"შეთანხმება არ ეხება საქართველოში შუა აზიური საწვავის იმპორტს"
მარი ჩიტაია
14.01.2017

 თურქმენული ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს დაუბრუნდება. ეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით 60 მლნ ლარს მოუტანს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებით საქართველო განებივრებული არ არის. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, თურქმენული ნავთობის ტრანზიტის შესრულებით ქვეყნის მიმართ ნდობა გაიზრდება და გაჩნდება მეტი შესაძლებლობა, რომ საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მეტმა ტვირთმა გაიაროს.

მიღწეული შეთანხმებით, თურქმენეთთან კონტრაქტი 3-წლიანია. საქართველოს დერეფანში წლიურად 1,5 მლნ ტონა, ჯამურად კი, 4,5 მილიონი ტონა ნავთობის გატარება მოხდება. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი დერეფანში გადზიდვების 30%-ს შეადგენს. აქედან, უდიდესი წილი სწორედ სარკინიგზო ტრანზიტის შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის პკ ტრანზიტის ხელმძღვანელის, დავით ჩივაძის განმარტებით, თურქმენეთთან დადებული ხელშეკრულება ქვეყნის მიმართ ნდობის გამოცხადებას ნიშნავს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ხელშეკრულების დადება ძალიან რთული იყო.

"ეს შეთანხმება მართლაც უპრეცედენტოა, ვინაიდან 3-წლიანი კონტრაქტი პირდაპირ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და საქართველოს რკინიგზისადმი ნდობას. რასაკვირველია, რთული იყო ასეთი დიდი ხელშეკრულების დადება იმისთვის, რომ ტვირთი საქართველოში წამოსულიყო, საქართველოს მთავრობა და რკინიგზის ხელმძღვანელობაც აქტიურად იყო ჩართული. ჩვენი უპირატესობა კი რკინიგზის კარგი პირობები და კარგი მუშაობა იყო", - აღნიშნა ჩივაძემ "კომერსანტთან" საუბრისას.

მიღწეულ შეთანხმებას ასევე უპრეცედენტო ფაქტად აფასებს "კასპიან ტრანზიტის" გენერალური დირექტორი რატი ღვამბერია, რომლის განცხადებითაც, ქართულ მხარეს ტენდერში გამარჯვებულის წოდება უკვე გადაეცა. მისივე თქმით, ქართული მხარე მომართული იქნება, რომ საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მეტმა ტვირთმა გაიაროს.

საქართველოს სატრანზიტო დერეფნით გადის ასევე აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობიც. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, მხარეებს შორის შეთანხმება მხოლოდ ტრანზიტს შეეხება. რაც შეეხება ქართულ ბაზარზე თურქმენული ნავთობის რეალიზაციას, ეს საკითხი არც განიხილება.

"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თურქმენული ტვირთი საქართველოს სატრანზიტო დერეფანში გაივლის. საქართველოს საშუალებით ხდება, მაგალითად, აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ანუ ჩვენი კორიდორის გამოყენება რკინიგზის გავლით, რის შემდეგაც ტვირთი უკვე პორტების საშუალებით გავა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს.

ცხადია, შეთანხმება არ ეხება საწვავის იმპორტს. ტრანზიტული ტვირთი არის ნედლი ნავთობი და მის მიმართ ინტერესი არც შეიძლება გვქონდეს, რადგან ჩვენთან წარმოება-გადამუშავება არ ხდება. ცხადია, რაც მეტი ტვირთი გაივლის, მეტი შემოსავალი ექნება როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე ბიუჯეტშიც დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის შესაძლებლობას შექმნის", - განაცხადა მთვრალაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2007-08 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღნიშნული ტვირთის გადამისამართება მახაჩყალის მიმართულებით, ნოვოროსისკის პორტში მოხდა. 2013 წლიდან საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართვით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფანში დაბრუნების თაობაზე. 7 წლის შემდეგ, თურქმენული ტვირთი საქართველოს დერეფანს დაუბრუნდა - 2015 წლის პირველი საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია "კასპიან ტრანზიტის" მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე 1,3 ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×