ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან სრული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამს. "სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდება", - ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაგიმ გასიევმა განუცხადა.
მისივე თქმით, სამხედრო ძალების გაერთიანება ბევრად უფრო ადრეც მოხდებოდა, რომ არა ადგილობრივი "სამხედრო მაღალჩნოსნების" უკმაყოფილება, რომელიც რუსულ არმიასთან შეერთების მათთვის კატეგორიულად მიუღებელ პირობებს ეხებოდა.
გასიევის თქმით, მოთხოვნები ლეგიტიმური იყო, თუმცა დღესდღეობით საკითხი უკვე "მხარეთა ინტერესების სრული გათვალისწინებით გადაწყვეტილია და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება".
"ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ოფიცრები, რომლებსაც მდიდარი სამხედრო გამოცდილება, საბრძოლო ჭრილობები, სახელმწიფო ჯილდოები აქვთ და წლებია, რაც საკუთარი ხალხის სამსახურში არიან, 18 წლის წვევამდელებს გაუთანაბრონ. ჩვენ მათ ღვაწლს დიდ პატივს ვცემთ და მათი დამსახურების აღიარებისათვის თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ", - განაცხადა გასიევმა.
სეპარატისტთა თავდაცვის მინისტრის პოზიციის ასეთი უეცარი ცვლილება გაუგებარია პოლიტიკური პარტია "ედინაია ოსეტიას" ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე გასიევისათვის.
"ამ საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ამის წინააღმდეგ ჩვენი სამხედროები აქტიურად გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა შესუსტდებოდა. ახლა კი ისინი სხვა რამეს ამბობენ. ეს ჩემთვის გაუგებარია", - უთხრა გასიევმა ჟურნალისტებს.
არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჯარების შერწყმაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში მოსკოვში გაფორმებულ "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის" ხელშეკრულებაში იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოდელი ჯარების შერწყმისა, კრემლმა 2015-2016 წლებში, საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში გამოიყენა. აფხაზი ოფიცრების ნაწილი ამ გადაწვეყილებას ნეგატიურად აფასებდა, თუმცა რუსებს ამან ხელი არ შეუშალა. მით უფრო ადვილი იქნება ამის გაკეთება "სამხრეთ ოსეთში" რომელიც რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ სუბიექტად შესვლის სურვილს არასდროს მალავდა.
ამასთან, ექაპრტთა თქმით, ოსი სამხედრო მაღალჩინოსნების ეს განცხადება მათი რუსი კოლეგების ზეწოლის შედეგი შეიძლება იყოს.
მოსკოვს, რომელსაც თავადაც ეკონომიკური პრობლემები აქვს, სულ უფრო მეტად უჭირს თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ იფლანგება მის მიერ ცხინვალისა და სოხუმისათვის გამოყოფილი თანხები. კორუფციის მასშტაბები ორივე სეპარატისტული რეგიონის ძალოვან სტრუქტურებში ძალიან დიდია. სამხედრო ძალების გაერთიანება კი მას ამ ფინანსური ნაკადის გაკონტროლების საშუალებას მისცემს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ჯარში 800-მდე სამხედრო მოსამსახურეა. რუსული მხარე მათ შეიარაღებას მძიმე ტექნიკითა და საარტილერიო დანადგარებით არც 2008 წლის აგვისტოს ომამდე თაკილობდა. საბრძოლო მოქმედებების შემდეგ კი გორის სამხედრო ბაზიდან ალაფის სახით გაყვანილი ტექნიკის მცირე ნაწილიც დაუტოვეს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალელი ჯარისკაცები წვრთნებს რუსულ ბაზაზე, ზოგჯერ კი საერთოდაც რუსეთის ტერიტორიაზე გადიან.
რეფორმის განხორციელების შემთხვევაში ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ახალწვეულები თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის დაწყების მსურველები უკვე ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ.
სამხედრო მიმომხილველის, გიორგი ინაურის თქმით, ეს ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ რეალურად ცხინვალსა და სოხუმში სიტუაციას რუსეთი განაგებს.
"ოს სამხედრო მაღალჩინოსნებს უშუალოდ რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა, რა თქმა უნდა, არ სურთ, რადგანაც ამ შემთხვევაში მათ ქმედებებზე კონტროლი გამკაცრდება, რაც მათ "ფულის კეთების" საქმეს, რითიც ამ დრომდე იყვნენ დაკავებულნი, გაურთულებს. ამასთან, სამხრეთი ოსეთი დაკარგავს სახელმწიფოებრიობის იმ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს, რასაც საკუთარი შეიარაღებული ძალები ჰქვია.
"თუმცა, აფხაზებისაგან განსხვავებით, მათ ეს ნაკლებად ადარდებთ, რადგანაც ისინი არა რეალურ დამოუკიდებლობას, არამედ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ესწრაფიან, რაც რუსეთის ხარჯზე მუქთად ცხოვრებას ნიშნავს", - თქვა მან "მთელ კვირასთან" საუბრისას.