სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, სავალუტო ცვლილებების გამო, ქართული საექსპორტო პროდუქტის ფასი 15-16%-ის ფარგლებში შემცირდა. სხვადასხვა ვალუტების გაუფასურებამ ყველაზე მეტად ღვინის ექსპორტზე იმოქმედა. შარშან, 2015 წელთან შედარებით, 1 ბოთლი ღვინის ფასი 16%-ით არის შემცირებული, თუმცა მას საექსპორტო პროდუქციის რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 2,28 დოლარია, როცა წინა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 2,72 დოლარს შეადგენდა. კიდევ უფრო მაღალი იყო ფასი 2014 წელს - 3,13 დოლარი. რაც შეეხება ექსპორტირებული ღვინის რაოდენობას, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 36 071 399 ბოთლს შეადგენდა, რაც თანხობრივად 98 102 614 დოლარია. 2016 წლისთვის მან 113 801 462 დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 49 848 668 ბოთლს მიაღწია.
აყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად ქართული ღვინისთვის კვლავ რუსეთი რჩება, ხოლო მეორე და მესამე ადგილს უკრაინა და ჩინეთი იკავებს.
სპეციალისტების შეფასებით, უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქტის ფასის კლება გამოწვეულია როგორც ლარის დევალვაციით, ასევე დოლართან მიმართებით სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურებითაც, რამაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედა.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, ღვინოსთან ერთად, შემცირდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ფასი, რაც კი საქართველოში იწარმოება და ექსპორტზე გადის.
"ოფიციალური სტატისტიკა, ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა ჩანს საექსპორტო პროდუქციის გაიაფება, რასაც ვერც ერთი დარგი გვერდს ვერ აუვლის. დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტები უფასურდება, რის გამოც იაფდება და იოლდება ექსპორტი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დოლარში გამოსახული პროდუქციის ფასი იკლებს და შესაბამისად, უფრო იაფად იყიდება.
ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ქვეყნებზე, რომლებიც განიცდიან სავალუტო კრიზისს. ცხადია, იქაური მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც შემცირდა დოლარის განზომილებაში და ეს არის არგუმენტი, რამაც ქართული პროდუქტის ფასზე იმოქმედა. ლარის კურსი რომ შენარჩუნებულიყო, ჩვენ მაინც იძულებული გავხდებოდით შეგვემცირებინა ფასი უცხოურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შესანურჩუნებლად.
ცვლილება მხოლოდ ქართული ღვინის ფასზე არ ასახულა, შემცირებულია ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება, რომელიც იწარმოება და მიემართება ექსპორტზე. სხვათა შორის, რუსეთის საინფორმაციო სამსახურებმა განაცხადეს, რომ იმპორტში ყველაზე მაღალი წილი უკავია აფხაზურ ღვინოებსო. სად აქვს აფხაზეთს იმდენი ღვინო, რომ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა ჰქონდეთ. ფალსიფიცირებული ღვინოებით გაივსო ბაზარი", - აცხადებს არჩვაძე და დასძენს, რომ ფასის ცვლილება შეეხო იმპორტულ პროდუქტსაც, რამაც საქართველოს საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.
"2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 40 მლნ დოლარი დავზოგეთ რუსეთიდან მარცვლეულის შესაძენად იმის გამო, რომ საქონელი გაიაფდა. ნავთობპროდუქტების შემთხვევაში, 396 მლნ დოლარი დავზოგეთ 2015 წელს, რომ ფასები შენარჩუნებულიყო. ამის გამოა, რომ ლარის კატასტროფული ვარდნის მიუხედავად სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. ვერ გეტყვით რა მდგომარეობაა ამ მხრივ 2016 წელს, რადგან სტატისტიკა ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა, ცხადია, რომ ტენდენცია გაგრძელდება.
ჩვენთვის მთავარია, მოსახლეობის მსყიდვულუნარიანობა შენარჩუნდეს. შედარებისთვის, იაპონური იენა დოლართან წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 14 პუნქტით დაეცა. 30 ივნისს 1 დოლარი 103 იენა ღირდა და წლის ბოლოს 118 იენამდე დაეცა, მაგრამ იაპონელები სავალუტო ცვლილებას საგონებელში არ ჩაუგდია. ისინი ითვლიან თავის მდგომარეობას იმის მიხედვით, თუ 118 იენით რამდენი ბრინჯის ან თევზის შეძენა შეუძლიათ და რამდენი შეეძლოთ რამდენიმე თვის წინ, სანამ კურსი შეიცვლებოდა. ჩვენ რა გვაინტერესებს - რა მასშტაბის ზღვარზეა ლარის დოლართან მიმართებით, თუ არსებული შემოსავლით რა საქონლის ყიდვა შეგვიძლია. მსყიდველუნარიანობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ყველაზე მთავარი მოსახლეობის კეთილდღეობაა", - აცხადებს სოსო არჩვაძე.
საექსპორტო პროდუქციის ფასის შემცირებას ადასტურებენ ექსპორტიორებიც, რომელთა ინფორმაციითაც, ცვლილება აბსოლუტურად ყველა მიმართულებას შეეხო.
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" უცხოურ ბაზარზე რამდენიმე დასახელების პროდუქციითაა წარმოდგენილი. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხეიძე ამბობს, რომ შარშან სამჯერ შეამცირა ფასი, სამაგიეროდ, კუთვნილი ნიშა შეინარჩუნა.
"ეროვნული ვალუტების გაუფასურების გამო იძულებული გავხდით, ჩვენი პროდუქტის ღირებულება შეგვემცირებინა. ცვლილება წლის განმავლობაში სამჯერ მოვახდინეთ და 15-17%-ის ფარგლებში დავწიეთ ფასი. ამით ნიშა შევინარჩუნეთ. დივერსიფიცირება მოვახდინეთ როგორც შიგნით, ასევე გარეთაც და წარმოებას საშუალება მივეცით მომავალი პერსპექტივისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ვიზარალეთ. შემოსავალმა დაიკლო, სამაგიეროდ ეს რთული წელი გადავიტანეთ და მომხმარებლის ნდობა უფრო მეტად მოვიპოვეთ.
ახალ ბაზრებზე შესვლა გაგვიჭირდა, ამიტომ პროდუქტს, ფაქტობრივად, დემპინგურ ფასში ვაწვდით, რომ რეალიზაცია მოხერხდეს და ბაზარზე ადგილი დავიმკვიდროთ. ექსპორტს ამ მიმართულებითაც გავაძლიერებთ. ვფიქრობთ, წელს, დაახლოებით, 30%-იანი ზრდა გვექნება. გადაზიდვებს გავზრდით, მაგრამ იმედი ჯერჯერობით არ გვაქვს, რომ ფასის მხრივ რამე შეიცვლება", - აცხადებს ზურაბ ჩხეიძე.