თიკო ოსმანოვა
13.01.2017

 უახლოეს მომავალში აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება, რის შემდეგაც ყოფილი მედიამაგნატი ქვეყნის მართვას უკვე ოფიციალურად შეუდგება. ჯერ კიდევ გაურკვეველია რა პოლიტიკას გაატრებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა როგორც ანალიტიკოსი ირაკლი კიკიანი ამბობს, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.

"ამერიკა არის დემოკრატიული ქვეყანა და ლიდერების შეცვლა არ იწვევს საგარეო პოლიტიკის გლობალურ, მასშტაბურ ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლით საქართველოსთან მიმართებაში ამერიკამ პოლიტიკა შეცვალოს. თანაც საგარეო პოლიტიკა დგება არა ერთ წლით, არამედ მრავალწლიანი პერსპექტივით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ირაკლი კიკიანი.

მისივე თქმით, ამერიკა, არც რუსეთთან დაკავშირებით შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, მიუხედავად იმ ბრალდებებისა, რომელიც ამ ბოლო დროს ტრამპის წინააღმდეგ გაისმა.

"ახალი ლიდერი ცდილობს დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, თუმცა ეს ეხება განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს, რომლებიც პრობლემატურია. რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, აქედან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა არ შეიცვლება.

"ამერიკის პოლიტიკა ორიენტირებულია ფასეულობებზე და ის ქვეყანა, რომელიც ანგრევს ამ ფასეულობებს, მასთან საერთო ინტერესი არასოდეს ექნება. უბრალოდ ეს არის ჟესტი. "საქართველოსთან მიმართებაში კი, შეიძლება ცოტა კორექტირება განხორციელდეს ამაში კი ვგულისხმობ უფრო მეტად ინტეგრაციას და მეტი საერთაშორისო გარანტიების მიღებას", - გვითხრა კიკიანმა.

"ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ", - ამ განცხადებას კი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი აკეთებს.

"პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევი. სენატი და სენატორები ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი ცხადია, რომ აქვთ სტრატეგია და აპირებენ სენატის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ადმინისტრაციას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც რუსეთს აშშ-ის ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, შეზღუდავს ადმინისტრაციის ნაბიჯებს, რომელიც მან შესაძლოა მოსკოვთან მიმართებაში გადადგას და მკაფიოდ იტყვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ბალტიის ქვეყნებთან ხელშეუვალია და რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას უილსონმა.

მანვე საქართველოში სენატორების - მაკკეინის, გრემისა და კლობუჩარის ვიზიტები შეაფასა და განაცხადა, რომ მათი საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.

"ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა. სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები. მათ იმოგზაურეს ბალტიისპირეთში, შემდეგ უკრაინასა და საქართველოში, რათა მოკავშირეები და პარტნიორების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ.

"ამავე დროს, სენატორების გზავნილები ვაშინგტონისა და მოსკოვისთვისაც იყო განკუთვნილი. მოსკოვის გასაგონად ითქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ისმის ხელისუფლების გადაბარების ფონზე, ან პირადად არჩეული პრეზიდენტისაგან, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ მოკავშირეთა ძლიერ მხარდაჭერას, ეჭვითა და შეშფოთებით შეხედავენ რუსეთის ქმედებებს და იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აშშ წინ აღუდგეს პუტინის ავანტურიზმს და მხარი დაუჭიროს სანქციებს.

"ვაშინგტონისათვის განკუთვნილი გზავნილი იყო ის, რომ სენატს ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს რუსეთის შესახებ, რომ ამ მოსაზრებებს ვერავინ წაუყრუებს და ყველა იმოქმედებს შესაბამისად.

"ვფიქრობ, გაურკვევლობაში, რაც ტრანზიციას ახლავს, სენატორ მაკკეინს, სენატორ გრემსა და სენატორ კლობუჩარს სურდათ, ორპარტიული სიცხადე შეეტანათ იმ საკითხში, რომ ჩვენ ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, გვსურს, უკეთ ავუხსნათ საკითხი ამერიკელ ხალხს და ამავე დროს, მხარში დავუდგეთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში", - განაცხადა უილსონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორების დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ერთი კვირის წინ ეწვია. ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, ამერიკული დელეგაცია საქართველოში ქართველი სამხედროების და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად ჩამოვიდა.

"ვლადიმერ პუტინმა მოახდინა ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ დადგება დღე, როდესაც საქართველო იქნება მთლიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი. ჩვენთვის პატივია დღეს ამ მამაც ჯარისკაცებთან ერთად ყოფნა, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა მაკკეინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×