ეკატერინე ბასილაია
11.01.2017

 აფხაზეთში კულტურის ძეგლების განადგურება გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად ყ|ყ საუკუნის ნახევრად დანგრეული საყდარი და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს. საუბარია იმაზეც, რომ პოლიგონის ახლოს მდებარეობს წებელდას ისტორიული ციხესიმაგრე, რომელსაც ასევე განადგურება ემუქრება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, პაატა დავითაიას თქმით, აფხაზეთში ქართულ ისტორიულ ძეგლებს სეპარატისტები მუდმივად ერჩიან და ცდილობენ ქართული წარწერები და ქართული კულტურის ნიშნები წაშალონ და გადააკეთონ. თუმცა აქ ტაძრის დანგრევის გარდა პრობლემატური ისაა, რომ წებელდაში არსებული პოლიგონის გაფართოება ხდება და შემდეგ ასევე მოხდება სამხედრო ბაზის მშენებლობაც, რითაც რუსები და აფხაზები ცდილობენ, ყაბარდო-ბალყარეთის მიმართულებით სამხედრო გზის მშენებლობა დაიწყოს.

"ამით მოხდება რუსეთთან დაკავშირება. სამხედრო თვალსაზრისით საუბარია იმაზე, რომ ეს გზა არა მარტო სოხუმის მიმართულებით ჩაიყვანს რუსებს, არამედ კოდორს ხეობიდან პირდაპირ ზუგდიდის მიმართულებით. ეს გზა სტრატეგიული მიმართულებისაა და შემოვლით შესაძლებლობა მიეცემათ პირდაპირ ზუგდიდს დაადგნენ თავზე. დღეს რუსი ზუგდიდში რომ ტანკით შემოვიდეს, ჯერ სოხუმში უნდა შევიდეს, შემდეგ უნდა ავიდეს მთაში და მთიდან ჩამოვიდეს. ეს გზა როცა გაიხსნება, გზას იმოკლებს და სოხუმში შესვლის გარეშე მთიდან პირდაპირ მოკლე გზით ჩავა ზუგდიდში," - აცხადებს დავითაია.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ როგორც ჩანს, რუსები ცდილობენ ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზარდონ და განახორციელონ ის აგრესიული გეგმა, რომ ეს ტერიტორია არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატო-ს წინააღმდეგაც გამოიყენონ. ამიტომაც იგივე ეკლესიის დანგრევა და პოლიგონის გაფართოება და ასევე სამხედრო ინფრასტრუქტურების კიდევ უფრო განვითარება აქტიურად დაიწყეს.

"რუსები წმენდენ ტერიტორიას, რომ იქ შესაბამისი ახალი სამხედრო პოლიგონი განათავსონ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებაც კი მოსთხოვონ და გადაასახლონ სხვაგან. სხვათა შორის, სერგეი შოიგუმ 2016 წლის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წელს მოწინააღმდეგეებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი სიურპრიზებით აღსავსე გეგმების განხორციელება მოხდება. როგორც ჩანს, გეგმების ერთ-ერთი პოლიგონი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია იქნება," - აღნიშნავს მაისაია.

ცნობისათვის, "ეხო კავკაზას" ცნობით, 3 იანვარს სოფელ წებელდაში ბულდოზერით სრულად მიწასთან გაასწორეს მე-19 საუკუნის ნახევრად დანგრეული ეკლესია და პოლონელების სასაფლაო.

ეს ტერიტორია 2011 წელს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, რათა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებები ჩაეტარებინათ. მოგვიანებით ტერიტორია მესაზღვრეებს გადაეცათ, რომლებმაც სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. სწორედ ამ მიზნით 3 იანვარს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გაიგზავნა და დაიწყო ნგრევაც.

სოფელ წებელდას დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივები ამ ტერიტორიას წმინდა ადგილად მიიჩნევენ და ცდილობდნენ დაეცვათ ის. ნანგრევების ნახვის შემდეგ კი აღშფოთებული არიან და მათი დაჟინებული მოთხოვნით სამუშაოები შეწყდა. ადგილზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც გამოიძახეს. თუმცა ექსპერტების აზრით, ეკლესია და სასაფლაო უკვე დანგრეულია და მისი აღდგენა შეუძლებელია.

 თუმცა დე ფაქტო კულტურის მინისტრის მოადგილე ბათალ კობახია აცხადებს, რომ საფრთხე ემუქრება ასევე პოლიგონის მახლობლად მდებარე წებელდას ისტორიულ ციხესიმაგრესაც და მისი შენარჩუნებისთვის რამე უნდა იღონონ.

ის ასევე ამბობს იმასაც, რომ სამუშაოები ჩატარდა სადღესასწაულო დღეებში, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქ დარღვევებია და ამ ადამიანებს კარგად ესმოდათ, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე ისტორიულ და მომორიალურ ობიექტებს ანადგურებდნენ.

უფრო მეტიც, ბათილ კობახია აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია იმართება სამხედრო წვრთნები, რომელსაც სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი უსიამოვნება მოაქვს და საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას. ხშირია მოკლული შინაური პირუტყვები და სროლებისგან დაბზარულია საცხოვრებელი სახლის კედლები. მათ არაერთხელ საჩივრით მიმართეს რაიონის ხელმძღვანელობას, მთავრობას, სამხედროებს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების გამო აღშფოთება გამოთქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მას შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი უწოდა.

მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება.

საგულისხმოა ის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლებს ერჩიან. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ასე რუსულ სტილზე შეღებეს და გადააკეთეს ბედიის, ილორისა და დრანდის ტაძრები, რის გამოც გაანადგურეს ფრესკები, მათ შორის ბედიის ტაძარში განადგურდა ბაგრატ მესამის ფრესკაც. ასევე ხშირია "შავი არქეოლოგია" და ხატების გატანა.

"წებელდაში ამჯერად საუბარია ტაძრის ნანგრევების სრულად განადგურებაზე რუსების მხრიდან. ამით ქართული კვალის წაშლა ხდება და ამიტომაცაა, რომ ეს აფხაზებს არც ანაღვლებთ. პირიქით, აფხაზებს უხარიათ, რომ კოდორის ხეობის მიმართულებით სამხედრო ბაზა იქნება," - ამბობს პაატა დავითაია, რომელიც იმ ხიფათებზე საუბრობს, რომელიც ამ პოლიგონის გაფართოებას მოჰყვება.

მისი თქმით, აფხაზეთში რუსული სამხედრო კონტინგენტი იზრდება, განსაკუთრებით ეს ეხება კოდორის ხეობის მიმდებარედ, თუნდაც იმავე გულრიფშის რაიონს და ეს კითხვებს აჩენს.

"რატომ იზრდება კონტიგენტი კოდორის ხეობაში, რა ხდება? იქ ლანდშაფტი მძიმეა, ზამთარში გზები იკეტება და რა უნდ იქ ჯარს, თუ ის რაღაც მიზნებისთვის არ მზადდება? რუსებს რომ დაჭირდეთ და ჯარების გადაადგილება თუ დაიწყება, წებელდაში სამხედროების განლაგებისა და ასევე ყაბარდო-ბალყარეთის გზის მშენებლობის შემდეგ უმოკლესი გზით მთიდან წაადგებიან ზუგდიდს. წებელდაში არა მარტო პოლიგონი ფართოვდება, არამედ სამხედრო ბაზის მშენებლობაც იგეგმება. ეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტად გადაიქცევა," - ამბობს დავითაია.

ის ამბობს, რომ დღეს სამხედრო ბაზები ყველაზე მეტად გალში შენდება. უკვე არის 4 სამხედრო ბაზა და მას კიდევ 5 უნდა დაემატოს, ასევ შენდება სამხედრო აეროდრომიც. გულრიფში კი არის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ზოლი და განლაგებულია ჯარი, თუმცა ჯერჯერობით სამხედრო ბაზა არ არის. ახლა კი სამხედრო ბაზაც შენდება.

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 - ათასიანი რუსული საარმიო დაჯგუფება უნდა განთავსდეს და ამიტომაც არაერთი სამხედრო პოლიგონის თუ ბაზის მშენებლობა-გაფართოება ხდება.

"გამორიცხული არ არის, რუსებმა ბაზების მახლობლად მოსახლეობა გაასახლონ. იმიტომ, რომ რუსებმა უკვე მოახდინეს კულტურული ძეგლის განადგურება ყოველგვარი აპელაციის გარეშე და ასევე ვიცით, რუსებმა როგორ გაანადგურეს ჩვენი სოფლები ცხინვალის რეგიონში, თამარაშენისა და ლიახვის ხეობის სხვა სოფლები როგორ გადაწვეს და შემდეგ ნამოსახლარებზე რაც ააშენეს, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ შედარებას. თამარაშენში აშენებულია სამხედრო აეროდრომი და განთავსებულია საზენიტო შენაერთი და სამხედრო ქალაქის განთავსება ცხინვალში უკვე მიმდინარეობს. დაახლოებით იგივე გეგმა არსებობს გალის რაიონის მიმართაც. რომც არ გაასახლონ ადგილობრივები, პოლიგონებზე წვრთნების გამო მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება," - მიიჩნევს მაისაია.

მისი თქმით, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ვერ აკონტროლებს რუსეთის ქმედებას, რუსების მიმართ წნეხის ბერკეტი არ გააჩნია არც საქართველოს, ამიტომაც რუსებმა სრული კარტ-ბლანში მიიღეს და როგორც მოეპრიანებათ, ისე მოქმედებენ.

"ჩვენ ამ ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ და ელემენტარული ბერკეტიც არ გაგვაჩნია. ერთი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ იუნესკო-ს მივმართოთ, რომ მათი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ჩაერთონ პროცესში. ისტორიული ობიექტების მიმართ არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს. მხოლოდ ეს მიმართვა შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლის სხვა ბერკეტი არ არსებობს. დასავლეთს ეკონომიკური სანქციები ისედაც გამოცხადებული აქვს და ამაზე იქით ისინი არ მიდიან. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ რუსეთზე წნეხის რეალური საშუალება გამოლეულია," - დასძენს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×