს მოუწევთ.
"ვფიქრობ, საგარეო ვალის ზრდა კარგი არ არის და ეს მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს. ძალიან თამამად იღებენ გადაწყვეტილებებს და არც ახალი ვალდებულებების წამოკიდება აშინებთ. შესაძლოა იმიტომაც, რომ მისი გასტუმრება დღევანდელი მთავრობის საქმე ნამდვილად აღარ იქნება. წავა ეს მთავრობაც და მათ მიერ დღეს აღებული ვალი რამდენიმე წლის შემდეგ სხვისი გასასტუმრებელი გახდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ სესხის აღება ქვეყნის სახელით, რადგან იციან, რომ ვალის გასტუმრების უშუალო პასუხისმგებლობა მათ არ აკისრიათ.
ჩემთვის მიუღებელია ასეთი პოლიტიკა. სხვადასხვა პროექტის განხორციელება კერძო ინვესტორების ხარჯზეც არის შესაძლებელი. მესმის, ჯერ კიდევ გვაქვს ლიმიტი, მაგრამ არ არის აუცილებელი, კრიტიკულ ზღვარს მივუახლოვდეთ", - აცხადებს შეშელიძე.
რაც შეეხება კერძო სექტორის ვალს, ეკონომისტის შეფასებით, ეს ნაკლებად საყურადღებოა, რადგან ვალს კერძო სექტორი იღებს გარკვეული გარანტიებით. ეს მათი პასუხისმგებლობაა, რომლის მიღმაც ორჯერ და სამჯერ მეტი ქონება და ფასიანი ქაღალდებია.
საგარეო ვალის ზრდას არც ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია იწონებს. მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკა არ არის იმ დონეზე, რომ მისი მომსახურება უპრობლემოდ შეძლოს.
"დღესდღეობით საგარეო ვალი ძალიან მაღალ ნიშნულზეა და მშპ-საც აღემატება. სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გათვალისწინებულია პროპორცია, რომლის თანახმადაც სამთავრობო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 60%-ს. ჯერჯერობით ეს ზღვარი დაცულია. დამატებითი სესხის აღების საშუალებაც გვაქვს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა არ არის იმ დონეზე, რომ სახიფათო ზღვარს მიუახლოვდეს.
სასურველი არ არის, რომ საგარეო ვალდებულებები გავზარდოთ, თუმცა არც საშინაო ვალის მატების მომხრე ვარ. ამ ეტაპზე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ახალი ვალის აღებას, ძველის გასასტუმრებლად. ესეც არ არის პერსპექტივაში სასურველი.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იზრდება კერძო სექტორის ვალიც, ეს უკვე საკმაოდ დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. როდესაც მისი დაბრუნების დრო დადგება, ქვეყნიდან უნდა გავიდეს დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა, რაც ლარს ყოველთვის გააუფასურებს.
ამჟამად 3 მლრდ დოლარის ვალი გვაქვს გასასტუმრებელი და საგარეო ვალის მომსახურებისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა. დარგობრივი ეკონომიკა თუ არ მოძლიერდება და ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მოცულობა არ მოიმატებს, ვალის გასტუმრება ძალიან გაგვიჭირდება.
გარდა ამისა, საგარეო ვალის გასტუმრების დინამიკა მომდევნო წლებშიც იმავე დონეზეა და საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწევს ყოფნა. კრიტიკული მდგომარეობა არ გვაქვს, რადგან შემოსულობები გაზრდილია, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდა არასასურველია, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.