მთავარი ეჭვმიტანილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება
ნინო ომანაძე
14.01.2017

 ახალი წელი აფხაზეთში სისხლიანი დაპირისპირების სერიით დაიწყო. როგორც არაღიარებული რესპუბლიკის შსს იუწყება, 1-ლ იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუადას ტყეში სოხუმის მკვიდრის, ბესლან კვიცინიას გვამი იქნა აღმოჩენილი. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა.

3-4 იანვრის ღამეს სოფელ გუადაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა 3 სახლი გადაწვეს. აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს სახლები ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ექვმიტანილის როლანდ ჟიბას ოჯახს და მის ნათესავებს ეკუთვნით.

6 იანვარს სოხუმის ერთ-ერთ სასაფლაოზე, ბესლან კვიცინიას საფლავზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, რომელიც კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ბიძაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, რომან ჟიბას ბესლან კვიცინიას ახლობლები გაუსწორდნენ, მას ჯერ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, გაქცევის მცდელობისას კი ესროლეს.

6 იანვარს "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბასა და აფხაზ ძალოვნებს შორის საგანგებო შეხვედრა შედგა, შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საჭირო ზომები მიეღოთ.

დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო-ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 9 იანვარს სოხუმში "მერსედესის" მარკის ავტომობილი დააკავეს, სადაც სამი პირი იმყოფებოდა. დაკავებულებმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს "სამართალდამცავებს". მანქანაში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღები, გამოძიება ვარაუდობს, რომ სწორედ ამ იარაღითაა მოკლული რომან ჟიბა.

სისხლიანი შურისძიების ნიადაგზე მომხდარ მკვლელობებს გამოეხმაურა აფხაზური ოპოზიციაც. გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკის წევრები მოუწოდებენ "ხელისუფლებას", სასწრაფოდ დაიწყოს ავტორიტეტული ადამიანების და უხუცესების ჩართვა ამ სისხლიან კონფლიქტში, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი სისხლისღვრის გაგრძელება

აფხაზური მედიის ცნობით, ბესლან კვიცინიას მკვლელმა როლანდ ჟიბამ მიმალვა "საქართველოს ტერიტორიაზე" მოახერხა.

"რეზონანსი" დაუკავშირდა საქართველოს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

"ქართული მხარე არ აღიარებს ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას და მათ სტრუქტურებს. შესაბამისად, ჩვენ არ გაგვაჩნია ოფიციალური ურთიერთობა მათთან, ამიტომაც ოფიციალურ დონეზე ვერ მოგვმართავენ ამა თუ იმ პირის დაკავების თუ ძებნის საკითხზე. რაც შეეხება ამ ფაქტს, ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ცხადაძემ.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზებში იშვიათად ხდება მსგავსი შურისძიების ფაქტები.

ვახტანგ ყოლბაია: "სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მენტალურად ძალიან ვგავართ ერთმანეთს, აფხაზები შურისძიების ამ მეთოდს არ იყენებენ. მსგავსი ტრადიცია საქართველოს მთიანეთში მიღებულია, მაგრამ აფხაზეთში იშვიათად ხდება.

"მე მაინც მგონია, რომ ამ ამბავს რაღაც სხვა წარმომავლობა აქვს. ძალიან უცნაურია, ახსნას ვერ ვუძებნი. აფხაზი უხუცესები რომ ჩარეულიყვნენ, დარწმუნებული ვარ, თავიდან აიცილებდნენ ამ საშინელებას. აფხაზეთში კანონი არ კანონობს, მათი მენტალიტეტი უფრო ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული, უხუცესებს და გავლენიან ადამიანებს შეუძლიათ, ამ სისხლისღვრას წერტილი დაუსვან", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×