ქვეყანაში ექსპორტი მკვეთრად მცირდება. ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია აშკარა და თვალსაჩინოა, რასაც "საქსტატის" მონაცემებიც ადასტურებს. წლევანდელი შედეგი, სავარაუდოდ, ბოლო 2011 წლის მონაცემებსაც ვერ გაუტოლდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემით, ექსპორტმა 1,919 მლრდ დოლარი შეადგინა. შარშან მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან ნოემბერში გავიდა - 219 მლნ დოლარის ღირებულების. დანარჩენ თვეებში გაცილებით ნაკლები მაჩვენებელი აღინიშნა. 200 მლნ-ს ექსპორტმა მხოლოდ სექტემბერში გადააჭარბა. დეკემბრის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ნოემბრის ყველაზე მაღალი შედეგიც რომ განმეორდეს, წლიური ექსპორტის მოცულობა 2011 წლის დონესაც ვერ გაუტოლდება.
ბოლო პერიოდში ექსპორტის პიკი 2013 წელს (2,910 მლრდ დოლარი) იყო, რის შემდეგაც ყოველწლიურად კლების ტენდენციაა. გამონაკლისი არც 2016 წლის საბოლოო შედეგი იქნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქვეყანას წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვს.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში იწარმოება მცირე რაოდენობის საექსპორტო, ნედლეულის ტიპის პროდუქცია, რომელიც უცხოურ ბაზრებზე არსებული ფასების კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. ამიტომაც გვაქს ასეთი დაბალი შედეგი. აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, უარყოფითი სალდოს დაბალანსება წარმოების ზრდითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით არის შესაძლებელი.
"ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის პროდუქციასაც კი, რაზედაც ქვეყნის შიგნით არის მოთხოვნა. კიდევ უფრო გვიჭირს, რომ ისედაც მცირე წარმოებული პროდუქტი ქვეყნის გარეთ გავიდეს. წარმოების მასშტაბმა იკლო და ამიტომ ექსპორტის მხრივ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, იგებს ის, ვინც მოთხოვნას აკმაყოფილებს ქვეყნის შიგნით და აწარმოებს იმას, რაც ადგილზე უნდა გაიყიდოს. ექსპორტის კლების საპირისპიროდ, გაზრდილია იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბები, რაც საქართველოსთვის დიდი პრობლემაა.
ჩვენი მოხმარების 80% იმპორტზე მოდის, ეს კატასტროფული მაჩვენებელია. იმპორტის ზრდის ტეპმი გაცილებით მაღალია, რაც იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და ვალუტის გადინებას ქვეყნიდან", - აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ სახელმწიფომ აქცენტი უნდა გააკეთოს წარმოების ზრდაზე, რაც მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებით არის შესაძლებელი.
"ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს ექსპორტის ზრდა, რაც მყარ ვალუტას შემოგვიტანს. აუცილებელია გაიზარდოს იმ პროდუქციის წარმოება, რისი რეალიზაციაც ქვეყნის შიგნით შეგვიძლია. ბევრი პრობლემა არსებობს როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით, ყველაფერს ლარის კურსს ვერ დავაბრალებთ. საგარეო ფაქტორი იარსებებს ყოველთვის, მაგრამ ქვეყნის შიგნით ეროვნულ წარმოებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამისთვის მრეწველობა და სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვავითაროთ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ინვესტიციების გამოყენებაც", - დასძენს ავთო სილაგაძე.
თუკი არ გაუმჯობესდება უარყოფითი სავაჭრო სალდო, საფრთხის წინ დადგება ლარის სტაბილურობა. გარდა ამისა, შემცირდება ქვეყნის სავალუტო რეზერვები და გაიზრდება მიგრაცია, რაც საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას შექმნის.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მომსახურების ექსპორტის განვითარება, თუმცა ამის მიღწევა, ვიდრე რეალურ სექტორს პრობლემა აქვს, სტატისტიკოსს წარმოუდგენლად ეჩვენება.
"საქართველოში მომსახურების ექსპორტს დიდი პოტენციალი აქვს და მისი გამოუყენებლობა არ იქნება სწორი, მაგრამ მომსახურება მიბმულია რეალურ სექტორთან, რომელიც, პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ. მაგალითად, ბევრი ტურისტის მისაღებად მძლავრი ინფრასტრუქტურული ბაზა გვჭირდება. თუკი მათი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იმპორტირებულ პროდუქტს გამოვიყენებთ, არაფერი გამოვა. ამიტომ აუცილებელია, რომ რეალურ სექტორს მივხედოთ, რის გარეშეც მომსახურების სფეროს ვერ განვავითარებთ.
ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი მოდის აგროსასურსათო პროდუქციაზე, რომლის წარმოების დონე სასურველისგან ჯერ კიდევ დაშორებულია. 2016 წლის მონაცემი არ გვაქვს, თუმცა 2015 წელს ჩვენ შემოვიტანეთ 500 მლნ დოლარით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია, ვიდრე გავიტანეთ. კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად გვჭირდება მაღალტექნოლოგიური გარღვევა აგრარულ დარგში, რომ შევძლოთ კუთვნილი ნიშის დაკავება უცხოურ ბაზრებზე", - აცხადებს არჩვაძე.