"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი დაკარგა. გაყოფის შედეგად პარტიის ეგიდით საკრებულოში შესული 7 დეპუტატიდან სამი ე.წ. სააკაშვილის გუნდში რჩება, სამიც - ბოკერია-უგულავას ფლანგზე. გადამწყვეტი ხმა კი მეშვიდე დეპუტატს - სევდია უგრეხელიძეს ეკუთვნის, რომელიც თავის არჩევანს ჯერჯერობით ასაიდუმლოებს.
"ნაცმოძრაობიდან" წამოსული დეპუტატების აზრით, ის ან მათ მოწინააღმდეგე გუნდში დარჩება, ან საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.
"ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში აქამდეც ორი ფრაქცია ჰქონდა. სწორედ ამ ორ ფრაქციაში გადანაწილდებიან დეპუტატები. მამუკა ახვლედიანი, თამაზ შოშიაშვილი და დავით ავალიანი, რომლებიც უგულავა-ბოკერიას გუნდში მოიაზრებიან, ფრაქციის ახალ სახელზე 16 იანვარს იმსჯელებენ. უკვე ცნობილია, რომ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იქნება.
რაც შეეხება მეორე ფრაქციას, რომელიც პარტიაში დარჩენილი წევრებისაგან დაკომპლექტდება, მას ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. მასში შევლენ თავად ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი და მარიკა დათუკიშვილი.
თემურ გრიგალაშვილი ჩვენთან საუბრისას ყოფილ თანაგუნდელებთან გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ დედაქალაქში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის.
"ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იმ პრობლემებზე მუშაობაა, რაც დედაქალაქისთვის აქტუალურია. ამას ვაკეთებდით დღემდე და ასე გავაგრძელებთ. მზად გვაქვს არაერთი ინიციატივა და პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური კუთხით. მათ განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ. საკრებულოში ნებისმიერ დეპუტატს მივესალმებით, რომელიც ჩვენს ინიციატივებსა და პროგრამებს მხარს დაუჭერს," - აღნიშნავს იგი.
ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩენილი თამაზ შოშიაშვილიც ეთანხმება და ამბობს, რომ იმ საკითხებში, რომლებზეც საერთო ინტერესი იქნება, ყველა ფრაქციასთან ითანამშრომლებენ.
"საკრებულოში, როგორც მოგეხსენებათ, "ქართული ოცნების" უმრავლესობაა, რომელიც დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილ საითხებს, თუნდაც ბიუჯეტს, მხარს უჭერს. არადა, ბიუჯეტი, რომელიც 2017 წლისთვის დაიგეგმა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან თბილისის პრობლემებს არ ეხმიანება.
"ნარმანიას მუშაობით არა მხოლოდ საკრებულოს ოპოზიცია, არამედ თბილისელების უმრავლესობაც უკმაყოფილოა. აქედან გამომდინარე, საერთო პოზიციები გვექნება. ბუნებრივია, განსხვავებული შეხედულებებიც იჩენს თავს, მაგრამ რაც ნარმანიას და მერიის მუშაობას შეეხება, ვფიქრობ, ამაში ერთმანეთს დავემთხვევით," - აღნიშნავს იგი.
დეპუტატი "რეზონანსთან" ინტერვიუში საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. მისი თქმით, გიგი უგულავასთან ერთად აღმშენებლობის გზა გაიარა და სწორედ ამიტომ დადგა ახლაც მის გვერდით.
"ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, "ნაციონალური მოძრაობის" შენარჩუნება შეუძლებელი გახდა და პარტია გაყოფისკენ წავიდა, მე ის პოზიცია დავიჭირე, რომელიც აქამდე მეჭირა. დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ იმ ადამიანებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი," - განგვიცხადა შოშიაშვილმა.
ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ გადაწყვეტილებას ელის სევდია უგრეხელიძის მხრიდან და ფიქრობს თუ არა, რომ იგი მათ შეუერთდება, შოშიაშვილი გვპასუხობს, რომ ამის იმედი არ აქვს.
"ქალბატონი სევდიას პოზიცია არ ვიცი, მაგრამ ის უფრო "ნაცმოძრაობის" ფრაქციაში გაწევრიანდება, ან დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება," - განმარტავს დეპუტატი.