ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირება ხელისუფლების დახმარებით კიდევ უფრო გამწვავდა. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის განცხადების შემდეგ ის დავით ბაქრაძის გადაბირებას ცდილობდა, გამორიცხული არაფერია - შესაძლოა იგივე მეთოდით მან პარტიის სხვა წევრებიც გადაიბირა.
ანჯაფარიძე თვლის, რომ გიგი უგულავა პარტიის გაყოფის შემდეგ ლიდერი იქნება, თუმცა, ეს შეიძლება ფორმალობა იყოს, რადგანაც მისი მთავარი ხელმძღვანელი გიგა ბოკერია იქნება.
ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, პარტიაში განხეთქილების მთავარი მიზეზი გიგა ბოკერიას გარკვეული სახის ქმედებები იყო, რამაც მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები გააღიზიანა. ბოკერიას სურდა, რომ პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილი, როგორც რებრენდინგი, ასეთი სახით შეენარჩუნებინა და არაფორმალურად "ნაციონალური მოძრაობა" თავად ემართა.
დაპირისპირების მეორე მიზეზი კი პარტიის სამომავლო განვითარების სხვადასხვა ხედვა გახდა. გარდა ამისა, პარტიაში გარკვეული სახის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა. ამის თაობაზე კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ღიად ისაუბრეს.
პარტიაში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას კი, არ გამოვრიცხავ, რომ ხელი გარე ძალებმაც შეუწყო. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის დავით ბაქრაძის გადაბირებას ცდილობდა. ამიტომაც, გამორიცხული არაფერია, რომ მსგავსმა მეთოდმა "ნაციონალების" რომელიმე წევრთან გაჭრა.
"რეზონანსი": გარე ძალების ჩარევაში ხელისუფლებას გულისხმობთ? თქვენ გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლას და პარტიაში დაპირისპირების უფრო გამწვავებას ერთმანეთს უკავშირებთ?
ზ.ა: რა თქმა უნდა, რომ ხელისუფლებას დასუსტებული და დაქსაქსული "ნაციონალური მოძრაობა" აწყობს, რომელიც თავის ამომრჩეველსაც გაიყოფს და ამ დაპირისპირების ფონზე ბევრ მათგანსაც დაკარგავს.
პირდაპირ ხელისუფლებაზე ხელის დადება რთულია, თუ ამის მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში, როცა მსგავსი პროცესები მიმდინარეობს, წარსული გამოცდილებით, ამაში აქტიური როლი ხელისუფლებასაც მიუძღვის.
ფაქტია, რომ ამ პარტიის დასუსტება ყველაზე მეტად "ოცნებას" აწყობს. თუმცა, მისი სრულიად გაქრობაც არაფერში სჭირდება. სააკაშვილის სახით საკმაოდ კარგი საფრთხობელა ჰყავს, რომლის მეშვეობითაც "ქართულმა ოცნებამ" დასახულ მიზანს მიაღწია.
"რ": გიგი უგულავას, როგორც პოლიტიკური ფიგურის, შანსებს როგორ აფასებთ?
ზ.ა: გიგი უგულავა საკმაოდ ქარიზმატული და გამოცდილი პოლიტიკოსია. მართალია, მის მიმართ გარკვეული სახის კითხვები საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ საქართველოში ახლა არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა შეუძლია.
აქ მთავარი მხოლოდ უგულავა არ არის. ჩვენ ვიცით, რომ მის უკან საკმაოდ კარგი მოთამაშე - გიგა ბოკერია დგას, რომელიც აშკარად და ღიად არასდროს გამოდის, თუმცა კულუარებიდან ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს.
ამიტომაც, მგონია, რომ გიგი უგულავა მთლად დამოუკიდებელი მოთამაშე ვერ იქნება. მას ასე თავისუფლად მოქმედების უფლებას ბოკერია მგონია, რომ არ მისცემს. თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ანალიზის გაკეთება შემდეგ უფრო ადვილი გახდება.
"რ": თქვენ დავით ბაქრაძე ახსენეთ, რომელიც გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაკლებად აქტიურობს, როგორ ფიქრობთ, მისი, როგორც ლიდერის, უკან გაწევა მოხდა?
ზ.ა: დავით ბაქრაძე ყოველთვის ზომიერი და გაწონასწორებული პოლიტიკოსი იყო, რომელსაც გიგი უგულავას მსგავსი ქარიზმა არა აქვს.
მგონია, რომ მის დადებით ავტორიტეტს საზოგადოებაში ბოკერიას დაჯგუფება იყენებს და მას ამ თამაშში ერთგვარი დანიშნულება აქვს, რომელსაც უბრალოდ ასრულებს. ის ლიდერის და წამყვანის როლში არასდროს მოგვვლინებია და ამისთვის არც ახლა არ იაქტიურებს, ეს მის პიროვნებაში არ შედის.
"რ": როგორც ცნობილია, გაზაფხულზე შესაძლოა დავით უსუფაშვილის ახალი პარტიაც დაკომპლექტდეს. როგორ ფიქრობთ, მას რა შანსები აქვს და გიგი უგულავა იქნება თუ არა მისი მთავარი კონკურენტი?
ზ.ა: ახლა ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ამიტომაც, მგონია, რომ პარტიის ჩამოყალიბებამდე ან მის დაკომპლექტებამდე ყველაფრის გაანალიზება უნდა მოხდეს.
ჩვენ ვნახეთ არჩევნების წინ შექმნილი პარტიები, რომლებიც ძალიან სწრაფად ჩამოიშალნენ. შევხედოთ სიტუაციას და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. უსუფაშვილი და უგულავა საკმაოდ საინტერესო ფიგურები არიან.