დღეს მთლიანად არეულ-დარეულ და ჩამოშლილ ოპოზიციურ ველზე რეალური მთავარი და #1 ოპოზიციის ადგილი ვაკანტურია და ამ ადგილის დასაკავებლად დიდი და შეუპოვარი ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდება, სადაც ნათლად გამოჩნდება, რომელმა პარტიებმა შეძლეს გადარჩენა და რომელი იქნება სამომავლოდ ანგარიშგასაწევი პირველი ოპოზიციური პარტია, რომელი - მეორე და მესამე.
"ნაციონალური მოძრაობის" ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ, პოლიტიკურ ფლანგზე ერთგვარი ნონსენსი შეიქმნა და ქვეყანაში #1 ოპოზიციური ძალის სტატუსი ფორმალურად აქვს არა 27%-ით პარლამენტში შესულ "ნაცმოძრაობას", არამედ უგულავა-ბოკერიას ახალ მოძრაობა "ევროპულ საქართველოს", თან ისე, რომ ამ ძალის რეიტინგი არავისთვის არ არის ცნობილი და არავინ იცის, შეძლებდა თუ არა ის დღევანდელი სახელწოდებით პარლამენტში შესვლას, თუ სხვა, მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პარტიების მსგავსად, პარლამენტს მიღმა აღმოჩნდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, მომდევნო 4 წელი, მთავარი ოპოზიციის მზამზარეულად მოპოვებულ სტატუსს ისევ ბოკერია-უგულავას "ევროპული საქართველო" შეინარჩუნებს, პოლიტოლოგების განცხადებით, ახლა მთელი ოპოზიციისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც იქნება ტესტი არა მარტო იმისა, დაშლილი "ნაციონალებიდან" ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, არამედ იმის, დანარჩენი ოპოზიციური ძალები შეძლებენ თუ არა, მთავარი ოპოზიციური ძალის დაშლით სარგებელი მიიღონ და ანგარიშგასაწევ ოპოზიციად წარმოჩნდნენ. ამდენად, ეს მეორეხარისხოვნად მიჩნეული არჩევნები დიდ მნიშვნელობას იძენს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები ჩვენთანაც და სხვაგანაც მეორეხარისხოვანი პოლიტიკური მოვლენაა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ დღეს დიდი აზარტი და ინტრიგაა შემოტანილი და ამ არჩევნებზე კარგი შედეგი ბევრის მაჩვენებელი იქნება.
"ოპოზიციისთვის შემოდგომაზე დიდი ბრძოლა იქნება. თან ვნახეთ ის, როდესაც წინა ადგილობრივ არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსმა" აჩვენა კარგი შედეგი, რამაც მერე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოზიცია გაუმყარა. ასე რომ, ადგილობრივი არჩევნები ერთგვარი ტრამპლინის ფუნქციას ასრულებს ხოლმე. დღეს კი "ნაციონალების" დაშლამ მეტი აზარტი შემოიტანა," - აცხადებს საყვარელიძე.
დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ პირველად ხდება, როდესაც ადგილობრივი არჩევნებისადმი ყურადღება მკვეთრად გაიზარდა და თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებას მოახერხებს, "ნაციონალების" დაშლის ხარჯზე მათ მთავარი და ანგარიშგასაწევი ოპოზიციის როლის მიღებაც შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, დე იურედ მთავარი ოპოზიცია იქნება ბოკერია-უგულავას ახალი ძალა და რეალურად ისევ სააკაშვილის "ნაცმოძრაობა".
საგულისხმოა, რომ დღეს გვაქვს პარლამენტი, რომელიც საერთოდ არ გადმოსცემს არჩევნებში პარტიების მიერ მიღებულ ხმებს. "ქართული ოცნებაა", რომლესაც ამომრჩევლის მხოლოდ 48%-მა დაუჭირა მხარი, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და 116 მანდატი, რაც ჯამში 77%-ია. მეორე ადგილზე 27%-ით გასულ "ნაციონალურ მოძრაობას" შემორჩა მხოლოდ 6 მანდატი, ისევ როგორც 5%-ით გასულ "პატრიოტთა ალიანსს" ჰყავს 6 დეპუტატი. ხოლო ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიცია პარლამენტში 21 მანდატით არის რამდენიმე დღის წინ შექმნილი ახალი მოძრაობა, "ევროპული საქართველო", რომლისთვისაც ამომრჩეველს ხმა საერთოდაც არ მიუცია.
"ნაციონალების" დაშლით "პატრიოტთა ალიანსი" იგებს"
რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ წამყვანი ოპოზიციის სტატუსს 4 წელი ისევ ბოკერია-უგულავას ახალი მოძრაობა შეინარჩუნებს, თუმცა ამის პარალელურად საინტერესო და საყურადღებო პროცესი იწყება. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა, უპირველესად "ნაცმოძრაობამ", მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ადგილობრივ არჩევნებში, ისინი დაეუფლებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რაღაც ნაწილს და საშუალება ექნებათ, ხელისუფლებას რეგიონებიდან შეუქმნან პრობლემები. ეს იქნება ბრძოლის ახალი ფორმა, ფრონტის ახალი ხაზი, რომელიც, ალბათ, დიდ პოლიტიკურ შედეგებს შემდეგ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მოიტანს.
საყვარელიძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ერთი მთავარი ბრძოლის ველი იქნება ძველ და ახალ "ნაციონალებს" შორის და თუ დღეს "ევროპული საქართველოსთვის" პრობლემა არ არის ის, რომ მისი რეიტინგი არ ვიცით, მათ რეიტინგს ადგილობრივ არჩევნებზე მოეფინება მცირე შუქი, რაც, მისივე ვარაუდით, დიდი არ იქნება და რაც "ნაცმოძრაობისგან" მათი საქილიკო თემაც გახდება.
პოლიტოლოგი ამბობს იმასაც, რომ "ნაციონალებს" შორის ბრძოლის გარდა იქნება მეორე ფრონტის ხაზიც, სადაც ყველა დანარჩენი ოპოზიციური ძალა შეეცდება, გამოიყენოს "ნაცმოძრაობის" გაყოფა და ამ არეულობაში პირველობისთვის ბრძოლა თავად მოიგოს. მისი პროგნოზით, გაძლიერებისა და არსებული სურათით მოგების ყველაზე დიდი შანსი "პატრიოტთა ალიანსს" აქვს.
"წინა არჩევნებთან შედარებით მათ ახლა უკეთესი შედეგი აჩვენეს და სხვა პარტიებთან შედარებითაც წინა პლანზე წამოვიდნენ. ამ პარტიის შინაარსშიც, რაც დასახელებაში "პატრიოტებში" აისახება, ბევრი რამ არის ისეთი, რომლის მიმართ რეგიონში მცხოვრები უფრო მგრძნობიარეა და ამიტომ უფრო მეტი მხარდაჭერაც ექნებათ.
"ევროპისადმი ერთგულების წინა პლანზე წამოწევას კი რეგიონებში შეიძლება გაუჭირდეს. ეს არ მარტო ქართული ტენდენციაა, აშშ-შიც კონსერვატიზმმა გაიმარჯვა ტრამპის სახით. პოლიტიკურ არჩევანში წინა პლანზე მოდის არა ის, რასაც ევროპულ ღირებულებებს ეძახიან - ადამიანთა უფლებები და ა.შ. - არამედ პატრიოტული, ნაციონალური ინტერესები, ამ ტენდენციამ შეიძლება უფრო მკაფიოდ იჩინოს თავი და ამიტომ მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსი" შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ძლიერი პარტია, ვიდრე აქამდე იყო.
"რაც შეეხება უსუფაშვილის მომავალ ძალას, "თავისუფალ დემოკრატებს" და სხვა პროდასავლურად მიჩნეულ არასაპარლამეტო ოპოზიციას, იმავე მიზეზით, რატომაც "პატრიოტთა ალიანსი" მიმაჩნია უფრო პერსპექტიულად, მათ ხმების მოპოვება გაუჭირდებათ.
"მოსახლეობა უკვე შეეჩვია, რომ ევროპა ვართ და ამით სიახლის შეთავაზება არ ხდება. ახლა მოსახლეობას მეტი სჭირდება, რაღაც უფრო ახლოს მის ინტერესებთან. ამიტომ, თუ ამ პარტიებმა თავიანთ პლატფორმას არ გადახედეს, ვერ მიიღებენ შედეგს," - აცხადებს საყვარელიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიციური ფლანგის მთლიანად ჩამოშლის შედეგად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არა მარტო ოპოზიცია დაზარალდა, არამედ "ქართული ოცნებაც", რომელმაც დაკარგა მთავარი და ძლიერი "საფრთხობელა", რომლის მოსვლის შიშით იღებდა საარჩევნო ხმებს და არა გაკეთებული საქმეების გამო.
"2012-შიც და 2016 წელსაც "ოცნებამ" ხმები იმის ხარჯზე მიიღო, რომ ხალხს აშინებდა - "მგელი მოდისო". ეს "მგელი" იყო სერიოზული, ღონიერი, აგრესიული მგელი "ნაციონალური მოძრაობა". დღეს ორი ლეკვი გაჩნდა. ეს მგელი ნაწილებად დაიშალა და სერიოზულად ძლიერ ძალას არ წარმოადგენს, რაც "ქართული ოცნებისთვის" დიდი დანაკარგია. "მგელი მოდის" ძახილის საფუძველი ხელიდან გამოეცალა და ახლა მოუწევს, ბევრი საქმე გააკეთოს," - დასძენს საყვარელიძე.
გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსი
დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები იქნება ლუსტრაციის ბრწყინვალე შესაძლებლობა, სადაც ვნახავთ, რომ "ნაციონალების" ორივე ფრთა ცალ-ცალკე გაცილებით უარეს მაჩვენებელს და რეიტინგს მიიღებენ, ვიდრე ერთად იღებდნენ. თუმცა, პირველობის შენარჩუნებას, მისივე აზრით, ისევ სააკაშვილის ძველი "ნაციონალები" შეძლებენ.
"ჩვენ ვნახავთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის მომხრეები მეტ ხმას მიიღებენ, ვიდრე ახალი "ნაციონალები". თუმცა, დღეს ფორმალურად მთავარი ოპოზიცია ბოკერია-უგულავას "ევროპული საქართველოა" და ეს არის კიდევ ერთი ანეგდოტი, რადგან პარტიას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და პარტია, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში მაინცდამაინც შთამბეჭდავ მაჩვენებელს ვერ დადებს, 4 წელი იქნება პირველი საპარლამენტო ოპოზიცია და უცხოელი ლიდერები რომ ჩამოვლენ, ამ ჯგუფს შეხვდებიან," - ამბობს ცინცაძე, რომლის თქმითაც, ჩვენთან ლიდერომანიაა, არავინ უყურებს პარტიის პრინციპებს და ხალხი უბრალოდ ლიდერებს აძლევს ხმას - "ჯერ იყო ზვიადი, შემდეგ შევარდნაძე, შემდეგ მიშა და ახლა ბიძინა. ამომრჩეველი პიროვნებებს აძლევენ ხმას და არა მათ პარტიებს".
ცინცაძის აზრით, პირველად ხდება, როდესაც ადგილობრივი არჩევნების მიმართ ინტერესი უაღრესად დიდია და თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდება, მას აქვს შანსი, ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს, ცალ-ცალკე ან ორ და სამ პარტიებად დაჯგუფებით ვერაფერს მოიგებენ.
მისივე თქმით, მედიაში თითქოს რაღაც მოლოდინია, რომ დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული პარტია იქნება ძლიერი, თუმცა მას ამის არ სჯერა.
ამბობს, რომ უსუფაშვილს ქარიზმა არ აქვს, თან ის წლების განმავლობაში იყო საკმაოდ ინტელექტუალური პარტიის - "რესპუბლიკელების" ლიდერი, მაგრამ ვერ შეძლო, რეიტინგული გამხდარიყო და ვერ შეძლებს ვერც მომავალში. ცინცაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია მიხვდება და გაერთიანდება, მაგალითად, იმავე ნინო ბურჯანაძის ირგვლივ.
"თუ პარლამენტსგარე ოპოზიცია გაერთიანდება, კუკავათი დაწყებული და "ახალი მემარჯვენეებით" თუ "თავისუფალი დემოკრატებით" დამთავრებული, დაძლევენ თავიანთ ამბიციებს, შიდა პრაიმერს ჩაატარებენ და პრაიმერში გამარჯვებულის ლიდერობას აღიარებენ, ვფიქრობ, რომ ბურჯანაძეს მძლავრი კონკურენტი არ ეყოლება და ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი რეალური გამოსავალი.
"თუ მთელი არასაპარლამენტო ოპოზიცია არ გაერთიანდება, მაშინ 5 ან 10 წლის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში ვიცხოვრებთ. თანაც, ძალიან სუსტ ერთპარტიულ რეჟიმში, რადგან "ოცნება" ძლიერი პარტია არ არის.
"კლასიკური გაგებით "ოცნება" პარტია საერთოდ არ არის. ეს არის იმ ერთი ადამიანის მომხრეთა ჯგუფი, რომელმაც სტრუქტურა, შიდა ორგანიზაცია და მყარი ინსტიტუტები ვერ შექმნა. გია ხუხაშვილმა თქვა სწორად - "ოცნების" პირველი ათეული გადაიტანეთ ბოლო ათად და არაფერი არ შეიცვლებაო. 5 წელიწადში ერთი ქარიზმატული ლიდერიც ვერ გამოიკვეთა ივანიშვილის გარდა," - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, დღეს არა მარტო ოპოზიციაში, საერთოდ პოლიტიკაში არ გვყავს ქარიზმატული პოლიტიკოსები და ეს პრობლემაა.
"იმედი მქონდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეები მივიდოდნენ და პარტია განახლდებოდა, მაგრამ ამ გაყოფით ეს პარტია კატასტროფულად დაკარგავს მომხრეებს. ნდობის ფაქტორი გაქრება ორივე ჯგუფის მიმართ იმის გამო, რომ არც ერთი ჯგუფი არ ამბობს გულწრფელად, თუ რატომ გაიყვნენ"," - აღნიშნავს ცინცაძე, რომელიც დასძენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრ რამეს გაეცემა პასუხი - იმას, თუ რა შეუძლია არასაპარლამენტო ოპოზიციას და რა - დაშლილ "ნაციონალებს".