საფონდო ბირჟის რეფორმის პროცესში ეროვნული ბანკის მონაწილეობა სპეციალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ სებ-ი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმას იწყებენ. ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ რეფორმაში სებ-ის ჩართვით საბანკო სექტორი საფონდო ბირჯაზე დომინანტ ფუნქციას შეინარჩუნებს, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და შედეგად ქვეყანა ფორმალურ რეფორმას მიიღებს.
ახალი პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას. რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს ერთობლივად შეიმუშავეს.
საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან აღნიშნული ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის განვითარების კუთხით.
"პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პროცესების ავტომატიზაციას, გამარტივებას და უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს გახდის საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის ოპერაციებს. იგი ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობის და ლიკვიდობის ზრდას, ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტების, ინვესტორებისა და ემიტენტების გამოჩენას, რაც, თავის მხრივ, გაუადვილებს ადგილობრივ კომპანიებს კაპიტალზე წვდომას", - განაცხადა ფარესიშვილმა.
პროექტი განხორციელდება ისეთ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა უსი (ევროპის ცენტრალური ბანკი), უიკვ და სდუფკთეკუფქ. პროექტის ხარჯებს ეროვნული ბანკი, საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი გაინაწილებენ. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
"ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვით სისტემა უკვე მთლიანად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს მოემსახურება. ეს ხელს შეუწყობს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის გაადვილებას, ვინაიდან ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა უფრო საიმედო და თანამედროვე ხდება", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
რეფორმის მიმართ კრიტიკა სწორედ სებ-ის მონაწილეობას უკავშირდება. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ საფონდო ბაზრის განვითარება ეროვნული ბანკის პრიორიტეტი არ არის. საფონდო ბაზრის სპეციალისტ ვახტანგ ხომიზურაშვილს არც ის მიაჩნია სწორად, რომ საფონდო ბაზრის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკშია.
"სებ-მა უნდა მიხედოს ბანკთაშორის ორგანიზებულ ბაზარს, რომელიც, პირველ რიგში, სავალუტო ბაზრის რეგულაციების შემოღებას და საბირჟო მექანიზმის გამოყენებას მოიცავს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ფასიანი სახელმწიფო ქაღალდების მეორადი მიმოქცევის სისტემატიზაცია მოახდინოს. სებ-ს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არაფერი ესაქმება, რამდენადაც იგი საბანკო სისტემის ალტერნატივაა.
კომპანიებს უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით მოიზიდონ კაპიტალი. ბანკებს, რასაკვირველია, არ აწყობთ საფონდო ბაზრის განვითარება, რამდენადაც მოთხოვნა სესხებზე შემცირდება. ამდენად, იდეა, რომ ბანკთაშორისი და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ერთ სივრცეში მოაქციონ, არის უტოპია, რომელიც სათანადო დონეზე ვერასდროს განხორციელდება", - აცხადებს ხომიზურაშვილი.
განსხვავებული პოზიცია აქვს სპეციალისტების მეორე ნაწილს, რომლებიც პროექტის ინიციატორებს მოუწოდებენ, აქციების ხალხში გავრცელებას შეუწყონ ხელი, რათა ფასიანი ქაღალდების ბაზარი რეალურად განვითარდეს და კაპიტალისთვის არეალი გაფართოვდეს.
როგორც ფინანსისტი დავით წიქარიძე განმარტავს, რეფორმა მოითხოვს ახლებურ მიდგომას, კანონმდებლობის შეცვლას და ახალ მოთამაშეებს, რაც ფასიანი ქაღალდის ბაზარზე რეალური განვითარების პერსპექტივას შექმნის.
"არ მაინტერესებს, ვინ არის პროექტის ინიციატორი. სახელმწიფოსთვის კარგი საქმე კეთდება და ეს არის მთავარი. სერიოზული მიდგომაა საჭირო, მხოლოდ ფულის გამო არ უნდა გაკეთდეს. ნებისმიერს დავუჭერ მხარს, ვინც საქმის გამკეთებელია. ბანკების კონტროლზე არ არის ლაპარაკი. ის ფული, რომელიც დღეს მიდის საბანკო დეპოზიტების სახით, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წავა.
ცხადია, ბანკებს დააკლდება ფული, მაგრამ ეს მათ საქმეს არ გააფუჭებს. არანაირი კატასტროფა და დიდი პრობლემა ბანკებს არ ექნებათ, თუკი ბრუნვის რაღაც სეგმენტს დაკარგავენ. ბანკებს თავისი ინტერესიც აქვთ, განვითარდეს ეს სფერო, რადგან მისი მეშვეობით თავიანთ აქტიურობასაც გაზრდიან. დღეს ეს სფერო ნულოვან დონეზეა საქართველოში, ფორმალურად არსებობს. მით უმეტეს, ხალხისთვის საერთოდ არ არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ აქციები ხალხში გავა და კაპიტალზე წვდომა არ შეიზღუდება", - აცხადებს დავით წიქარიძე.