ელზა პაპოშვილი
11.01.2017

 ვანის რაიონის ყულეს თემში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 18 წლის ახალგაზრდამ, შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი ძმა სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოჩხუბარი ძმები მშობლებმა გააშველეს, თუმცა 18 წლის ახალგაზრდამ ჩხუბიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ძმას ეზოდან დაუძახა, რომ გარეთ გამოსულიყო. აივანზე გამოსულ 24 წლის კაცს ძმამ თოფიდან რამდენიმე ტყვია ესროლა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ცოლ-შვილთან ერთად მეზობელ სოფელში ცხოვრობდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არცერთი ძმა ნასამართლევი არ ყოფილა და ორივე სოფელში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.

ნასვამ ძმებს შორის დაწყებული კონფლიქტის ასეთი ტრაგედიით დასრულების მიზეზს მეზობლები ვერაფრით ხსნიან. მათი ინფორმაციით, გადაცვლილსა და ეჭვმიტანილს შორის, მსგავს დაპირისპირებას ადგილი აქამდე არ ჰქონია.

"საშინელი უბედურება მოხდა. ძმამ საკუთარი ძმა მშობლების თვალწინ სანადირო თოფით, დაუნდობლად მოკლა. ზუსტად ვერავინ იხსენებს, მათი დაპირისპირების მიზეზი რა გახდა.

"სახლში მშობლებთან ერთად ყოფილან, ძმებს უქეიფიათ და დალევის შემდეგ ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებულან. შელაპარაკებას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყოლია.

"უფროს ძმას უმცროსი უცემია. გარდაცვლილი ფიზიკურად უფრო ძლიერი ბიჭი იყო. მოჩხუბარი ძმები მშობლებს გაუშველებია. თუმცა, უმცროსი გარეთ გამოსულა... არავინ იცის, სანადირო თოფი საიდან მოიტანა. ძმისთვის ეზოდან დაუძახია, გარეთ გამოიხედეო.

"ისიც ავიანზე გასულა, გასვლა და სროლა ერთი ყოფილა. მშობლების თვალწინ მოკლა. თანაც რამდენიმე ტყვია უსვრია. სანამ სასწრაფო მოვიდა, საწყალი ბიჭი მშობლებს ხელში ჩააკვდა.

"მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმა პოლიციას თავად ჩაბარდა, არც კი გაქცეულა. წარმოუდგენელია, ძმებს შორის ასეთი რა დაპირპისპირება მოხდა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა. სოფელში ორივე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ჩვეულებრივი მშრომელი ბიჭები იყვნენ," - ამბობს სოფელ ყულეს მაცხოვრებელი ლევან ღვინიანიძე.

სოფლის მცხოვრები კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ 18 წლის მამაკაცს ძმა განზრახ არ მოუკლავს და ეს მხოლოდ აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. ხოლო როდესაც გაიაზრა რა მოხდა, პოლიციას სანადირო თოფით ხელში თავად ჩაბარდა. მეზობლის თქმით, მათი კონფლიქტის მიზეზი ალკოჰოლით თრობა გახდა, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა.

"ბოლომდე ვერავინ იხსენებს, ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი რა გახდა. ზოგმა ისიც თქვა, რომ ძმის მოკვლა კი არა შეშინება უნდოდა და სიბნელეში ვერ დაინახაო. ჰაერში გასროლის მაგივრად ძმას მოარტყა და უბედური შემთხვევით დასრულდა. არ მჯერა, რომ მან ძმა განზრახ მოკლა.

"მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გასაყოფიც არაფერი იყო, რომ მათი კონფლიქტის მიზეზი ქონება გამხდარიყო. ორივეს საკუთარი სახლი ჰქონდა. ამიტომაც მგონია, რომ მათი ჩხუბი მაინც ალკოჰოლური თრობით იყო გამოწვეული, რაც ბოლოს დიდი უბედურებით დასრულდა," - ამბობს ძმების კიდევ ერთი თანასოფლელი, ვანო ნოზაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 18 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×