სეპარატისტული ხელისუფლება ახალგორის რაიონის შესასვლელში "საბაჟო გამშვები პუნქტის" გახსნას გეგმავს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, საქარველო არ აღიარებს არანაირ საბაჟო პუნქტს. რაც შეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მისი თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, მათთვის რაიმე შეიცვალოს, რადგან ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ტვირთი არ შედის.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე საბაჟო პუნქტის შესაძლო გახსნის თაობაზე განაცხადა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.მურატ ცხოვრებოვის თქმით, "რაზდახანის" გამარტივებული გამშვები პუნქტის ადგილას ლენინგორის რაიონში შეიძლება საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნას".
"დღეის მდგომარეობით "რაზდახანს" მხოლოდ რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. აგვისტოში ჩვენს კოლეგებთან ერთად შევამოწმეთ, თუ როგორ მუშაობს გამშვები პუნქტი. შევამოწმეთ, თუ რა რაოდენობის საქონელი შემოაქვთ, ყველა ავტომობილი, ყველა მონაცემი ჩავიწერეთ და მთავრობას გადავეცით", - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობისგან უკვე მიიღო წინადადება საბაჟო პუნქტის გახსნის თაობაზე, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებზე ჯერ არაფერია ცნობილი.
ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, საბაჟო პუნქტის გახსნის შემთხვევაში საქონლის შემოტანის გადასახადი და სანიტარიული ნორმები დაწესდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს ესაუბრა.
"არ მგონია რამენაირი საბაჟო პუნქტი გაიშვას ამ მიმართულებით. ჩვენი მხრიდან არაფერი არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება რუსების და ოსების მხარეს, რაც უნდა ის გააკეთონ, რადგან ჩვენი მხრიდან ეს საბაჟო პუნქტი არასდროს არ იქნება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არცერთ გამშვებ პუნქტს არ ვაღიარებთ და ამ მხრივ ჩვენთან კონტაქტი არ იქნება.
"რაც შეეხება მოსახლეობას, არ მგონია, მათთვის რამე შეიცვალოს, რადგან დიდი რაოდენობის ტვირთი იქ მანქანით ვერ შედის და ხელით რაც მიაქვთ, ისეთი რაოდენობა არ არის, რომ "საბაჟოზე" გაატარონ.
"ეს ინფორმაცია უნდა შევისწავლოთ, რადგან ახლა გავიგე და მომავალ კვირას შემეძლება, დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.