"საქართველოში აღარ რჩება მეტ-ნაკლებად ძლიერი ოპოზიციური პარტია და ქვეყანა გადადის ერთპარტიულ რეჟიმში, როგორც ჩანს, ძალზე დიდი ხნით, რაც არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის საჩუქრად", - აცხადებს სოსო ცინცაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პარტიის ორად გაყოფასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხი აქამდე არ ჩანს.
"რეზონანსი": როგორია თქვენი პროგნოზი, რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს ამ ორ ჯგუფს?
სოსო ცინცაძე: ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი დემოკრატიული წყობილება და დემოკრატიის პერსპექტივაა. დასანანია, რომ ქვეყანა გადადის ერთპარტიულ რეჟიმში.
ლაპარაკია იმაზე, რომ გაიყო პარტია. არადა, ჯერ არსად მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა იმის პრეცედენტი, რომ განხეთქილება ყოფილიყო პარტიაში და რომელიმე მხარე ამის შემდეგ გაძლიერებულიყოს. როდესაც ეს ორივე ფრთა აცხადებს, რომ ჩვენ უფრო მეტად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ივანიშვილის "ოცნებასო", ეს უცნაურად ჟღერს, ვინაიდან ერთად იყვნენ და ვერ დაამარცხეს და ცალ-ცალკე როგორ დაამარცხებენ?! ორივე ფრთა დასუსტდება.
"რ": თქვენი აზრით, მაინც რა გახდა მიზეზი, რომ პარტია პრაქტიკულად ორად გაიყო? და ვის მხარეს აღმოჩნდება ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობას" მისცა ხმა?
ს.ც.: ორივე ფრთის პოზიცია დღეს ის არის, რომ ისინი ძალზე რისკავენ მომხრეების ნდობის შენარჩუნების თვალსაზრისით. არცერთ ამ ფრთას არ ეყო გამბედაობა, რომ სიმართლე ეთქვა თავისი მომხრეებისთვის, თუ რა იყო ამ განხეთქილების მთავარი მიზეზი. ჩემი აზრით, ალბათ ეს იციან პარლამენტში წარმოდგენილმა რამდენიმე დეპუტატმა, პარტიის ერთმა-ორმა ლიდერმა და ალბათ ახალმა ლიდერმა უგულავამ.
რასაკვირველია, "ნაცმოძრაობის" მომხრეებს შორის ბევრს დაებადება ეს კითხვა - რა მოხდა? ამაზე პასუხს კი არავინ იძლევა. ყველა ლაპარაკობს, რომ პარტია დაუბრუნდა ხალხს და ის რჩება ხალხის პარტიად. ეს ძალიან ზოგადი შეფასებაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ის არის, რომ ქვეყნის მიერ თავისუფლების მოპოვების შემდეგ ყველა ლიდერი რაღაც დამოკლეს მახვილის ქვეშ რჩება.
გამსახურდიას წინაააღმდეგ გამოვიდნენ მისი უახლოესი თანამებრძოლები, ვინც გამსახურდიამ პოლიტიკოსებად შექმნა. იგივე ბედი ეწია შევარდნაძეს. ახლა სააკაშვილს დაუპირისპირდნენ მისი უახლოესი არა მხოლოდ თანამებრძოლები, არამედ მეგობრებიც. ამას რაღაც დასკვნებისკენ მივყავართ, რაც ცალკე საუბრის თემაა.
"რ": 20 იანვრის ყრილობასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?
ს.ც.: ვნახოთ, რა მოხდება 20 იანვრის ყრილობაზე, ვინ დარჩება პარტიის ლიდერად, დარჩება სააკაშვილი თუ ახალს აირჩევენ. როგორც ჩანს, სააკაშვილი დარჩება, ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს. ამბობს, რომ ვერ შეძლეს მისი პარტიიდან გაძევება, ანუ ის რჩება ლიდერად, მაგრამ აქ დგება საკითხი - ვინ უხელმძღვანელებს პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას საქართველოში.
ვთქვათ, პარტიის ქონების გაყოფა არ გახდა პრობლემა და შეიძლება ახალმა ჯგუფმა კეთილშობილი ჟესტით მთელი ქონება დაუტოვა "ნაცმოძრაობას", რა პოზიციას დაიკავებს ამის შემდეგ "რუსთავი 2"? რომელი ჯგუფის მხარეს დადგება? ეს მძლავრი რესურსია და ჯერ ეს უცნობია. ამიტომ ძნელია პროგნოზის გაკეთება, როგორ განვითარდება მოვლენები.
ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, რომ საქართველოში აღარ რჩება მეტნაკლებად ძლიერი ოპოზიციური პარტია და ქვეყანა გადადის ერთპარტიულ რეჟიმში, როგორც ჩანს, ძალზე დიდი ხნით, რაც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის საჩუქრად.