მამრაძე თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 14-პროცენტიან მხარდაჭერას მაინც შეინარჩუნებს
ია აბულაშვილი
13.01.2017

 "ვინც უნდა დატოვოს პარტიის რიგები, ეს არ შეამცირებს მათ ელექტორატს და დარჩება ის 14%, რაც რეალურად მხარს უჭერს "ნაცმოძრაობას" სააკაშვილის ფაქტორის გამო. ჩვენთან ხომ არა პროგრამებს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს აძლევენ ხმას.

"ვინც დარჩა სააკაშვილთან, აქვთ შანსი - სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები", - განაცხადა "რეზონანსთან" ექსპერტმა პეტრე მამრაძემ "ნაცმოძრაობიდან" ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის გამოყოფასთან დაკავშირებით.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს?

პეტრე მამრაძე: როდესაც "გირჩი" შეიქმნა, ვაშაძემაც მიატოვა "ნაცმოძრაობა", ანდრო ბარნოვი კი გამოდიოდა თავისი პროტესტებით, მაშინვე დაიწყო საუბრები, რომ "ნაცმოძრაობა" იშლება, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ "გირჩის" და სხვა ცნობადი სახეების გასვლით "ნაცმოძრაობამ" არ დაკარგა თავისი ელექტორატი, უფრო მეტიც, გამოჩნდა, რომ ელექტორატი ცოტათი გაიზარდა კიდეც და მათ 14% მიიღეს.

ახლაც "ნაცმოძრაობა" დატოვეს სხვა ცნობადმა სახეებმა, მაგრამ ვინც უნდა დატოვოს პარტიის რიგები, ეს არ შეამცირებს მათ ელექტორატს და დარჩება ის 14%, რაც რეალურად მხარს უჭერს "ნაცმოძრაობას" სააკაშვილის ფაქტორის გამო. ჩვენთან ხომ არა პროგრამებს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს აძლევენ ხმას. ვინც დარჩა სააკაშვილთან, აქვთ შანსი - სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები.

ხოლო ცნობად სახეებს, ვისაც ყრილობის ჩატარების ეშინია და ეშინია იმის გამო, რომ იციან, პარტიის აქტივშიც არ არიან პოპულარულები, სხვაგვარად რომ იყოს, ვერავინ დაასწრებდა ყრილობის ჩატარებას, აქვთ შანსი, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, მიუახლოვდნენ საპარლამენტო ბარიერს.

"რ": მაინც რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც პარტია დაშლამდე მიიყვანა?

პ.მ: მიზეზი ალბათ ბევრია, მაგრამ ჩემი აზრით, პრობლემის თავი და ბოლო არის ის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არის ფრთა, რომელშიც შედიან ძალიან მდიდარი ადამიანები.

დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია იმაზე, რომ ბოკერია-ჩორგოლეიშვილის ოჯახის წლიური შემოსავალი 49 მილიონ ლარს აღწევს. არც სხვები არიან ღარიბი ადამიანის იმიჯით. გამიგია, რომ გივი თარგამაძეც მდიდარი ადამიანია.

ამ მდიდარ ადამიანებს აღარ უნდათ გაჰყვნენ ამჟამად სრულიად არაადეკვატურ სააკაშვილს. მათ ამ ეტაპზე საკუთარი სიმდიდრის გამრავლება და დაცვა უფრო სჭირდებათ. ამიტომ არ გამიკვირდება მოარული ხმები იმაზე, რომ ბოკერია გარიგებულია ხელისუფლებასთან - სიმართლეს შეეფერებოდეს.

"რ": რა პოლიტიკური მომავალი აქვს ამ ახალ პარტიას?

პ.მ: ამ ფრთას არანაირი პოლიტიკური მომავალი არა აქვს, მათ შორის არავინ არ არის ქარიზმატული ფიგურა, რომელსაც შეუძლია მასების სიმპათიის მოპოვება, უფრო მეტიც - ბოკერიასნაირი ადამიანები აქტიურად გენერირებენ მოსახლეობის ანტიპათიაზე.

რაც შეეხება უგულავას, თავისი დესტრუქციული მუხტით საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს "ნაცმოძრაობის" ბოკერიას ფლანგს. უგულავა ბოკერიას საერთოდ არ ცნობს ლიდერად, ბოკერიაზე უფრო მეტად ტელეფოტოგენურია და თანაც პოლიტიკურად დევნილის და ციხეში ნამყოფი ადამიანის შარავანდედიც აქვს მორგებული.

ამიტომ იგი დამოუკიდებლად იზრუნებს თავის პოპულარობაზე და უფრო მეტ განხეთქილებას შეიტანს იმ ცნობად სახეებში, ვინც დამოუკიდებლად თამაში მოინდომა.

"რ": "ნაცმოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?

პ.მ: ყრილობა, დიდი ალბათობით, ჩატარდება, სააკაშვილს არ უყვარს ასეთი რამის გადადება. ყრილობა დაგმობს რენეგატებს, ანუ ვისაც განხეთქილების შეტანა უნდა. გამოაცხადებენ, რომ პარტია ისეთივე მონოლითურია, როგორიც იყო.

ასევე, დიდი ალბათობით, ბოკერიას მომხრეები მიმართავენ სასამართლოს იმის დასამტკიცებლად, რომ ყრილობა უფლებამოსილი არ იყო, მაგრამ ვერც ერთი ფრთა და ვერც მეორე, ან სულაც ერთად, რაიმე მნიშვნელოვან როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვეღარ შეასრულებს.

ფინანსურ-ეკონომიკური კოლაფსის შემთხვევაშიც კი ჩვენ შეიძლება სულ სხვა პოპულისტი და დემაგოგი ვიხილოთ, რომელსაც გამწარებული ხალხი ისევ მესიად მიიღებს, ოღონდ ეს ლიდერი "ნაცების" რიგებიდან არ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×