"ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენს გუნდში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით, როგორც საპარლამენტო უმცირესობა და, ასევე, მთავარი ოპოზიციური ძალა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ე.წ ბოკერია-უგულავას ფრთის მომხრე, პარტიის წევრი სერგი კაპანაძე.
სერგი კაპანაძე: ყველასთვის ცნობილია, რომ გიგი უგულავა, რაც გამოვიდა ციხიდან, ცდილობს სააკაშვილთან და მის მომხრებთან მოლაპარების წარმართვას იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა შანსი, რომ მოხდეს შეთანხმება და ერთიანობის შენარჩუნება.
თუ ეს ვერ მოხერხდება და, როგორც ჩანს მზადყოფნა არ არის, ასეთ შემთხვევაში იმ ჯგუფს, რომელსაც პრინციპული უთანხმოება აქვს როგორც სააკაშვილთან, ასევე მის მომხრეებთან, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას - მოხდეს პარტიის გაყოფა.
"რეზონანსი": და როდის გადაწყდება ეს ყველაფერი საბოლოოდ - ყრილობაზე თუ მანამდე?
ს.კ: ამ დღეებში გადაწყდება ეს ამბავი.
"რ": თქვენ პირადად შეურთდებით გიგა ბოკერიას პარტიას თუ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე გააგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას?
ს.კ: დამოუკიდებელი დეპუტატი არ ვიქნები. ამ გუნდს შევუერთდები.
"რ": არის რაღაც შანსი, რომ მოხდეს ერთობის შენარჩუნება? რაზე ისუაბრეს სააკაშვილმა და უგულავამ?
ს.კ: შანსი არ არის მაღალი, მაგრამ ვცდილობთ ამის გამოყენებსაც და მე მგონი, ამით არაფერი დაშავდება.
"რ": და გაყოფის შემთხვევაში წარმატების რა შანსები გაქვთ, თქვენი აზრით?
ს.კ: არ დაგავიწყდეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენს გუნდში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ასევე მთავარი ოპოზიციური ძალა.
"რ": პარტიის სახელს რაც შეეხება, გამოითქმება თუ არა ამაზე პრეტენზია?
ს.კ: ამ დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან.