თაკო მათეშვილი
13.01.2017

 სპეციალისტები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში კვიპროსული მოდელის ეფექტურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა იქაური გამოცდილება ჩვენი გაყინული კონფლიქტების გასალღობადაც შედეგიანი აღმოჩნდეს. ამას, მათი აზრით, საკმაოდ დიდი დრო, შრომა და რესურსი დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ამ ეტაპისათვის ეს მოდელი უალტერნატივოა. სხვა გზა, მათი აზრით, უბრალოდ არ არსებობს.

კვიპროსში, კავკასიოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. მისი თქმით, ბოლო წლებში ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ შესაძლოა, კუნძული გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, მისი აზრით, ჩვენ რამდენიმე დასკვნის გამოტანა უკვე შეგვიძლია.

პირველი დასკვნა კი, კანაშვილის თქმით, ისაა, რომ თუკი ცენტრი, ანუ საქართველო, მოახერხებს, გახდეს დემოკრატიული, ეკონომიკურად მიმზიდველი და ზოგადად განვითარებული, შესაძლოა, სეპარატისტებს საერთო სახელმწიფოს იდეასთან დაკავშირებით აზრი შეეცვალოთ.გარდა ამისა, სპეციალისტის აზრით, დიდ როლს ითამაშებს ევროინტეგრაციაც. ამბობს, რომ კვიპროსის წარმატებები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე გაერთიანების კუთხით მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მის ევროინტეგრაციის პროცესთან და საბოლოოდ მის გაწევრიანებასთან ევროკავშირში.

"ასევე, კვიპროსზე დიდი ხანია არ ყოფილა ძალადობა, ეს კომპონენტი შერიგების აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, ვერც დრო და ვერც მშვიდობა ვერაფერს უშველის, თუ ცენტრი მუდმივად ეცდება სეპარატისტების იზოლაციას.

"თავის დროზე ბერძნები ცდილობდნენ, თურქების კონტაქტი გარე სამყაროსთან მაქსიმალურად შეეზღუდათ (ისევე როგორც ჩვენ), თუმცა გლობალიზაციის პირობებში ამგვარი პოლიტიკა ფრიად რთულად განხორციელებადი და საბოლოო ჯამში კონტრპროდუქტიულია.

"ევროკავშირის წევრობასთან ერთად მიდგომაც შეიცვალა, რაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე პოზიტიურად აისახა - ეს გასათვალისწინებელია. ჩვენმა პოლიტიკამ წლების განმავლობაში შედეგად ის მოგვცა, რომ აფხაზები და ოსები უფრო მეტად გახდნენ მიბმულნი რუსეთთან, რაც ვფიქრობ, საქართველოს ინტერესში არ შედის", - ამბობს კანაშვილი.

კვიპროსის მოდელს წარმატებულს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც და დასძენს, რომ მას კონფლიქტის დასრულებაც კი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, ამ მოდელის საქართველოს რეალობაზე მორგება მას რთულად მიაჩნია.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გააკონტროლებს. ამბობს, რომ 2008 წლის ომამდე ამის შანსი აფხაზეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ იყო, როცა კოდორის ხეობასა და გალში საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტები გააჩნდა, თუმცა, ახლა - აღარ.

მისივე თქმით, კვიპროსული მოდელი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს განიხილებოდა და ამ მიმართულებით მუშაობაც იგეგმებოდა. მითუმეტეს, რომ იმ დროისთვის, მაისაიას თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ბევრად ნაყოფიერი იყო, ვიდრე ახლაა. ამას, მისი აზრით, 1998 წლის "გალის ავანტიურამ" დაუსვა წერტილი.

"2004-2005 წლებში გიორგი ხაინდრავა და გიორგი ვოლსკი, რომლებიც "მშვიდობის პარტიის" წარმომადგენლები იყვნენ, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ამ იდეას ავითარებდნენ. ამ მოდელის დანერგვასთან საკმაოდ ახლოსაც ვიყავით, მაგრამ 2008 წლის ომმა ყველაფერი გადახაზა.

"სხვათა შორის, კვიპროსის მოდელის გამოყენება ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში უფრო საინტერესო იქნებოდა, რადგან იქ გაცილებით მეტ ტერიტორიას ვაკონტროლებდით", - ამბობს მაისაია.

დღეს კი, მისივე თქმით, კვიპროსული მოდელის განხორციელების შანსი ფაქტობრივად აღარაა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს არანაირი ბერკეტები აღარ გააჩნია.

ამავდროულად, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არანაირი გეგმა და მიზანი არ გააჩნია გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამბობს, რომ ყველანაირი პოზიცია დავთმეთ და შედეგად, ისეთი პოზიტიური სიახლებიც კი, როგორიც მაგალითად, ვიზალიბერალიზაციაა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან დასაახლოვებლად ვერ იმუშავებს.

"2008 წლის ომმა პერსპექტივები მთლიანად წაშალა და რუსეთს ფაქტობრივად კარტბლანში მივეცით. შესაბამისად, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე უახლოეს მომავალში აღარ უნდა ვიოცნებოთ.

"დღევანდელმა ხელისუფლებამ კი არ იცის, როგორ დაარეგულიროს საკითხი. სტრუქტურაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებდა. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შევარდნაძეს ორი საკმაოდ საინტერესო სტრუქტურა ჰქონდა. პირველი - პრეზიდენტთან არსებული კავკასიის სახელმწიფო ბიურო იყო, რომელიც კავკასიურ პოლიტიკას ამუშავებდა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც ამ კონტექსტში განიხილებოდა და საკმაოდ პოზიტიური სიახლეებიც გამოიწვია. ასევე, პარლამენტში კავკასიის კომიტეტიც შეიქმნა, რომელსაც მამუკა არეშიძე ხელმძღვანელობდა.

"დღეს კი არაფერი არსებობს, კავკასიის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთანაც კი არ ურთიერთობენ. ამ რესურსსაც არ იყენებენ - კავკასიოლოგებთან დიალოგსაც კი არ მართავენ და დღევანდელ ხელისუფლებას როგორ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი კონფლიქტების მოგვარება? სპეციალისტები დღესაც ითხოვენ კავკასიური სტრატეგიული კვლევების ცენტრის შექმნას, მაგრამ ამაოდ", - დასძენს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×