ბოლო დღეებია, პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახის წევრები სკანდალური შემთხვევებით მედიისა და საზოგადოების ყურადღების ქვეშ აღმოჩნდნენ. ჯერ იყო, 11 იანვარს დაჭრეს პირველი ლედის სიძე მინდია გოგოჭური, 12-ში კი დააკავეს პირველი ლედის ძმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. გამოძიება სს-ის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა ჯერ ქუჩაში გაჩხრიკეს, სადაც მას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, შემდეგ კი გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლიც, საიდანაც 2 იარაღი ამოიღეს.
შსს-ს ექსპერტიზის დასკვნით, 3 იარაღიდან 2 ვარგისია, რის გამოც 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. სხვა დეტალებზე შსს-ს საუბარი არ სურს.
ადვოკატი ზაზა მიქატაძის განცხადებით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებული სამივე იარაღი "უვარგისი რკინის ნაჭრები" იყო, რაც ვიზუალური დათვალიერებითაც კარგად ჩანს და ამიტომაც ის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამავდროულად, იარაღებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვს.
როგორც ადვოკატი ამბობს, მგალობლიშვილის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, პისტოლეტები კი დაკავებულის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა.
"ამჟამად ამოღებულია პისტოლეტები, საიდანაც, შსს-ს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით 2 სასროლი იარაღი ვარგისია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და ეს დასკვნა გასაჩივრდება. მას დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაეცვალა მამა და მისი გადმოცემით, ოჯახის დალაგების დროს აღმოაჩინა, რომ ალბათ მამის დანატოვარი იყო ძველი იარაღი, მე დავარქმევ უვარგის რკინის ნაჭრებს, როგორც თვითონ უწოდებს.
"მოგეხსენებათ, თვითონ არის მხატვარი, ხატავს ესკიზებს. მის ნახატებში არაორიგინალურად არის სხვადასხვა ნივთები გამოყენებული. მისი გადმოცემით, უნდოდა, რომ დაეხატა ეს ესკიზები და იარაღიც გამოეყენებინა ამ მხატვრობაში და ის ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ იარაღიდან შეიძლებოდა გასროლა მომხდარიყო," - განაცხადა "რუსთავი 2"-თან მიქატაძემ.
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ერთი იარაღი მგალობლიშვილს ქურთუკის ჯიბეში შემთხვევით აღმოაჩნდა.
"ამას ხსნის იმით, რომ ის იმყოფებოდა სახლში, დასჭირდა ტელეფონზე ფულის შეტანა, გავიდა სახლის წინ მდებარე ჯიხურში, მოიცვა ქურთუკი და თვითონ არც იცოდა - აღმოჩნდა, რომ შიგნით ე.წ. იარაღი იყო. ადასტურებს რომ ეს ნივთები არის მისი," - აცხადებს ზაზა მიქატაძე.
უკავშირდება თუ არა პრეზიდენტის სიძის დაჭრა და პრეზიდენტის მეუღლის ძმის დაკავება ერთმანეთს ან ამ დაკავებით ხდება თუ არა ქვეყნის პირველ პირზე რაიმე სახის წნეხი, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაიმე კომენტარის გაკეთება არ სურთ.
"ამ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერზე პასუხს გამოძიება გაგცემთ. ჩვენ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ?!" - განუცხადა "მთელ კვირას" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკა მიშველაძემ.
საგულისხმოა, რომ გასული წლის ზაფხულში სამართალდამცველებმა გიორგი მარგველაშვილის მეუღლის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლი გაჩხრიკეს. პრეზიდენტმა ამ ფაქტის გამო აღშფოთება საჯაროდ გამოხატა და ამ ქმედებას "ქვეყანაში არსებული ზეწოლის საშიში ტენდენცია" უწოდა.
მისი ეს განცხადება ივლისში მას შემდეგ გაკეთდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ამ ინფორმაციამ ის არ გააოცა, რადგან სამწუხაროდ ასეთი ტენდენცია არის და სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო, როდესაც მისი სიძე, მინდია გოგოჭური ჯერ ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე, "რაღაცის" იმედით, რომ ამას რაიმე მოჰყვებოდა.
"თუმცა, სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა. მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
სწორედ ჯერ ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ სახლში ჩატარდა ჩხრეკა ახლაც, პრეზიდენტის მეუღლის ძმის შემთხვევაშიც, თუმცა ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ზეწოლაზე" რაიმე საუბარი არ სურთ.
ცნობისათვის, პროფესიით მხატვარი მიხეილ მგალობლიშვილი 3-ჯერ არის ნასამართლევი. მას ბოლოს 2011 წელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებით ის 2015 წელს გათავისუფლდა.
ის პირველად გასამართლებულია 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი სასჯელი და 3 - ათასი ლარი ჯარიმა.
მგალობლიშვილი მეორედ 2010 წლის 27 თებერვალს გაასამართლეს, კვლავ ნარკოტიკების მოხმარებისათვის. მიუსაჯეს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითითა და 2 - ათასლარიანი ჯარიმით შეეცვალა.
მესამედ კი მაკა ჩიჩუას ძმა 2011 წლის მაისში ჯგუფური და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. მიუსაჯეს 17 წლით პატიმრობა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ 3 წელი გაატარა.
გამოტანილ განაჩენში აღნიშნულია, რომ მიხეილ მგალობლიშვილმა, მეგობართან ერთად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ძირს დააგდო და მისი მოკვლა განიზრახა. კერძოდ, მან და მისმა მეგობარმა ის დანებით დაჩეხეს.
განაჩენის მიხედვით, პრეზიდენტის ცოლისძმამ და მისმა მეგობარმა დაზარალებულს ჭრილობები მიაყენეს ორივე კიდურის, მუცლის, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში. დაჭრილი შემთხვევითმა გამვლელმა, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანა საავადმყოფოში. ეჭვმიტანილები მიიმალნენ. თუმცა, პოლიციამ მგალობლიშვილი იმავე დღეს, 2010 წლის 31 აგვისტოს დააკავა, მისი მეგობარი კი მეორე დღეს - 2010 წლის 1-ელ სექტემბერს.