სალომე სარიშვილი
13.01.2017

 "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ პარტია აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას კვლავ აგრძელებს, მათი მთავარი საქმიანობა ძალის გაძლიერებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტია" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესშია და საამისოდ რეგიონის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს.

სამნიძემ "რეზონანსთან" საუბრისას ყურადღება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც გაამახვილა და თქვა, რომ პარტიას მმართველი ძალის მხრიდან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების იმედი ნაკლებად აქვს.

ხათუნა სამნიძე: ბუნებრივია, პოლიტიკურ საქმიანობაშიც აქტიურად ვართ ჩართული, ყველა აქტიურობასა და ნაბიჯს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, თვალყურს ვადევნებთ.

მოგეხსენებათ, რომ ფემიციდთან დაკავშირებით პარტიამ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა და გვსურს, რომ ეს საკითხი პარლამენტმა ისევ განიხილოს.

ამდენად, ჩვენ სრული ძალებით ვმუშაობთ და გარდა პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობისა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ძალიან დიდი აქცენტი შიდა პარტიულ საკითხებზე გადაგვატანინა - გვაქვს შეხვედრები რეგიონებში, ვხვდებით ჩვენი პარტიის წევრებს და ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საკრებულოშიც, სადაც ჩვენი ფრაქციაც გვყავს.

"რეზონანსი": საკანონმდებლო ინიციატივა ახსენეთ, რომლის ერთ-ერთი ავტორი თავადვე ბრძანდებით. რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად კანონი ფემიციდთან დაკავშირებით და თქვენი შეფასებით, რას შეცვლის მისი დამტკიცება?

ხ.ს: აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენ 2015 წელს ასევე დავარეგისტრირეთ, თუმცა "ქართული ოცნების" მხრიდან მაშინ ამ საკითხს ყურადღება არ დაეთმო.

მოგეხსენებათ, რომ ფემიციდი ქალთა განზრახ მკვლელობაა, იქნება ეს ყოფილი მეუღლისა, თუ პარტნიორის მხრიდან.

ჩვენ გვსურს, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი გამოსწორდეს და სისხლის სამართლის კოდექსში ქალის მოკვლა დამამძიმებელ გარემოებად შეიცვალოს, ვინაიდან არსებული კოდექსით ის სხვა კატეგორიის მკვლელობად განიხილება. 21-ე საუკუნის საქართველოში ჩვენ ვნახეთ, რომ ახალი წელი 2 მკვლელობით დაიწყო, რომელიც ქალებს უკავშირდებოდა.

ჩვენი საკანონმდებლო წინანდების მიზანია ამ თემის მიმართ საზოგადოებისა და პარლამენტის ყურადღების გამახვილება, რათა ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამ უმძიმეს პრობლემაზე დღევანდელ პარლამენტს და აქტიურ დეპუტატებს. ვნახავთ, რამდენად შეუძლია დღევანდელ პარლამენტს, ამ გამოწვევას თვალებში ჩახედონ და ნაცვლად ღამის კლუბებზე საუბრისა, რეალურ პრობლემებზე ისაუბრონ.

"რ": საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე მინდა გკითხოთ. "რესპუბლიკელები" კომისიის დაკოპლექტებამდე სკეპტიკურად იყავით განწყობილნი. როგორ აფასებთ მიმდინარე სამუშაოებს და კომისიის მუშაობას?

ხ.ს: ჩვენ თავშივე ვთქვით, რომ კომისიის წევრები არ ვიქნებოდით, რადგან არ გვაქვს არანაირი მოლოდინი საკონსტიტუციო ცვლილებების კონსენსუსის გზით მიღწევისა. კომისიის შექმნის შემდგომ, კრიტერიუმების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" მასში ისედაც ვერ მოხვდებოდა, მაგრამ რეალური ცვლილებების მიღწევის იმედი არც წინა მოწვევის პარლამენტში გვქონდა.

ახლა კი, როცა ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიან სახიფათო ინსტრუმენტის სახით აქვს ხელში და ამას უკვე ყველა მათი გადაწყვეტილებაც ადასტურებს, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ისინი რამე ცვლილებებს კონსენსუსის საფუძველზე მიაღწევენ. ეს მხოლოდ ფასადია და სხვა არაფერი.

"რ": მოსმენის კანონთან დაკავშირებით გქონდათ შენიშვნები... თქვენი აზრი როგორია, რამდენად მზადაა ახლანდელი პარლამენტი ამ საკითხის განხილვისა და შემდგომ მხარდაჭერისთვის?

ხ.ს: წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც მოსმენის კანონთან დაკავშირებით ჩვენი კანონპროექტი გვქონდა, მას მხარდაჭერა არ ჰქონია. თუ გახსოვთ, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" მის მიერვე მიღებული კანონპროექტი მიიღო, რომელსაც "რესპუბლიკური პარტია" არ ეთანხმებოდა. შემდეგ საკონსტიტუციო კომისიამ აჩვენა, რომ ჩვენი პროექტი უფრო სწორი იყო.

დღეს გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" კვლავ არაა მზად განიხილოს ეს საკითხი ისე, რომ ადამიანის უფლებები არ შეილახოს. ამას მოწმობს ყველა "ოცნების" ლიდერის განცხადებაც. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ფარული კონტროლის რისკის ქვეშ აყენებს, შეუზღუდავი უფლებამოსილებით არ უნდა სარგებლობდეს.

სწორედ ამიტომ გამოვეხმაურეთ ამ საკითხს და ვთქვით, რომ კამპანია "ეს შენ გეხებას" ხედვას ამ რეფორმასთან დაკავშირებით ვემხრობით.

"რ": და ბოლოს, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე რას ფიქრობთ?

ხ.ს: ის, რომ ეს იყო ხელოვნური ერთობა, ძალიან დიდი ხანია ჩანს და ამას ცალკეულ წევრთა განცხადებები და პოზიციებიც ადასტურებდა. ასევე ის ფაქტიც, რომ "ნაცმოძრაობა" ორად გაიყოფოდა, ესეც სრულიად პროგნოზირებადი იყო. ახლა კი ჩანს, რომ ეს ორი გუნდი ძალიან მძიმე პოლიტიკური წარსულით ახალ საქმიანობას იწყებს. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა შემიძლია, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×