"უკრაინული ვიკილიქსი" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კობა ნაყოფიას საუბრის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ისინი პარტიის სამომავლო გეგმებსა და "ნაცმოძრაობისგან" გამოყოფილი ე.წ. ბოკერიას ფრთის შესახებ დახურული ინფორმაციების მოპოვების შესახებ საუბრობენ. უფრო სწორად, საიტზე გამოქვეყნებულია საუბრის სტენოგრამა და არა აუდიო ჩანაწერი.
თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ მიმოწერის ავთენტურობას არ ადასტურებენ, ხოლო რაც შეეხება ყოფილ "ნაციონალებს", ისინი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ექსპერტების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერი შესაძლოა მართლაც ავთენტური იყოს და სააკაშვილის სამომავლო გეგმებსაც ასახავდეს, თუმცა იქვე ამბობენ, რომ შესაძლოა ფარული მიმოწერა პროვოკაციულ მიზანს ემსახურებოდეს, რომელიც ისევ და ისევ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დასაზარალებლად შეიქმნა.
ცნობისთვის, სააკაშვილისა და ნაყოფიას საუბარში სამომავლო გეგმებზე საუბრისას რამდენიმე კონკრეტული პირია ნახსენები. მაგალითად, "უკრაინული ვიკილიქსის" მონაცემებით, სააკაშვილი ამბობს, მან "ნაცმოძრაობის" წევრ ეკა ხერხეულიძის დახმარებით საქართველოდან ძალიან სერიოზული და საინტერესო მასალები მიიღო
"ხერხეულიძემ ჩამომიტანა, ხათუნა ოჩიაურს გამოუტანებია. მაგის დას ჩავარდნია ჩერგოიდების ჩატის მიმოწერები..." - წერს სააკაშვილი კობა ნაყოფიას, სადაც ასევე უმატებს, რომ ინფორმაცია დახურული ხასიათისაა და ე.წ. ბოკერიას ფრთის წარმომადგენლების სამომავლო გეგმებს ეხება.
"დახურული ჯგუფის მიმოწერაა, ბომბი ინფორმაციაა, მაგ უმადური იდიოტების გეგმებია, ერთ ამბავში არიან, გადაბირებაზე მუშაობენ. არ ვაპატიებ, ჩემზე რასაც წერენ, გავყრი სუყველას. ჩემთან რომ მოხვალ, მერე წაგაკითხებ," - ამბობს სააკაშვილი ფარულ ჩანაწერში.
ამის საპასუხოდ კი დეპუტატი კობა ნაყოფია კონკრეტულ თანხასა და პიროვნებაზე საუბრობს:
"როგორც მითხარით, მივეცი ელისოს 4 000 დოლარი. მადლობა შემოგითვალათ, შემართებითაა და შევუტევო ძაანო. როგორც ვუყურებ, ეგ იმენნა ჩვენიანია," - პასუხობს კობა ნაყოფია.
სააკაშვილი კი მას "ბინძურ ქალად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ამ კონკრეტული პირის მეშვეობით ბოკერიას ფრთის დასაზარალებლად გამოიყენებს.
ამ ჩანაწერის მიხედვით, ექს-პრეზიდენტი იმასაც აზუსტებს, რომ ერთი თვის წინ ელისო მასთან უკრაინაში იმყოფებოდა, რა დროსაც შეთანხმების საფუძველზე ფინანსური ანაზღაურება ისევ მიიღო. სააკაშვილის თქმით, ვინმე ელისოს "ფულს ადრე დავით კეზერაშვილი უხდიდა, რომელიც ახლა ბოკერიას შეეკრა." მისივე თქმით, ამის გამო ცოტა ხნით "ელისოს გასტუმრება თავად მოუწევთ."
"გვჭირდება ეგ ქალი და უნდა გავაგრძელოთ. კეზერა მგონი უფრო მსუყედ კვებავდა და შესაძლოა დაფინანსების გაზრდაც არ იყოს ურიგო, თქვენ როგორც გადაწყვეტთ," - პასუხობს დეპუტატი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩანაწერის ავთენტურობას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ. მათგან გამოყოფილ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არ სურთ.
სხვა ყოფილ "ნაციონალებს" კი ეს ამბავი და საერთოდაც, ამ პარტიაში განვითარებული მოვლენები არ აინტერესებთ.
"არ მაინტერესებს ეს თემა და რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი?!" - ასე გვიპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა და ახლა უკვე პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ.
ექსპერტების ნაწილს კი მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ყოფილ პრეზიდენტსა და დეპუტატ ნაყოფიას შორის აღნიშნული დიალოგი მართლაც შედგა და ის პარტიის სამომავლო გეგმებს რეალურად ასახავს, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, ფარული მიმოწერა პროვოკაცია იყოს და მიზნად, უშუალოდ სააკშვილისა და მისი თანაპარტიელების დაზრალებას ისახავდეს.
"ექსპეტთა კლუბის" პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც საგამოძიებო ორგანოები გულხელდაკრეფილნი არიან, გამორიცხული არაა ჩანაწერი პროვოკაციული იყოს.
"ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში ვერც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დიალოგი ამ ორი პირს შორის მართლაც ყოფილიყო. თუმცა ამასთანვე, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ შესაძლოა, ეს თითიდან გამოწოვილი პროვოკაცია იყოს. რატომ? - იმიტომ, რომ გულხელდაკრეფილი საგამოძიებო ორგანოები ქვეყანაში ან დოყლაპიებით არიან სავსე, ან სულაც მავნებლებით.
"თუ ეს ჩანაწერი მხოლოდ პროვოკაციულია, მაშინ ის მხოლოდ მათ აწყობთ, ვისაც სააკაშვილის მიმართ ნეგატიური მუხტის გაძლიერება სურთ. ამ შემთხვევაში სულ ერთია ვინაა ამ დიალოგის ავტორი თუ მფლობელი, მიზანი ამ ფარული ჩანაწერისა მხოლოდ კონკრეტული პირებისა და "ნაცმოძრაობის" დაზარალებაა," - განუცხადა "რეზონანსს" ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, არც ისაა გამოვრცხული, რომ სააკაშვილი ახალი ბრძოლოს დასაწყებად შესაძლოა ახალ მასალებს თუ კონკრეტულ მაკომპრომატირებელ ფაქტებს მართლაც აგროვებდეს და ამაში ხელს კონკრეტული პირები უწყობდნენ.
"ყოველ შემთხვევაში, ფარული ჩანაწერები რომ დღევანდელი სახელმწიფოს თანმდევი პროცესია და გასაკვირი რომ არაა, თქვენც კარგად იცით. ცრუ ინფორმაციაც რომ იყოს, მერე რა? ვინმე გამოიძებს თუ რა? - არა, ბატონო ჩემო, გავრცელდება და ამით მორჩება კინო.
"ვიდრე სახელმწიფო უსუსურია, გამოიკვლიოს ამ ჩანაწერების წყარო, მანამდე ასეთ მავნებელ ინფორმაციებს კიდევ წავაწყდებით. თუმცა, არც ისაა, გამორიცხული სააკაშვილი ახალ მასალებს მართლაც აგროვებდეს," - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.