"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკანორ მელიას თქმით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 30 ნოემბერს მიიღო. მისი თქმით, ბოკერია ახლა ხელსაყრელ დროს ელოდება, რომ "პარტიის კარი ხმაურით გაიჯახუნოს". მისი აზრით, ბოკერიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო - იცის, რომ ვერ შეძლებს პარტიის სათავეში ყოფნას.
ნიკა მელია: მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში წააგო და დარწმუნდა, რომ პარტიის მართვას ვეღარ შეძლებდა, დაიწყო დაკარგული ძალაუფლების არშეგუების პოლიტიკა.
იციან, რომ 7 ათასი დელეგატით ყრილობაზე მათ მიერ დაყენებული ყველა საკითხი ჩავარდება, ამიტომ მიიღეს იძულებითი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. ახლა შესაბამის მომენტს ეძებენ, რომ კარები ხმაურით გამოხურონ.
ამ ყველაფრის შემდეგ კი დაიწყეს უბრალოდ მავნებლობა, ცენტალური ოფისიდან გაათავისუფლეს ყველა ის ადამიანი და ასევე საპარლამენტო სიიდან ამოწერეს ყველას ის აქტიური წევრი, ვინც გიგა ბოკერის მხარს არ უჭერდა. ბოკერიას "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეობოდან ჩემი გადაყენებაც სურდა, რადგან მას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
ერთი სიტყვით, გიგა ბოკერიამ ჩაიდინა ყოვლად წარმოუდგენელი ქმედებები. ეს არის სწორედ ის, რაც საზოგადოებას არ მოსწონდა "ნაციონალურ მოძრაობაში". მას სახელისუფლებო ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომკეტავდა.
"რეზონანსი": ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოკერია და მისი თანაგუნდელები პარტიას ამ დღეებში დატოვებენ და ყრილობას აღარ დაელოდებიან...
ნ.მ: მათ უნდათ, რომ პარტია ყრილობამდე დატოვონ. 20 იანვარს გაიმართება ყრილობა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან დელეგატები ყველა რეგიონიდან და განისაზღვრება ამ პარტიის მომავალი - სწორედ ეს იქნება პარტიის ნამდვილი განახლება. გიგა ბოკერიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ერთი მიზეზით - წააგო კენჭისყრა პოლიტიკურ საბჭოზე, დარწმუნდა, რომ პარტიას ვერ მართავს და ვერ იქნებოდა ადამიანი, რომელიც რასაც იტყოდა, ის გაკეთდებოდა.
"ნაციონალური მოძრაობა" არის გუნდი, რომელიც ანგარიშვალდებულია 500 - ათასიანი ამომრჩევლის წინაშე და არა ბოკერიას წინაშე.
"რ": უგულავამ და სააკაშვილმა რაზე ისაუბრეს, თუ გაქვთ ინფორმაცია?
ნ.მ: სააკაშვილსა და უგულავას შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოკერიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. გიგი უგულავა კი გიგა ბოკერიას გუნდის წევრია და რა მოლაპარაკებაზე შეიძლება საუბარი, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ?! ამიტომ ეს საზოგადოებისთვს თვალის ასახვევად კეთდებოდა. მათ ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი დაადგებიან.
"რ": და თქვენი აზრით, სად ვიხილავთ თქვენს თანაგუნდელებს?
ნ.მ: ჩემი აზრით, მათ ექნებათ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ვერანაირად ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ჩემი ვარაუდით, მათ სერიოზული პრობლემა ექნებათ ბარიერის გადალახვისაც კი.
"რ": რაც შეეხება პარტიის სახელს, როგორც ბრენდს, ამასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრეტენზიები გამოითქვას?
ნ.მ: 20 იანვარს "ნაციონალური მოძრაობა" ატარებს ყრილობას, რომელიც გადაწყვეტს ამ პარტიის ბედს და უკვე 21 იანვრიდან ახალ მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბრებთ და დავიწყებთ შესაბამის მოქმედებას. სხვა ვერაფერს ვიტყვი.