დეკემბერში ვისაც კი შეეძლო, ყველამ შემოიტანა საქონლის დიდი პარტია და ახლა დოლარს ნაკლებად ითხოვენ
ნათია ლომიძე
14.01.2017

 5 იანვრიდან ლარი მყარდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სადისტრიბუციო კომპანიების მიერ წინასაახალწლოდ შემოტანილი დიდი მარაგია. ბიზნესმენებმა ვალუტის მერყეობის და პროდუქციის გაძვირების შიშით დეკემბერში დიდი ოდენობით საქონელი დაასაწყობეს და ამ ეტაპზე იმპორტის განხორციელების საჭიროება აღარ აქვთ. ამის გამო დოლარზე მოთხოვნა შემცირდა. სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ლარის გამყარება რამდენიმე დღე გასტანს და სამომავლოდ სავალუტო ბაზარზე რყევა გამორიცხული არ არის.

"ბლუმბერგის" პლატფორმაზე კურსი 2.71-ია, ხოლო სავაჭრო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ერთი პუნქტით ნაკლებია. 5 იანვრიდან დღემდე კურსი 6 პუნქტითაა გამყარებული. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს როგორც იმპორტის პასიურობა, ასევე სავალუტო ბაზარზე ნაკლები აქტივობა.

საქართველოსგან განსხვავებით, მძიმე მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში. თურქული ლირა 31 დეკემბრიდან 14 იანვრამდე 28 პუნქტით გაუფასურდა. 2016 წლის ბოლო დღეს 1 დოლარი 3,52 ლირა ღირდა, ხოლო 13 იანვარს - 3,81 ლირა. აზერბაიჯანული მანათი 31 დეკემბრიდან დღემდე უმნიშვნელოდ გაუფასურდა 1.80-დან 1,83-მდე, ხოლო რუსული რუბლი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის გაძვირების კვალდაკვალ მეთოდურად მყარდება - 1 დოლარი 60 რუბლის ფარგლებშია.

"რეზონანსთან" საუბრისას იმპორტიორი კომპანიების მიერ წინასაახალწლო მარაგის შექმნას ადასტურებს ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია. მისი თქმით, შეძლებისდაგვარად ყველა კომპანიამ ისარგებლა მარაგის შემოტანის შესაძლებლობით, რამაც იანვრის დასაწყისში ეროვნული ვალუტის გამყარებაზეც მეტ-ნაკლებად დადებითად იმოქმედა. მას ლარის სტაბილურობის ერთ-ერთ მიზეზად რეგიონში არსებული ვითარებაც მოჰყავს. მიუხედავად ამისა, როგორც ჭარაია ვარაუდობს, გამყარებული ლარი დიდი ხნით ვერ შენარჩუნდება და სამომავლოდ გარკვეული სახის რყევები მოსალოდნელია.

"არა მარტო მენავთობეებმა, არამედ ყველა იმპორტიორმა კომპანიამ, ვისაც კი შესაძლებლობა ჰქონდა, გარკვეული მარაგი შემოეტანთ ახალ წლამდე, ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ასეთი ტემპით განაგრძობს ეროვნული ვალუტა გამყარებას. რეგიონული არასტაბილურობიდან გამომდინარე (ბოლო პერიოდში თურქული ლირა კიდევ უფრო გაუფასურდა, ამ დროს ლარი პირიქით გამყარდა) ეს საკმაოდ პარადოქსული მოვლენაა და არა მგონია, საერთო ჭრილში ჯდებოდეს.

გარკვეულმა ვითარებამ მართლაც უბიძგა ლარს გამყარებისკენ. ერთ-ერთი მიზეზია ქვეყანაში იმ მარაგის შექმნა, რაც ახალ წლამდე მოახერხეს იმპორტიორმა კომპანიებმა. მთლიანობაში ლარის კურსის გამყარების დიდი იმედი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონია და ტურიზმიდან შემოსავალიც არ არის მცირე.

იანვარ-თებერვალი ყოველთვის რთულია. ხშირ შემთხვევაში წინა წლის სიკეთეები გადმოჰყვება ხოლმე პირველ კვარტალს, მაგრამ მარტამდე მაინც საკმაოდ ძნელია ეკონომიკისა და სხვა სფეროებისათვის, რადგან ეს არის ძალების აღდგენის პერიოდი. ამ დროს, ჩემი აზრით, ლარის სტაბილურობას ისევ შეექმნება გარკვეული პრობლემა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეს მუდმივად არ გაგრძელდება. ვერც დოლარი იქნება სტაბილურად მყარი მსოფლიოში და გარკვეული დროის შემდეგ ლარის პოზიციის გაუმჯობესება ისევ არის მოსალოდნელი, თუმცა არა მოკლევადიან პერსპექტივაში. ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჭარაიამ.

ლარის დასტაბილურებას საახალწლო პერიოდს უკავშირებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, წინასაახალწლო პერიოდში ლარზე მოთხოვნა გაზრდილი იყო. ამან მოსახლეობაში გადანახული დოლარის დახარჯვა გამოიწვია და ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახა. იგივე ვითარებაა ძველით ახალი წლის დღეებშიც, რაც ვალუტის ცოტათი დასტაბილურებას გამოიწვევს.

"იმისათვის, რომ ვთქვათ, რამ გამოიწვია უცხოური ვალუტის გადინების შემცირება, საჭიროა, გვქონდეს მოხმარების სტატისტიკა, რომელიც გვაჩვენებს, რომ შემცირებულია სიგარეტის ან საწვავის მოხმარება ქვეყანაში. ჩვენ ასეთი ტენდენცია არ გვაქვს, უბრალოდ, მოხდა სეგმენტაცია, მომხმარებელი გადავიდა დაბალი ხარისხის თამბაქოზე და საწვავზე. ეს უფრო შეეხო თამბაქოს მიმართულებას. ნავთობპროდუქტების კუთხით ცვლილება თითქმის არ ფიქსირდება. მცდარი იქნება ამას დავაბრალოთ ეროვნული ვალუტის დასტაბილურება.

ლარის ბოლოდროინდელი დასტაბილურება უკავშირდება საახალწლო პერიოდს. ამ დროს მოთხოვნა ვალუტაზე ისედაც გაზრდილია, რაც გადანახული დოლარის დახარჯვას იწვევს და ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახება. ძველით ახალი წლის დღეებია და იგივე ვითარებაა ბაზარზე, რაც წინასაახალწლო პერიოდში. ეს მცირედი დასტაბილურების განმაპირობებელია. ჩვენ თუ განვიხილავთ ამას საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ მხრივ უფრო სერიოზული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ასე თუ ისე დასტაბილურება არ უნდა იყოს სამომავლოდ ეკონომიკური ტენდენციის განმსაზღვრელი. მისი ინფორმაციით, საახალწლო პერიოდის შემდეგ აქტივობა დაბალია და ნებისმიერ ვალუტაზე მოთხოვნა შემცირებულია. სპეციალისტი უახლოეს რამდენიმე კვირაში ვალუტის მერყეობას არ გამორიცხავს, თუმცა იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ვითარება კალაპოტში ჩადგება.

"ლარის კურსის სტაბილურობას ვერ განვსაზღვრავთ რამდენიმე დღის მონაცემებით. ხანგრძლივი პერიოდი უნდა ავიღოთ იმისათვის, რომ ვთქვათ, ლარის კურსი რამდენად სტაბილური იყო. ახალი წლის შემდეგი დღეებია და აქტივობა ძალიან დაბალია. ეს განაპირობებს იმას, რომ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც დაასტაბილურა ეს კურსი.

ვერ ვიტყვით, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება და ლარი შესამჩნევად გამყარდება. მოსალოდნელია ვალუტის მერყეობა, მაგრამ რამდენად ძლიერი იქნება ეს რყევა, ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

იანვარი იმდენად რთული თვეა, ძნელი იქნება გადაჭრით ვთქვათ, თუ რომელმა ფაქტორმა იმოქმედა ლარზე სასიკეთოდ. ამის შეფასება სამომავლოდ იქნება შესაძლებელი. იმ ფაქტორებს, რომლებიც ლარზე მოქმედებს, ძალიან სუსტი აქტივობა გააჩნია. სამომავლოდ მათი გააქტიურება გამოკვეთს, თუ რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გამყარება", - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×