"ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდგომ, "ევროპული საქართველოს", ანუ ე.წ. ბოკერიას გუნდმა დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა, "მთელი კვირის" ინფორმაციით, პარტია ჯერჯერობით ოფისის გარეშეა.
რაც შეეხება უშუალოდ "ნაცმოძრაობას", ისინი მუშაობას ძველებურად, მთავარ ოფისში აგრძელებენ, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. პარტიის ქონებრივი საკითხის გადანაწილებაზე კი არც "ევროპულ საქართველოში" და არც "ნაცმოძრაობაში" არ საუბრობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, პარტიის ქონება მხოლოდ და მხოლოდ ენმ-ის საერთო საკუთრებაა და არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსისა. შესაბამისად, წიკლაური ამბობს, რომ მატერიალური რესურსის გაყოფაზე პრეტენზიის გამოთქმა და მით უმეტეს, მათგან წასული ერთი ჯგუფის მიერ სერიოზული ვერ იქნება.
"ნაციონალური მოძრაობა" არ გახლავთ მცირე ჯგუფისგან შემდგარი პარტია. ხოლო თუკი ვინმე ამ პარტიიდან წავიდა, ეს მისი არჩევანი იყო. რაც შეეხება პარტიის ქონებას, იქნება ეს ოფისები თუ სხვა რაიმე სახის ფართი, ის არ გახლავთ რომელიმე ცალკეული დეპუტატის თუ წევრის საკუთრება, ის ეკუთვნის პარტიას და შესაბამისად, ჩვენგან წასული ერთი ჯგუფი ამ ქონებაზე პრეტენზიას ვერ გამოთქვამს," - განუცხადა "მთელ კვირას" წიკლაურმა.
"ევროპულ საქართველოში" კი ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურთ. პარტიაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ ამჟამად ოფისის გარეშე არიან და ზრუნავენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე.
თუმცა, "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფის შემდგომ "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის ქონების გაყოფაზე დავა არასერიოზულად მიაჩნია.
ცნობისთვის, ვინაიდან "ევროპული საქართველო" პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკით შევიდა და შესაბამისად, ის კვალიფიციური სუბიექტია, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარის ოდენობით იღებს.
"ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის ცნობით, სწორედ ეს თანხა წაიღო პარტიამ ბლოკიდან გასვლის შემდეგ.