ეკატერინე ბასილაია
13.01.2017

 დაშლილი "ნაციონალური მოძრაობისგან" უკვე 4 პარტია ჩამოყალიბდა - ესაა თავად "ნაცმოძრაობა" სააკაშვილის ლიდერობით, "ევროპული საქართველო" ბოკერია-უგულავას მეთაურობით, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი" და ეს 4-ვე პარტია ასე ცალ-ცალკე გააგრძელებს ბრძოლას და ერთმანეთისთვის ხმების წართმევას, თუ შესაძლოაპარტიიდან წასულებმა მაინც საერთო ენის გამონახვა და შერიგება შეძლონ, ამაზე ვარაუდები უკვე კეთდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურად ორად გაყოფის შემდეგ პარტიიდან წამოსული გუნდის ლიდერმა გიგი უგულავამ უკვე დაანონსა ის, რომ სამომავლოდ ყველა იმ პარტიასთან ითანამშრომლებენ, რომლებიც "ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებენ" და მიუხედავად იმისა, რომ მას სამომავლო შესაძლო კოალიციაზე არაფერი უთქვამს, უკვე გაჩნდა ვარაუდიც, რომ დიდი შანსია, ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის გუნდის მოკავშირედ იქცნენ მათი ძველი თანაგუნდელები, "გირჩის" წევრები.მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად დაგეგმონ ბრძოლა და ერთი ბლოკის სახით წარდგნენ კიდეც არჩევნებზე. სამომავლოდ შესაძლო ბლოკზე კონსულტაციებს უარყოფს "გირჩიც" და ბოკერია-უგულავას გუნდიც.

"გირჩში" აცხადებენ, რომ იდეების დონეზე თანამშრომლობა და მხარდაჭერა შესაძლებელია, მაგრამ გაერთიანება და ბლოკი - არა და მათი პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ საკუთარი ძალით გეგმავს ბრძოლას.

მათგან განსხვავებით გიორგი ვაშაძის პარტია "ახალ საქართველოში", რომელიც ასევე "ნაციონალებიდან" წამოსული წევრებითაა დაკომპლექტებული, კატეგორიულად გამორიცხავს ბოკერიას გუნდთან რამე თანამშრომლობასაც კი. უფრო მეტიც, გურამ ჩალაგაშვილი ბოკერიას გუნდსა და "გირჩს" ფსევდო ოპოზიციას და ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდს უწოდებს.

როგორ იშლებოდა "ნაცმოძრაობა"

გუშინ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. პარტიიდან გასული წევრები საქმიანობას "ევროპულ საქართველოში" გააგრძელებენ, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.

პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21-მა დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ლიდერების წასვლა 2015 წლიდან დაიწყო. პარტიის იმდროინდელი აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ სამი აქტიური დეპუტატი 2015 წლის მაისში წამოვიდნენ პარტიიდან და შექმნეს ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი".

მათი პრეტენზია იყო, რომ პარტიის განახლებასა და ახალი ადამიანების შეყვანას "ერთი ჯგუფი" ბლოკავდა. პრეტენზიის ადრესატების კონკრეტული გვარები არ დასახელებულა, თუმცა საუბარი იყო იმაზე, რომ მაშინ ჯაფარიძის თანამოაზრეები იყვნენ დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, მაგრამ მათ პარტიის დატოვებაზე უარი თქვეს. ამიტომაც ახლა, როდესაც ბაქრაძეც და რატიანიც ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდში არიან და მათ "ნაცმოძრაობაც" ოფიციალურად დატოვეს, ძველი თანამოაზრეების ისევ გაერთიანებაც, პოლიტოლოგების თქმით, სრულიად შესაძლებელია.

მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის მაისში გიორგი ვაშაძემაც დატოვა, თან იგივე პრეტენზიით, მაგრამ ჯაფარიძის გუნდისგან განსხვავებით, მან დაასახელა კონკრეტული გვარები და როგორც აღმოჩნდა, მას დაპირისპირება ბოკერიას გუნდთან ჰქონდა.

ვაშაძის თქმით, გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე ახალ იდეებს ბლოკავენ, პირად ინტერესებს ატარებენ და ამ ჯგუფთან დაპირისპირების გამო მიდის პარტიიდან.

ამიტომაც სამომავლოდ ვაშაძის პარტიის "ახალი საქართველოსა" და ბოკერია-უგულავას გუნდის ალიანსი გამორიცხულია. თუმცა შესაძლებელია ის, რომ თუკი სააკაშვილი მოინდომებს, ბოკერიას გუნდის წასვლის შემდეგ შესაძლოა ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დარჩენილ ნაწილთან რამე ფორმით ითანამშრომლოს.

შერიგდება თუ არა ბოკერია-უგულავას გუნდი "გირჩთან"

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" გამორიცხავს ყოფილებთან რამე ბლოკს. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ იდეების დონეზე თანამშრომლობა და მხარდაჭერა შესაძლებელია, მაგრამ გაერთიანება და ბლოკი - არა და მათი პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ საკუთარი ძალით გეგმავს ბრძოლას.

"დღეს არცერთ პარტიასთან არ ვაპირებთ არც გაერთიანებას და არც ბლოკს. კონსულტაციები არც ყოფილა და არც იქნება. რიგ საკითხებზე თანამშრომლობა შესაძლებელია, თუ ჩვენს იდეებს დაუჭერენ მხარს, თუმცა, ეს იქნება იდეების დონეზე მხარდაჭერა და თანამშრომლობა და ეს არ ნიშნავს არც გაერთიანებას და არც ბლოკს. რომელიმე პარტიასთან გაერთიანება გამორიცხულია", - განუცხადეს "რეზონანსს" "გირჩის" პრესსამსახურში. უგულავა-ბოკერიას გუნდის წევრი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ რამე ბლოკზე ფიქრიც კი ნაადრევია, რადგან ჯერ პარტიის "ევროპული საქართველოს" რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.

"ჯერ ბლოკზე ფიქრიც კი ნაადრევია. ჩვენ ჯერ საქმიანობას დავიწყებთ სახელწოდებით "ევროპული საქართველო", შემდეგ შესაძლოა პარტიას სახელი შეეცვალოს, რომ უფრო მკაფიო გახდეს იდეოლოგიასთან და გეგმებთან დაკავშირება და მარტო ვიწრო-გეოგრაფიული არეალის მომცველი არ იყოს.

"ახლა ვიწყებთ პარტიის დაფუძნებას მთელი საქართველოს მასშტაბით, პირველადი ორგანიზაციებია გასაკეთებელი. იქ, სადაც პირველადი ორგანიზაციები ჩვენ მხარეს გადმოვლენ, ეს გადმოსვლა უნდა გაფორმდეს, სადაც არ გადმოვლენ, იქ ახალი უნდა დავაფუძნოთ და ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყებთ სხვა პარტიებთან ურთიერთობებზე ფიქრს.

"ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისი მთავარი მიზანი იქნება და რომელიც რამე შედეგს მოგვცემს იმ მახინჯი მმართველობის დასრულებისთვის, რომელიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა მოახვია თავს", - აღნიშნავს ბობოხიძე და დასძენს, რომ ძალიან მალე მოხდება პარტიის რეორგანიზაცია და ჩატარდება ყრილობაც და შემდეგ იმსჯელებენ სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზეც.

ვაშაძის პარტია: ვითომ ოპოზიციონერებთან არ ვითანამშრომლებთ

ვაშაძის პარტიის "ახალი საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დარჩენილ ნაწილთან თანამშრომლობაზე საუბარი დღეს ძალიან ნაადრევია და რთულია, თუმცა გადაჭრით ამბობს იმას, რომ ბოკერიას გუნდთან თანამშრომლობა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან მათ დაპირისპირება ჰქონდათ სწორედ იმ 5 ადამიანთან, რომლებმაც ახლა დატოვეს "ნაცმოძრაობა" და "ევროპულ საქართველოში" გადავიდნენ.

"სწორედ ესენი იყვნენ, ვის გამოც ჩვენ დავტოვეთ "ნაციონალური მოძრაობა". სწორედ ეს 3 თუ 5 ადამიანი წყვეტდა ყველაფერს და იყო კარჩაკეტილობა", - ამბობს ჩალაგაშვილი.

ის აცხადებს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ პარტიასთან, სადაც ღიაობა და გამჭვირვალობა იქნება, რომელიც პროდასავლური იქნება და რომლის მიზანიც დღევანდელი არაფორმალური მმართველობის დასრულება იქნება.

"ხოლო იმ პარტიებთან, რომლებიც ვითომ ოპოზიციონერები არიან, ვითომ დასავლეთზე ორიენტაციის პარტიები არიან და რომლებთანაც მხოლოდ და მხოლოდ 2-3 კაცი გადაწყვეტს ყველაფერს და დანარჩენები იქნებიან ყურმოჭრილი მონები, ჩვენი თანამშრომლობა გამორიცხულია.

"აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, ყველა ქმედება, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა, მათი მიდგომა და კომენტარები, მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს ადამიანები იყიდა ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის ფსევდო ოპოზიციური პარტიაა", - აღნიშნავს ჩალაგაშვილი და დასძენს იმასაც, რომ როდესაც ივანიშვილთან კავშირზე ეჭვები გაჩნდა "გირჩთან" დაკავშირებითაც, მათ თანამშრომლობაც შეწყვიტეს.

"მოგეხსენებათ, პაატა ბურჭულაძემ განცხადება გააკეთა და კოალიციაში დავრჩით მხოლოდ ჩვენ და ბურჭულაძის პარტია. ის ადამიანები, რომლებზეც იყო ეჭვი, რომ მათი დაფინანსება ივანიშვილის მხრიდან ხდებოდა, ჩვენ გვერდზე არჩევნებზე არ ყოფილან", - აცხადებს ჩალაგაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×