თებერვალ-მარტში ენგურჰესი ვეღარ გამოიმუშავებს იმდენ დენს, რამდენსაც სეპარატისტული რეგიონი მოიხმარს
მარი ჩიტაია
11.01.2017

 სეპარატისტულ აფხაზეთს "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არ ყოფნის. ამის მიზეზი დენის მოხმარების არანორმალურად გაზრდილი მაჩვენებელია, რის შეკავებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ტენდენცია თუ გაგრძელდება, აფხაზეთის ჩაბნელების საფრთხე გარდაუვალია.

ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. სანამ სპეციალისტები ელექტროენერგიის მიწოდების მექანიზმზე ბჭობენ, მხარეები სამთავრობო დონის შეხვედრას გეგმავენ. ელექტრომომარაგების საკითხზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგნელს შეხვდება.

როგორც შპს "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, შეხვედრა 14-დან 20 იანვრამდე შედგება და კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მთავარი თემა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი იქნება, რაც უნდა დასტაბილურდეს.

"აფხაზების მხრიდან შეხვედრისთვის მზადყოფნა არის, რადგან თვითონაც ესმით, რომ მძიმე მდგომარეობაა", - აღნიშნა მებონიამ.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა უახლოეს პერიოდში გამწვავდება. "ამ თვეში ჯერჯერობით არის საკმარისი წყალი, თუმცა თებერვლის ბოლო და მარტის პირველი ნახევარი კრიზისული იქნება", - განუცხადა "ბიზნესკოტრაქტს" მებონიამ.

როგორც წესი, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთზე ნაწილდება, ხოლო 60% საქართველოს ენერგოსისტემაში რჩება. თუმცა, ზამთარში ვითარება კარდინალურად იცვლება და სეპარატისტებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლაიანდ მიაქვთ. ამ დროს საქართველოს ენერგოსისტემას ყოველთვის დეფიციტი აქვს და იძულებულია, თბოსადგურების ძვირი დენი და იმპორტი მოიშველიოს.

როგორც 2016 წლის ნოემბრის ენერგობალნსიდან ჩანს, "ენგურჰესმა" გამოიმუშავა 234 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, აქედან 196 მლნ კვტ/სთ სეპარატისტებმა წაიღეს. შემოდგომის ბოლო თვე კრიზისული არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ზამთრის თვეებსა და მარტზე. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცხადია, რომ სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაცილებით მეტი იქნება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თებერვალ-მარტში ენგურის წყალსაცავში წყლის დონე ეცემა და ჰესი უფრო და უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს ჩანს კიდევაც წინა წლის იანვრის მონაცემიდან. თუკი 2016 წლის იანვარში ენგურჰესმა 205 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, თებერვალში იმის გამო, რომ წყლის დონე შემცირდა, გემომუშავება 139 მლნ კვტ/სთ-მდე ჩამოვიდა. მარტში ეს მაჩვენებელი 155 მლნ კვტ/სთ-ს არ აღემატებოდა.

ფაქტია, რომ ზამთარში ქვეყნის მთავარ ჰესზე ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებს მოხმარების მადა უძლიერდებათ. ამგვარი ტენდენცია თუ გაგრძელდება, აფხაზეთის ჩაბნელება გარდაუვალია.

როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა "რეზონანსთან" აცხადებს, აფხაზები მდგომარეობის შეცვლას არც მოინდომებენ, რადგან ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო არ გააჩნიათ და ვერც შექმნიან.

"არავითარი შანსი არ არსებობს, რომ საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის გარეშე რამე მოახერხონ. ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთიდან განახორციელონ იმპორტი, მაგრამ მაშინ დენის ყიდვა მოუწევთ, ჩვენგან კი უფასოდ იღებენ.

როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის გადასახადი დაუწესდეს. ეს, თავის მხრივ, მოხმარებას შეამცირებს და მათთვის ენგურჰესიდან მიწოდებული ელექტროენერგია საკმარისი იქნება. ჩემი აზრით, ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის უნდა მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ზამთარში გამომუშავებულ ელექტროენერგიას მთლიანად დე ფაქტო ტერიტორია წაიღებს, ზაფხულში კი - გაიყოფა", აცხადებს ჭითანავა.

ენერგეტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორი მოხმარების შემთხვევაში, აფხაზეთს საკმარისი დენი ექნება.

"დისტრიბუცია უნდა ამუშავდეს, მოხდეს გამრიცხველიანება და გაჩნდეს პასუხისმგებელი ორგანიზაცია, რომელიც ამოიღებს მოსახლეობისგან ფულს. ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ანგარიშგება მოხდეს", - დასძენს ანზორ ჭითანავა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ენგურჰესიდან უფასო ელექტროენერგიას იღებს, მოსახლეობა გადასახადს მაინც იხდის. ამისთვის დე ფაქტო რეგიონში სტანდარტული ტარიფი მოქმედებს და ყოველთვიურად თითო ოჯახზე 15 ლარით განისაზღვრება. 3 წლის წინათ ეს გადასახადი 5 ლარი იყო. არასაკმარისი ელექტროენერგია, რომელზეც ქართული მხარე საუბრობს, დიდწილად მოსახლეობის მხრიდან მოხმარების დაუდევრობას უკავშირდება.

დამაფიქრებელია სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წელს, 2007 წელთან შედარებით, დაახლოებით 55%-ით არის გაზრდილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×