თბილისში მორიგი კრიმინალური გარჩევები მოხდა - დაჭრილია 2 ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ. თუ რა გახდა პრეზიდენტის სიძის დაჭრილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გოგოჭურის გვარი აქამდეც არაერთხელ ფიგურირებდა სკანდალურ საქმეებში.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 11 იანვარს გვიან ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრას წინ, დაპირისპირება უძღოდა.
"სროლის ხმა საღამოს დაახლოებით 9 საათზე გავიგეთ, ზედიზედ რამდენჯერმე გაისროლეს. თავიდან ეს ხმა სადღესასწაულო ფოიერვერკებს მივამსგავსე აღმოჩნდა რომ ადამიანი დაჭრეს", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სროლის შედეგად შემთხვევის ადგილზე მდგარი ავტომობილები დაზიანდა. მათი მფლობელები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
"ადგილზე პოლიცია მუშაობდა, ერთადერთი რაც გვითხრეს, იყო ის, რომ ტყვია მანქანასაც მოხვდა. იმედია კომპენსაცია იქნება. როგორც ვიცი, პრეზიდენტის სიძე თვითონ დაზარალებულია, შესაბამისად, ვინც ესროდა, პრეტენზიაც მისი მისამართით გვექნება", - აღნიშნა ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელმა.
გიორგი მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გამოეხმაურნენ, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.
"ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა," - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.
"რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ, არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა. თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური", - განაცხადა მიშველაძემ.
რაც შეეხება შს სამინსიტროს, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუაშვილის შვილის ქმარი გახლავთ, რომლის სახელი და გვარი არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს.
გასული წლის ივლისში იგი პროკურატურაში იყო დაბარებული, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.
გოგოჭურის სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის ფაქტშიც გაიჟღერა. დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო).
ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა.
სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.
კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.
ბრალდებას მოგვიანებით უპასუხა თავად მინდია გოგოჭურმაც. "ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა. მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა მაშინ გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.