თაკო მათეშვილი
16.01.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამ არეულობა არა მხოლოდ პარტიასა და პარლამენტში, არამედ რეგიონალურ საკრებულოებშიც შექმნა. ახლა თითოეულ მათგანში გაყოფის საკითხი ირკვევა - ვინ ვის გუნდში რჩება და რომელი ნაწილი ინარჩუნებს უფრო მეტ დეპუტატს.

ჯერჯერობით ლიდერებმაც არ იციან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რომელი რეგიონის საკრებულოში ეყოლებათ წარმომადგენლები და რამდენი. რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მდგომარეობა კი უკვე გარკვეულია. ზოგიერთ მათგანში "ნაცმოძრაობამ" წარმომადგენლობა საერთოდ დაკარგა, ზოგან კი პირიქით - არავინ გამოკლებია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს, თითქმის ყოველდღიურად ნაწილ-ნაწილ ვრცელდება.

ქუთაისი

"ნაციონალურ მოძრაობას" უკვე გამოეყვნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები - დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე. მათი თქმით, განხეთქილების მიზეზი პარტიის წევრებს შორის შეუთანხმებლობა გახდა.

"პარტიის გაყოფა ხდება. ერთი ნაწილი დარჩება, ნაწილი მეორეში გადავა. მე "ევროპულ საქართველოში" ვიქნები", - ამბობს დავით გოგისვანიძე.

"ვერ მოვილაპარკეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს პარტიამ, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება", - დასძენს ამირან ძოწენიძე.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრების გარდა, პარტია ქუთაისიდან წევრების თითქმის 70%-მა დატოვა - თავმჯდომარემ, მოადგილემ, აღმასრულებელმა მდივანმა, პოლიტსაბჭოს დიდმა ნაწილმა და პირველადი პარტიული ორგანიზაციების წევრებმა. ჯერჯერობით "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება ქუთაისის საკრებულოს ორი დეპუტატი - ბესიკ ბრეგაძე და გია უკლება, თუმცა უცნობია, მათი გადაწყვეტილება საბოლოოა თუ არა.

ფოთი

იგივე ბედი გაიზიარეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი შამუგიამ და ირაკლი დუნდუამ. ისინი ბრძოლას "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ" "ევროპული საქართველოს" სახელით გააგრძელებენ. შედეგად, "ნაცმოძრაობას" ფოთის საკრებულოში წარმომადენელი აღარ რჩება, ვინაიდან პარტიიდან იქ მხოლოდ ეს ორი ადამიანი იყო შესული.

"პარტიის დატოვება იყო ძალიან მძიმე, მაგრამ გარდაუვალი, რადგან პარტიაში იყო დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ვერ ვთანხმდებოდით.

აქედან გამომდინარე, ზარალდებოდა ქვეყანა და სამომავლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, მოქალაქეებს ვერანაირ პროგრესს ვერ ვთავაზობდით.

"დავტოვეთ პარტია და ბრძოლას ვაგრძელებთ, რომ ეს ხელისუფლება დროზე მოვიცილოთ, რათა ადამიანებს მიეცეთ საშუალება, ნორმალურად და მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში.

გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ ჩვენ საქმიანობას გავაგრძელებთ "ევროპული საქართველოს" სახელით", - განაცხადა ირაკლი დუნდუამ და დასძინა, რომ პარტია ასევე საქალაქო ორგანიზაციის წევრთა 70%-მა დატოვა.

ზუგდიდი

"ენმ"-ის ერთმა წევრმა დატოვა ზუგდიდის საკრებულო. ბართლომე შელიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო. მისი თქმით, გადაწყვეტილება რთული, მაგრამ გარდაუვალი იყო.

შელია წერს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის რეჟიმთან სერიოზულად მებრძოლი და კონკურენტული ახალი ოპოზიციის შექმნა და წარმატება გამორიცხულია.

"2010 წლიდან დღემდე იყო და არის პარტიულზე ბევრად უფრო ახლო, მეგობრული ურთიერთობებიც და, რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ვერანაირი პარტიული ინტერესები ამ მეგობრობას ვერ მოშლის...

"მე გემშვიდობებით! წარმატებები..." - წერს ბართლომე შელია.

ჯერჯერობით უცნობია ზუგდიდის საკრებულოს იმ დეპუტატების პოზიცია, რომლებიც იქ "ნაცმოძრაობიდან" მოხვდნენ.

ოზურგეთი

ოზურგეთის საკრებულოში არაფერი შეცვლილა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე იქ ხუთი დეპუტატი შეიყვანა, თუმც ერთი მათგანი პარტიიდან ადრევე გავიდა და გიორგი ვაშაძეს შეუერთდა. დარჩენილი ოთხივე დაპუტეტი კი პარტიის გაყოფის შემდეგ კვლავ "ნაცმოძრაობის" ეგიდით განაგრძობს საქმიანობას.

"პარტიიდან არავინ გასულა, ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო," - განგვიცხადა დეპუტატმა მიხეილ გოგოტიშვილმა.

"ამისთვის ჯერ არ გვეცალა..."

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არც "ნაცმოძრაობაში" და არც "ევროპულ საქართველოში" ლიდერებს სრული სურათის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. "ენმ"-იდან წასული დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ამ ეტაპზე რეგიონალურ საკრებულოებში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისათვის ნაკლებად ეცალათ, ამიტომ ჯერ არ იციან, თუ სად როგორი სიტუაციაა.

"მგონია, რომ იმ რაიონულ ორგანიზაციებში, სადაც ჩვენი მომხრეები დაფიქსირდნენ, შეიძლება, ჩვენი ფრაქცია შეიქმნას.

ახალციხეში ყველა ცალსახად ჩვენი მომხრე აღმოჩნდა. კახეთში შერეული სიტუაცია იყო. ასევე თბილისშიც. ვნახოთ, რა იქნება", - გვითხრა დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე ვერც "ნაციონალური მოძრაობიდან" გვაწვდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×