ექსპერტთა თქმით, თუკი სააკაშვილისა და ბოკერიას გუნდებმა ერთმანეთის მამხილებელი მასალების გამოქვეყნება დაიწყეს, ამით მოგებული "ოცნება" დარჩება
ეკატერინე ბასილაია
14.01.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" ორად გახლეჩა მოსალოდნელზე მეტად სკანდალური და შეურაცხყოფით სავსე განცხადებებით შედგა, თუმცა ეს დაპირისპირება მხოლოდ ურთიერთლანძღვით გაგრძელდება, თუ გადაიზრდება კომპრომატების ომში და "სისხლიანი 9 წლის" ამბების ერთმანეთისთვის გადაბრალებაში, ჯერ უცნობია.

საზოგადოებისა და პოლიტოლოგებია დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიერ შენარჩუნებული გუნდიც და ასევე მისგან გამიჯნული ბოკერია-უგულავას გუნდიც ერთმანეთზე საკმაო რაოდენობის კომპრომატებს ფლობა, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, "შანტაჟისთვის" შექმნილი კადრების სააშკარაოზე გამოყრა, წესით, არც ერთ მხარეს არ უნდა აძლევდეს ხელს და, დიდი ალბათობითაც, ერთმანეთის ძველ ცოდვებში დადანაშაულებაც ღიად მოსალოდნელი არ არის.

თუმცა არ გამორიცხავენ, ადგილობრივი არჩევნები წინ, მაშინ, როდესაც ამომრჩეველზე ყველაზე კარგად მუშაობს კომპრომატების გამოფენა, უკრაინული "ვიკილიქსის" თუ სხვა ინტერნეტ საიტების საშუალებით გავრცელდეს "ერთმანეთის დანაშაულის" ფაქტები ისე, რომ დამკვეთი ღიად არ გამოჩნდეს. ოღონდ, პოლიტოლოგების თქმით, რთული იქნება იმის გარკვევა, ამ კომპრომატებს ერთმანეთზე გადამტერებული "ნაციონალები" გამოაქვეყნებენ, თუ თუნდაც, "ქართული ოცნება", რომლისთვისაც ჩანაწერებიც ხელმისაწვდომია და ამ კომპრომატების გასაჯაროებითაც იღებს სარგებელს.პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, კომპრომატები ის იარაღია, რომელიც თუ ადრე გაისროლე, ტყუილად ნასროლი იქნება, ხოლო კომპრომატების ომის დრო არჩევნების წინ არის და ამიტომაც მოლოდინი აქვს, კომპრომატები არჩევნების წინ გამოჩნდეს.

"ჯერ ვერ ვიტყვით, რას იზამენ, თუ ამ ორი გუნდის კანდიდატები არჩევნებზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებან, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება ატყდეს კომპრომატების ომი. ახლა რომ დაიცალოს რაიმე კომპრომატების რესურსი, არჩევნებამდე ეს მოსახლეობამ შეიძლება დაივიწყოს და ამიტომ დროზე ადრე კომპრომატები საჭირო არ არის ხოლმე.

"თუმცა, კაცმა რომ თქვას, "ნაციონალებს" თავად ამ პარტიის წევრობაც აქვთ კომპრომატად და პარტიის ის ისტორიებიც, რომლებიც ისედაც ცხადია. ამიტომაც შესაძლოა კომპრომატების ომი ზედმეტიც კი იყოს, იმდენად კომპრომეტირებულია პარტია," - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ორივე ფრთის მიმართ ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდება და ამიტომაც ხმების მოსაპოვებლად დიდ როლს ითამაშებს ის, თუ ვის ექნება მეტი ფინანსები და ასევე კომპრომატები, რომელსაც ადგილობრივი ლიდერები აამოქმედებენ იმათზე, ვისაც შეუძლია ხმების წართმევა.

საგულისხმოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის პროცესში არცერთ მხარეს არ დაუკლია შიდა მოწინააღმდეგის ლანძღვა-გინება.

შეურაცხყოფა პირველად სააკაშვილის გუნდის მიერ ნასროლი ფრაზებით დაიწყო - "სააკაშვილის გარეშე ნულები ხართ, ივანიშვილის მიერ მოსყიდულები, ახირებულები თუ ტოქსიკური ბალასტი, რომელიც პარტიამ ჩამოიშორა..." ამის საპირისპიროდ კი ბოკერია-უგულავას გუნდის მიერ ითქვა, რომ სააკაშვილი არის გუნდის პრობლემა, ჯართში მოსასროლი და პარტიაში დარჩენილი ბიბლიოთეკის "უკლონისტები" არარაობების დაჯგუფებაა.

გაყრის შემდეგ პარტია "ევროპულ საქართველოში" გადასულმა 58-მა ყოფილმა "ნაციონალმა" პარტიის გახლეჩაზე მთელი პასუხიმგებლობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კი წასულებს ერთგვარი ცინიზმით "წარსული 9 წელი შეახსენა".

"ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ. აბა, რა ექნათ, ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს," - "ფეისბუქზე" დაწერა თაქთაქიშვილმა.

რამაზ საყვარელიძის თქმით, "თაქთაქიშვილის ეს განცხადება შესანიშნავი წამოცდენა და ფაქტობრივად იმის აღიარებაც იყო, რომ იმ 9 წელს სისხლი ეცხო", თუმცა თვლის, რომ წარსულ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ორივე გუნდზე დაახლოებით თანაბრად გადანაწილდება.

"მარტო სააკაშვილი არ იყო პასუხისმგებელი, იდეების ავტორები და შემსრულებლები - იგივე ადეიშვილი, ბოკერია - წასულებში არიან. ცოდვიანი ფიგურები არცერთ მხარეს არ აკლია," - მიიჩნევს საყვარელიძე.

ის, რომ წარსული მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულთან ასოცირებული ადამიანები ორივე გუნდში არიან, ამაზე საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიაც საუბრობს.

მისი თქმით, ორივე გუნდის ხელში იქნება ერთმანეთზე კომპრომატებიც, თუმცა თვლის, რომ ამ ფორმით დაპირისპირების გაგრძელება ორივე გუნდისთვის წამგებიანია და აქედან გამომდინარე, მას კომპრომატებით ბრძოლის მოლოდინი მაინცდამაინც არ აქვს.

გამზარდიას განცხადებით, თუ ორივე ჯგუფი აღიარებს, რომ მათი მთავარი მტერი "ქართული ოცნებაა", მაშინ სიტუაციური მოკავშირეობა და ურთიერთობა დასჭირდებათ. ხოლო თუ მათ სიტუაციური მოკავშირეობაც არ ექნებათ, შესაძლოა პიროვნული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ვიხილოთ, სადაც კომპრომატებიც იქნება გამოყენებული და ნებისმიერი პოლიტიკური იარაღიც.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მორალით არ გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ წლების მეგობრობა კონკრეტული კერძო ინტერესებისთვის დაანგრიონ და არც ის იქნება გამორიცხული, თუკი ერთმანეთის წინააღმდეგ რამე გააჩნიათ, ამ კერძო ინტერესების გამო გამოიყენონ კიდეც.

"ამდენად, ბუნებრივია, კომპრომატები გამორიცხული არ არის, მაგრამ ერთადერთი, რაც ამის შემაფერხებელი შეიძლება იყოს, არის ის, რომ პარლამენტში მათ სიტუაციური მოკავშირეობა დასჭირდებათ. შიდა განწყობებს თავი რომ დავანებოთ, ისინი ერთი და იგივე პლატფორმისა და შეხედულებების გუნდები არიან.

"თუ ერთმანეთის მიმართ განცხადებებს გააკეთებენ, სიტუაცია კურიოზული აღმოჩნდება. მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ ჭიაბერაშვილი და ვოლსკი მელიას წინააღმდეგ. კონკრეტულ რეალობაში, წესით, ამ ფაქტორმა ისინი პარლამენტში იძულებით მაინც უნდა გააერთიანოს, იმიტომ, რომ მათ ორივეს წინ საერთო მტრები - "ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" ჰყავთ.

"ამდენად, ან რაღაც კვირებში ეს ჩოჩქოლი დალაგდება და მეტ-ნაკლებად ნორმალურ საზომში წავა ურთიერთობა, ან მოუწევთ მართლაც ერთმანეთს შორის წმინდა პიროვნული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის წარმოება და იქ უკვე კომპრომატი იქნება თუ ნებისმიერი ხელსაწყო, გამოყენებული იქნება... იმის გათვალისწინებით, როგორ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და ის, რა ტიპის კადრებზე არსებობს ინფორმაცია, გამორიცხული არ არის, ორივე მხარეს საკმარისი კომპრომატი რომ ჰქონდეს," - ამბობს გამზარდია, თუმცა იმასაც დასძენს, რომ "ნაციონალებზე" კომპრომატების გავრცელება დღეს ვინმეს თუ სჭირდება, ეს "ქართული ოცნებაა" და არა რომელიმე "ნაციონალი".

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დაშლილ "ნაციონალებს" შესაძლოა ხელი წასცდეთ კომპრომატებზე, მაგრამ ნებისმიერი კომპრომატების ომი ორივე ახლად ჩამოყალიბებულ სუბიექტს ავნებს და თუ მათ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების წაყენება და ანგარიშის გასწორება დაიწყეს, ამით "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს ოცნებებს მარტივად აუხდენენ.

"კომპრომატს ფლობენ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ასევე ადეიშვილი. ეს სამი მოქმედი პირი შესაძლებელია, რომ ერთ მხარეს არ აღმოჩნდეს, მაგრამ სამივეს შეცდომა იქნება, თუ კომპრომატების გამოქვეყნებას დაიწყებენ. მაშინ მკაფიო იქნება და "ქართულ ოცნებას" ჩამოსცილდება ლაქა იმისა, რომ რაიმე სახის პირადი ინფორმაცია, რომელიც მომავალში მედიასაშუალებებით გავრცელდება, წარმოშობით ისევ "ნაციონალური მოძრაობის" პროდუქტი იქნება," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული სტანდარტები ე.წ. ქურდული სამყაროს სივრცეში და მათ მსგავსად არც "მენშევიკებად" და "ბოლშევიკებად" გაყოფილი "ნაციონალები" დახევენ ერთმანეთის ტყავს, რადგან თავადვე წამოეგებიან არანაკლებ ბასრ ხანჯალს.

"რაც ახლა ხდება, ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხებით ხმალაობაა, იმის სურვილი, რომ საკუთარი თავი მოაწონონ პერსპექტიულ ამომრჩევლებს და განაქიქონ მათი მოწინააღმდეგე ნაწილი. ეს დრო მალე გაივლის და თუკი ვერცერთი მხარე ვერ მიხვდება, რომ ისინი ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არ არიან, რასაკვირველია, ეს იქნება ყველაზე მარტივად ახდენილი ოცნება "ქართული ოცებისთვის", - დასძენს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×