პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ ყველაფრით მოგებული მხოლოდ ხელისუფლება იქნება, რადგან მას კონკურენტუნარიანი ოპონენტი აღარ დარჩა. "ნაცმოძრაობისაგან" დარჩენილი ნაწილები კი, ცინცაძის აზრით, ვერანაირ წარმატებას ვეღარ მიაღწევენ და ეს 2017 წლის შუალედურ არჩევნებშიც გამოჩნდება.
მთავარი ოპოზიციის სტატუსის მქონე პარტიაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ამბიციებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ წევრთა უმეტესობას თავი სააკაშვილის შემცვლელად წარმოუდგენია. რეალურად კი, მისი აზრით, გაყოფის შემდეგ პარტიისაგან დარჩენილი ნაწილების რეიტინგი ისე დაეცემა, რომ პარლამენტში შესვლას ვეღარასოდეს შეძლებენ.
"რეზონანსთან" ინტერვიუში ცინცაძე კვლავ გააქტუალურებულ ფარულ მოსმენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის უინტერესოა.
სოსო ცინცაძე: დიდი ალბათობით, ძალოვან სტრუქტურებს ამ ე.წ "გასაღებს" ვერ წაართმევენ, ოღონდ კონტროლის მექანიზმი პარლამენტს გადაეცემა. ახლა დეტალებია გასარკვევი. პარლამენტში ვის გადაეცემა - მთელ პარლამენტს თუ კონკურეტულ ჯგუფს ან კომიტეტს? ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენად ჩაერთვებიან? პრლამენტისაგან კონტროლი რომ გამკაცრდება, ეს ზოგადი ნათქვამია.
ქართული რეალობის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, ეს იმის მაქსიმუმია, რის გაკეთებასაც არასამთავრობო სექტორი შეძლებს. იდეალური, რასაკვირველია არ არის, მაგრამ რეალობა ასეთია.
"რეზონანსი": ანუ, საბოლოო ჯამში შედეგის ცვლილებას ნაკლებად ელით?
ს.ც: მთავარი ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობის 99%-ს ეს პრობლემა აბსოლუტურად არ ადარდებს. არ აინტერესებთ, თუ ვის უსმენენ. მათგან მოსასმენი რა არის? ხალხი სატელეფონო საუბრისასაც იმაზე წუწუნებს, რომ ცხოვრება ძვირდება, ლარი უფასურდება, წამლების ყიდვა შეუძლებელი ხდება და ა.შ. ეს საიდუმლო ვისთვისაა? ამას ფარული მოსმენა რად უნდა? ამიტომაც არ აინტერესებს რიგით მოქალაქეს უსმენენ თუ არა. მადლობა ღმერთს, კრიტიკული აზრის გამოთქმისათვის დღეს ციხეში აღარავის სვამენ და ამიტომ არ აწუხებს ეს საკითხი ხალხს.
იქნებ მეტად რომ მოუსმინონ ხალხს, ეგეც კი სჯობდეს. მერე იქნებ ჩვენი ნეტარმორწმუნე, თვითდაჯერებული "მეოცნებეები" აღარ გამოვიდნენ და აღარ თქვან, რომ მოსახლეობა კარგი ცხოვრებისაგან აღფრთოვანებულია.
"რ": ანუ, მოსახლეობის მთავარი სატკივარი 2017 წელსაც სოციალური პრობლემები იქნება?
ს.ც: დიახ, უმუშევრობა, ლარის კურსი, სიძვირე და ა.შ. ყველაფერი თვალსა და ხელს შუა ძვირდება. ასევე მოსახლეობის ის უნდობლობა მთავრობის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად კატასტროფულად იზრდება. ნდობის პრობლემა უკვე დგას.
ანდა როგორ უნდა ენდოს ხალხი მთავრობას, როცა საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ ლარის დევალვაცია კარგია, რადგან ჩვენი ექსპორტი ამით უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.
ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ლარი არ უფასურდება, რომ ეს ჭორი და ტყუილია. თითქოს მოსახლეობა დაბრმავდა და ყოველ ნაბიჯზე გახსნილ სავალუტო ჯიხურებთან გამოფენილ აბრებს ვერ ხედავს.
ასე რომ, მოსახლეობას ის კი არ ადარდებს უსმენენ თუ არა, არამედ ის, თუ რა ჭამოს. გრიპის ეპიდემია რომაა, ბავშვებს წამალი რითი უყიდოს. კარგია, რომ ოჯახის ექიმთან მისვლა უფასოა, ესეც შეღავათია, მაგრამ ექიმი წამალს რომ დაგიწერს, მის ყიდვას პენსიონერის ორი თვის პენსია სჭირდება. მოსმენები ხალხისთვის პრიორიტეტი ნამდვილად არაა, ამის ასე წარმოჩენას ხელოვნურად ცდილობენ. ხალხს სულ სხვა რამ აწუხებს.
"რ": "ნაცმოძრაობის" გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია - 12 იანვარი. პარტია ისე დაიშალა, რომ მათ ერთობლივი ყრილობის ჩატარებაც კი ვერ შეძლეს. ელოდით, რომ მოვლენები ასე სწრაფად განვითარდებოდა?
ს.ც: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხარაკირი ჩაიტარა. ეს პარტია გაიყოფა და ეს მისი პარლამენტში ყოფნის უკანასკნელი წლები იქნება. ვეჭვობ, მომავალ არჩევნებში მისგან დარჩენილმა ნაწილებმა ბარიერი გადალახონ. არც ერთ მათ ლიდერს არ აქვს იმის რესურსი, რომ მომავალ არჩევნებში განახევრებულ პარტიას ბარიერი გადაალახვინოს.
"რ": თქვენი აზრით, სააკაშვილის მხარეს დარჩენილებსაც აღარ ექნებათ იმის შანსი, რომ პარლამენტში მოხვდნენ?
ს.ც: არა, მის მხარეს დარჩენილებს ამის შანსი მანამ არ ექნებათ, სანამ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არ შეძლებს. პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მას ლიდერი უცხოეთიდან მართავდეს. მითუმეტეს საქართველოში, სადაც ყოველ მეორე პოლიტიკოსს ლიდერობის ამბიცია აქვს.
"ნაცმოძრაობაშიც" ალბათ 50-60 ადამიანს მაინც სჯერა, რომ სააკაშვილზე უკეთესი ლიდერი იქნება. თუმცა, ქარიზმით არც ერთი გამოირჩევა. ამიტომ, ამ გაყოფით ვერც სააკაშვილის მომხრეები და ვერც მოწინააღმდეგეები ვერაფერს იხეირებენ.
"ნაციონალებს" რომ ჰკითხოთ, ნომერი პირველი პროდასავლური პარტია აქვთ. ის კი ავიწყდებათ, რომ პროდასავლური ცივილიზებულსაც ნიშნავს. მოუსმინეთ მათ - ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან, შეურაცხყოფას აყენებენ და ა.შ. ესაა მათი პროდასავლური ფასეულობები და ღირებულებები? თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. 12-ის მერე ნახეთ, რა ეპითეტებით შეამკობენ ერთმანეთს.
"რ": გიგი უგულავას ლიდერობის პოტენციალზე რას ფიქრობთ?
ს.ც: არ ვიცი, როგორ მოევლინება გიგი უგულავა პარტიას - მეხანძრე იქნება თუ ამფეთქებელი. ანუ, ხანძრის ჩასაქრობად გამოვიდა თუ გაყოფის დასასრულებლად და სიტუაციის ასაფეთქებლად. მესამე ვარიანტი აქ არ არსებობს.
ის, რაც "ნაცმოძრაობაში" ხდება, მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობს. ესაა ძლიერი დარტყმა ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული განვითარებისათვის. საქართველოში კიდევ რომ იყოს ორიოდე პარტია მისი რესურსის მქონე, პარლამენტში ამიდენივე წარმომადგენელი ჰყავდეს და ა.შ. მაშინ ეს ტრაგედია არ იქნებოდა.
არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, დღეს ერთადერთ ძლიერ ოპოზიციურ პარტიას ეღება ბოლო. საქართველოში ძლიერი ოპოზიციური პარტია აღარ იქნება.
"რ": ანუ, ხელისუფლება ოპონენტის გარეშე რჩება?
ს.ც: რასაკვირველია. მომავალ არჩევნებში ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია მაჟორიტარული სისტემაც გააუქმოს და უფრო ნორმალურადაც ჩაატაროს, შეკითხვები რომ აღარავის დარჩეს. ანუ, მოხდება ის, რაც დღეს რუსეთში ხდება - მხოლოდ ერთი პარტია იარსებებს. თუმცა, რუსეთში ერთპარტიულობა პუტინის "დამსახურებაა", ჩვენთან კი - თავად "ნაციონალების". განსხვავება ამაშია.
მე "ნაციონალები", სააკაშვილის მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც, უფრო ჭკვიანები მეგონენ. დათო ბაქრაძეც უფრო მტკიცე ადამიანი მეგონა.
"რ": რას გულისხმობთ?
ს.ც: ამ გაწონასწორებულმა და ინტელექტუალმა კაცმა დემაგოგიის შიშს ვერ გაუძლო და უმცირესობის ლიდერობაზე უარი თქვა. არადა, ის უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ სააკაშვილი ჩამოვიდოდა და პარტიას კვლავ სათავეში ჩაუდგებოდა, თუკი ეს დრო ოდესმე დადგა.
იმის შიშით, რომ დემაგოგები გალანძღავდნენ და სააკაშვილის მტერს დაუძახებდნენ, ბაქრაძემ ამაზე უარი თქვა, შინაგანი სიმტკიცე არ ეყო. ამან ხელი შეუწყო იმ ადამიანების ამბიციების კორიანტელს, რომელთაც ლიდერობის მონაცემები არ აქვთ.
"რ": ვის გულისხმობთ?
ს.ც: მთელი ჯგუფია ასეთი, ჩამოთვლა არ მინდა. ვინც დღეს აცხადებს, რომ გაყოფის ალტერნატივა არ არსებობს. გაყოფა იმიტომ უნდათ, რომ თავად იყვნენ ლიდერები. იგივე ხდება, რაც დანარჩენ ოპოზიციაში - 2-3 კაციანი პარტიები იმიტომ ვერ ერთიანდებიან, რომ ყველას ლიდერობა უნდა. წინა არჩევნების დროს იყო გაერთიანების შანსი, მაგრამ ლიდერზე ვერ შეთანხმდნენ. ესაა უსაფუძვლო ამბიციები.
ჩვენთან 50-60 აქტიური პარტიაა და ყველას ლიდერი ჰყავს. თითოეული მათგანი არჩევნში 1%-საც ვერ აგროვებს, მაგრამ ლიდერები ხომ ჰქვიათ?! მთავრობისაგან კაპიკებს იღებენ. ვერ გეტყვით, ამბიციებს არიან გადაყოლილი თუ ეს კაპიკები მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ხდება.
"ნაცმოძაობასაც" იგივე ელის. ამ პარტიის ელექტორატის უმეტესობა პირადად სააკაშვილის ამომრჩეველი იყო. მათში ფანატიკოსებიც არიან და მოაზროვნეებიც. მოაზროვნე ნაწილი ხედავს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტიაში ერთმანეთი უცებ დაჭამეს.
სხვათა შორის, "ოცნებაშიც" ქარიზმატული ლიდერების დეფიციტია. არავინაა ისეთი, ვისაც ხალხი გაჰყვება. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური პოდიუმი მოიწმინდა. "ნაციონალების" ასეთი მოქმედება, თანაც ასეთი რადიკალური ფორმებით, ყველაფერს უსვამს ხაზს.
ეტყობა, ვერ ფიქრობენ, თუ როგორ კარგავენ ხალხის თვალში ნდობას. იმ მინიმალურ ნდობასაც კი, რაც ჰქონდათ. ამას პირველივე არჩევნები დაადასტურებს.