"არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება, რომ მომხმარებელიც არ დავკარგოთ და ჩვენც ნაკლებად დავზარალდეთ"
ნათია ლომიძე
13.01.2017

 დოლარის კურსის ზრდამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სამომხმარებლო ბაზარზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი წლიდან საქართველოში მოქმედმა იმპორტიორმა კომპანიებმა საქონელი გააძვირეს. მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ძველი მარაგების ამოწურვას ასახელებენ. ბიზნესის წარმომადგენლები შექმნილ სიტუაციას უმართავს უწოდებენ და კომპანიის შენარჩუნებისთვის ზარალსაც არ ერიდებიან.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი წლის დასაწყისიდან პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდებოდა, გამართლდა. იმპორტიორ კომპანიებში ფასის ზრდას ადასტურებენ და იმასაც აცხადებენ, რომ სამომავლოდ საქონლის კიდევ მეტად გაძვირება ან გაიაფება დოლარის კურსზეა დამოკიდებული.

კომპანია "ორბიტის" ხელმძღვანელი გიორგი დავითაშვილი "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, საქონელი გააძვირეს. ის ერთ-ერთ მიზეზად ლარის დევალვაციას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ეს უკონტროლო პროცესია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.

"ჩვენმა კოლეგებმა და კონკურენტებმაც გააძვირეს საქონელი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ძველი მარაგი უკვე ამოვწურეთ და ახალი მარაგით დავიწყეთ მუშაობა. როდესაც ფასი იზრდება, მოთხოვნა მცირდება, ეს გარდაუვალი პროცესია და გვერდს ვერავინ აუვლის. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, საკმაოდ შეგვიმცირდა საქონლის რეალიზაცია. ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ესაა პროცესი, რომელსაც ვერ გავაკონტროლებთ, როგორც ბიზნესის ხაზი წავა ჩვენდაუნებურად, ამ გზას გავყვებით. მარტო ჩვენ კი არა, არამედ ყველა", - განუცხადა "რეზონანსს" დავითაშვილმა.

იმპორტიორი კომპანია "გრანდის" ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სხვების მსგავსად კრიზისული ეტაპი მათაც შეეხო, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია. ძველი მარაგის ამოწურვასთან ერთად, ისინი ვალდებულნი გახდნენ, ახალი მარაგის შესაბამისი სამომხმარებლო ფასი დაედოთ საქონელზე, რის გამოც მოხმარება შეუმცირდათ.

"როგორც ყველა სხვა იმპორტიორმა, ჩვენც გავაძვირეთ პროდუქცია. ის მარაგი, რომელიც შედარებით უკეთესი კურსით გვქონდა შეძენილი და ამის გამო მეტ-ნაკლებად დაბალი ფასის შენარჩუნებას ვახერხებდით, ამოვწურეთ. ამჟამად გადასული ვართ ახალი მარაგის რეალიზაციაზე.

შეძლებისდაგვარად ვეცადეთ, რომ საკმაოდ ნორმალური ზღვარი შეგვენარჩუნებინა, რაც კომპანიის ხარჯზე და მოგების გადასახადის რეფორმის დახმარებით მოვახერხეთ. ამ ვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ესტონურმა მოდელმა, რომ ფასი ზედმეტად არ გაგვქცეოდა. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც თან სდევს ლარის დევალვაციას და ამას გვერდს ვერ ავუვლით.

მოხმარებას რაც შეეხება, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან იანვრის მეორე ნახევარში რეალიზაცია ყოველთვის მცირდება. ზუსტი პროგნოზის გაკეთება თებერვლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. გაზრდილმა ფასმა მომხმარებელზეც მოახდინა გავლენა. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, სწორედ ამის გამო მიჭირს ამ კონკრეტულ თემაზე ზუსტი პასუხის გაცემა", - ივა ჭყონია.

ზარალის ხარჯზე მომხმარებლის შენარჩუნებას არ გამორიცხავს კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, სხვადასხვა სახის პრობლემების მიუხედავად, რომელიც საბანკო ვალდებულებების სახით კომპანიას აკისრია, მოუწევთ გარკვეულ დათმობაზე წასვლა.

"ფასი დოლარის კურსის მიხედვით იზრდება. ახალი წლიდან მოყოლებული, დღემდე შეფერხებულია მუშაობა, რეალიზაცია თითქმის გაჩერებულია. იანვარი ზოგადად რთული თვეა, რასაც ემატება ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული კრიზისული ვითარება. არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება, რომ მომხმარებელიც არ დავკარგოთ და ჩვენც ნაკლებად დავზარალდეთ. ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს საბანკო კრედიტების სახით, ასევე ბიუჯეტის ვალდებულებაც გვემატება. სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რადგან ვითარება იმდენად უკონტროლოა, შეიძლება საქონლის ზარალით გაყიდვაც მოგვიწიოს", - დავით გოგიჩაიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×