ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ახლა მთავარია პარტიის რეგიონალური ელიტა საით წავიდა
ეკატერინე ბასილაია
13.01.2017

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობა" საინტერესოდ გაიყო, პარტიის უმრავლესობა სააკაშვილმა შეინარჩუნა, ხოლო პარლამენტის - ბოკერია-უგულავას გუნდმა და სააკაშვილის გუნდი პოლიტიკური ინტელექტუალების გარეშე დატოვა, რაც მისი აზრით "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე სასურველი შედეგია.

მისივე თქმით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, სააკაშვილის ფრთა ბევრად მეტ მანდატს მიიღებდა, ვიდრე ბოკერიას ფრთა, თუმცა რღვევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ვარაუდობს იმასაც, რომ ნელ-ნელა სააკაშვილის გუნდი რეიტინგს დაკარგავს.

ვახტანგ ძაბირაძე: ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არცერთ ფრთას არ ექნება. თუმცა, რღვევის პროცესი ისევ გაგრძელდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, მიიღებს თუ არა სააკაშვილის გუნდი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ის, თუ ვინ რა შესაძლებლობებით წავა ამ არჩევნებზე.

ვამბობ, რომ ბოკერიას გუნდს არ გაუჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვა, რადგან ძირითადი საპარლამენტო ჯგუფი ბოკერიას გუნდისაა და ისინი ამ ტრიბუნას გაცილებით უკეთ გამოიყენებენ, ვიდრე სააკაშვილის გუნდის წევრები.

თან, როდესაც გაყოფა მოხდა, პოლიტიკური მემკვიდრეობა, მთელი ნეგატივი სააკაშვილის გუნდს დარჩა. შემდეგი პოლიტიკური პროცესი, დიდ ალბათობით, ნელ-ნელა განვითარდება და აქიდან გამომდინარე სააკაშვილის და მისი გუნდის რეიტინგი ნელ-ნელა დაეცემა.

"რ": სამომავლოდ შესაძლებელია ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ თუ ხიდები ბოლომდე დაიწვა? მართალია უგულავამ განაცხადა, რომ ვითანამშრომლებთო, თუმცა ეს გაყრა საკმაოდ ხმაურიანი იყო და თან, უგულავამ ამავე დროს სააკაშვილს ჯართში ჩასაბარებელიც უწოდა.

ვ.ძ: ქართული პოლიტიკის თვისებებიდან გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა ამ ტანდემის ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანება ვერ მოხდება. თუ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს, ეს მაშინაც გაჭირდება.

"რ": ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ "გირჩი" ბოკერიას გუნდთან დაბრუნდებაო. შესაძლოა თუ არა ყოფილი თანაგუნდელები არჩევნებზე ერთიანი ბლოკით გამოვიდნენ?

ვ.ძ: რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს რეალურიცაა. გააჩნია ვის რა მადა ექნება ამ ბლოკში. გაყოფა მოხდა, მაგრამ ახლა მთავარია რეგიონალური ელიტა საით წავიდა.

ინფორმაციაა, რომ ქუთაისი წამოვიდა ბოკერია-უგულავასკენ, ალბათ თბილისი ორგანიზაციაც ასევე იქნება, რადგან უგულავას დაკომპლექტებულია. თუ დანარჩენ რეგიონებშიც მოხდება ასე გაყოფა და წამოიყვანენ წევრებს, მაშინ საკმაოდ ძლიერი პარტიული სტრუქტურა ექნებათ.

აქ მთავარი ისაა, რეგიონებში პარტიული სტრუქტურა ვის აქვს აწყობილი და ვის შეუძლია ეს ააწყოს. ეს მოთხოვნები იქნება "გირჩთან" მიმართებაში. თუ "გირჩს" პარტიული სტრუქტურა არ აქვს, მაშინ ისინი ბევრი არაფრის მომტანნი არ იქნებიან საარჩევნოდ.

როდესაც ბლოკზეა საუბარი და როდესაც გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს არც ბოკერიას მხარეს და არც "გირჩში", ისეთი, რომელიც ორთქმავლის როლს შეასრულებს პარტიული ზრდის პირობებში, ამიტომაც ძირითადი დატვირთვა იქნება იმაზე, ვის რა პარტიული სტრუქტურა აქვს.

ამდენად, თუ "გირჩს" ძლიერი პარტიული სტრუქტურა აქვს, გაერთიანება იქნება ძალიან ეფექტური. თუ არ აქვს და ახლა უნდა შექმნას, მაშინ ეს გაერთიანება ბოკერიას გუნდისთვის წამგებიანია. ფინანსებიც ითამაშებს გარკვეულ როლს, თუმცა ბოკერიას გუნდს ფინანსები არ გაუჭირდება. შეიძლება იმდენი არ ჰქონდეთ, რამდენიც სააკაშვილს გუნდს, მაგრამ საარჩევნოდ ფინანსების მოძიების გასაჭირი არ ექნებათ.

"რ": გიორგი ვაშაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" დარჩენილი ნაწილის ალიანსი თუა მოსალოდნელი?

ვ.ძ: არ მგონია, ვაშაძე ვინმეს სჭირდებოდეს, გნებავთ სააკაშვილის გუნდში და გნებავთ აქეთ ცალკე ოპოზიციაში. ვაშაძე რეალურად მხოლოდ ერთი კაცია. ერთკაციანი პარტია კი საქართველოში ბევრია და რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას რა პოლიტიკური ქულები შეიძლება მოუტანოს ვაშაძესთან თანამშრომლობამ? არ ვიცი. შეიძლება ფინანსური? თუ ფინანსური არა, პოლიტიკური ქულები ვაშაძეს ნამდვილად არ აქვს.

"რ": "გირჩისა" და ბოკერიას გუნდის გაერთიანება გაზრდის თუ არა იმ ეჭვს, რომ ივანიშვილის პროექტია ეს?

ვ.ძ: სააკაშვილის გუნდის წევრები, რადიკალი "ნაციონალები", რა თქმა უნდა, შეეცდებიან ამ კოზირის გათამაშებას, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, "ქართულ ოცნებას" სწორედ ისეთი ოპოზიცია სჭირდება, როგორიცაა სააკაშვილი და მისი გუნდი.

"ოცნებას" ოპოზიცია ამომრჩევლის შესაშინებლად სჭირდება და ვნახეთ, არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ საფრთხობელად როგორ გამოიყენეს. ამიტომ, ისეთი ოპოზიცია, რომელიც მთლიანად დაცლილია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პოლიტიკური ინტელექტი გააჩნიათ და ძირითადად ორიენტირებულია ქუჩის პოლიტიკაზე, ამაზე უკეთესს "ოცნება" ვერც ინატრებდა.

ამდენად "ოცნებას" "ნაცმოძრაობა" სჭირდება როგორც საფრთხობელა და ამ დაშლით მშვენიერი, პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი საფრთხობელა მიიღეს. ვინ როგორ გამოიყენებს ამ ფაქტორს, ეს სხვა საკითხია, უბრალოდ ძალიან მეეჭვება, რომ ივანიშვილს დღე და ღამე არ ეძინოს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაეშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×