იურისტთა ვარაუდით, საქმის სირთულის გამო უზენაეს სასამართლოს, შესაძლოა, კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევა მოუწიოს
თიკო ოსმანოვა
14.01.2017

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სამართლებრივი დავა დასასრულს უახლოვდება. კანონით, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ბედი 10 დღეში უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, იურისტები ეჭვობენ, რომ სასამართლო განხილვის ვადას გადააცილებს, რადგან როგორც ცნობილია, სირთულის გამო საქმე დიდ პალატას ცოტა ხნის წინ გადაეცა, ხოლო 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ჯერ არ დაკომპლექტებულა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია (60% ქიბარ ხალვაშის, 40% მისი კუთვნილი კომპანიის), თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო ტელევიზიის მართვას ვერ ახერხებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოება, რის შემდეგაც, გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს არხის მართვის სადავეების ხელში აღებას.

უზენაეს სასამართლოს საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6 თვიანი ვადა აქვს, რომელიც 25 იანვარს იწურება. საქმის არსებითი განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმის სირთულის გამო ტელეკომპანიის ბედს 3 მოსამართლის ნაცვლად 9 მოსამართლე გადაწყვეტს.

როგორც იურისტები ამბობენ, სასამართლოს კოლეგია ჯერ არ დაკომპლექტებულა. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ საქმის განხილვა 25 იანვრამდე ვერ მოესწრება.

"ისიც არ ვიცი, შეიკრიბა თუ არა შემადგენლობა და როდის არის განხილვის დღე. როგორც ცნობილია, საქმე დიდ პალატას გადაეცა და 9 მოსამართლემ უნდა განიხილოს. სხვა არაფერი არ არის ჩვენთვის ცნობილი.

"სასამართლოს კანონით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა ახლა იწურება. თუმცა, როგორც წესი, ეს ვადები ხშირად ირღვევა. უზენაეს სასამართლოს გაცილებით მეტი დრო სჭირდება საქმის განხილვისთვის. ასე რომ, ნამდვილად არ ვიცი, მოხერხდება თუ არა 25 იანვრამდე საქმის დასრულება.

"ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა, გამორიცხული არაფერია. პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ ვადები ზოგჯერ რამდენიმე დღით, ზოგჯერ თვეობით ირღვევა", - გვითხრა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.

იგი დარწმუნებულია, რომ როგორც წინა ინსტანციებში, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნება გამოტანილი.

"იმედი გვაქვს, რომ საქმე ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება. გავეცანი უზენაესი სასამართლოს კოლეგიის განჩინებას დიდი პალატისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. გარკვეული ნიუანსებია, რომელსაც ნაწილობრივ ვეთანხმებით და ნაწილობრივ - არა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც წარდგენილი იყო სამივე ინსტანციაში, დასაბუთებულია და, წესით, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს ეს დავაც. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სალია.

ის, რომ საქმეს 3 მოსამართლის ნაცვლად დიდი პალატა იხილავს, გარკვეულ იმედს აძლევს "რუსთავი 2-ის" დაცვის მხარეს, თუმცა პროგნოზის გაკეთება ადვოკატ თამთა მურადაშვილს მაინც უჭირს.

"ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ისიც კი არ ვიცით, დიდი პალატა დაკომპლექტდა თუ არა. ბოლოს, როცა გადავამოწმეთ, ჯერ შემადგენლობაც არ იცოდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება გადააცილონ კანონით დადგენილ ვადებს.

"არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ფაქტია, რომ სამმა მოსამართლემ ვერ შეძლო "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგოდ გადაეწყვიტა საქმე. ეს ერთი მხრივ, კარგია, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი.

"სასამართლოში ვადის გადაცილება ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთადერთი ჩვენი საქმე იყო გამონაკლისი, როცა პირველმა და მეორე ინსტანციამ განსაკუთრებული სისწრაფით გამოიტანეს გადაწყვეტილებები.

"დიდ პალატას რომ გადაეცა, ეს გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობამ არ აიღო თავის თავზე ის უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც იყო დაგეგმილი. ეს კარგის ნიშანია იმ კუთხით, რომ არ იქნა მიღებული სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ახლა კი რამე თუ იქნება, მთლიანად სასამართლოს მოუწევს ამაზე პასუხისმგებლობის აღება.

"სასამართლომ რომ უკან დაიხიოს, ამის მოლოდინი არ გვაქვს. უბრალოდ ვნახოთ, მოსამართლეები რამდენად გაუძლებენ ზეწოლას", - უთხრა "რეზონანსს" მურადაშვილმა.

საქმის დასრულებასთან დაკავშირებით რაიმე ლოგიკური მოლოდინი არ აქვს არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას.

"როგორ შეიძლება რამე ლოგიკური მოლოდინი მქონდეს, როცა ყველაფერი უკანონოდ და ალოგიკურად ხდება. მაგრამ, საბედნიეროდ, ლოგიკურად პროცესები ქვეყნის გარეთ მიმდინარეობს. ვნახოთ, საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის სასამართლო სისტემა გადაწყვეტს თუ არა, დაუპირისპირდეს საერთაშორისო თანამეგობრობას", - გვითხრა გვარამიამ.

"რეზონანსის" კითხვაზე, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ეს დავა მათ სასარგებლოდ არ გადაწყდა, გვარამია ამბობს, რომ რაღაც გეგმები აქვს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×