გვანცა ღვედაშვილი
13.01.2017

 საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა. აღნიშნული კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის დაუჭირა მხარი, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

რაც შეეხება კენჭისყრას პლენარულ სხდომას, იგი თებერვალში გაიმართება.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება.

როგორც ცნობილია, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული. საკითხს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი გამოეხმაურა და "ტვიტერის" გვერდზე აღნიშნა, რომ აღნიშნული მოვლენა ეროპარლამენტის მიერ საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელაბაზე მეტყველებს.

"საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მტკიცე უმრავლესობით კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს", - წერს მარია გაბრიელი.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის მიერ, ხმათა უმრავლესობით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მხარდაჭერას მიესალმება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"მივესალმებით კენჭისყრის შედეგებს და მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

"შემდგომი, პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას კენჭს ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სესიაზე უყრის, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

"ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

"საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

"იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის - შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×