მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ქართული ლარი მეტ-ნაკლებად გამყარებულია, თუმცა არც იმდენად, რომ სავაჭრო ურთიერთობაში რამე ცვლილება მოახდინოს. 5 იანვრიდან დღემდე ლარის გამყარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები იმპორტზე მოთხოვნის კლებას ასახელებენ, რამაც დოლარზე მოთხოვნა შეამცირა.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მეზობელ თურქეთში არსებულ მდგომარეობას, სადაც 1 დოლარი 3,78 ლირაა (ახალ წლამდე 1 დოლარი 3,52 ლირა ღირდა), ამის ფონზე ქართული ლარი შესამჩნევად გამყარებულია. რუსეთსა და აზერბაიჯანში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩრდილოეთში 1 დოლარი 60 რუბლი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში 1 დოლარის 1,83 მანათია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად აისახება ქართულ ლარზე, თუმცა მისი გამყარებისა და გაუფასურების ძირითადი მიზეზი ამ კონკრეტულ სიტუაციას მაინც არ უკავშირდება. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურების პარალელურად, საჭიროა, ლარმა განიცადოს გონივრულ დიაპაზონში გაუფასურება, რათ ჩვენმა ექსპორტმა ამ ქვეყნებში შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა.
"პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ ფაქტორებზე, ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბიულურობა რაღაც კავშირშია, ამას ვეთანხმები, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც იქიდან გადმორიცხვა არის სტაბილურ მაჩვენებელზე და მეზობელი ქვეყნებიდან ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება ფულადი გზავნილები, რაც ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს.
აპელირება იმაზე, რომ თურქული ლირა უფასურდება და ჩვენს ვალუტაზე უარყოფითად აისახება, ასე არ არის. როცა ვსაუბრობთ ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე აქ, სხვა ფაქტორები უფრო დიდ გავლენას ახდენს. თუნდაც ის, თუ როგორ ხდება ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თურქული ლირის ან აზერბაიჯანული მანათის მერყეობა.
მთავრობას აქვს აღებული ორიენტირი, რომ ლარის კურსი არ უნდა გამყარდეს მნიშვნელოვნად. მათ გააჩნიათ მონეტარული ბერკეტები კურსის გასამყარებლად, თუმცა ამას შეგნებულად არ აკეთებენ. ისინი გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობენ - ეს არის ექსპორტის ზრდა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ექსპორტის ზრდა რომ არ შეფერხდეს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მცირედი გაუფასურება. ექსპორტზე ორიენტირება, ბუნებრივია, მოითხოვს, რომ ლარიც მეტ-ნაკლებად უფასურდებოდეს დღევანდელ პირობებში", - განაცხადა გულბანმა.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლარის გაცვლითი კურსი უკავშირება მიმოქცევაში მყოფი ლარისა და დოლარის თანაფარდობას და არა მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებას ან გამყარებას. იგი ექსპორტ-იმპორისაც შეეხო და აღნიშნა, რომ იმპორტის გაზრდილი წილი, შიდა მოხმარების საქონლის გაძვირებას იწვევს.
"ლარის გაცვლითი კურსი არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებული დოლარის მასასთან თანაფარდობაზე და არა თურქული ლირის თუ რუსული რუბლის გაუფასურებაზე. რეგიონში არსებული სავალუტო მდგომარეობა ლარზე მხოლოდ ირიბად მოქმედებს.
გახსოვთ თუ როგორ გაამყარა ირაკლი მანაგაძემ თავის დროზე ლარი, მაგრამ ამას მოჰყვა საპენსიო და სახელფასო დავალიანების ზრდა. ასე რომ, აქ ოქროს შუალედი უნდა გამოიძებნოს, ალბათ, ამას ცდილობს მთავრობაც. მით უმეტეს წნეხი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მომხდარიყო ლარის დევალვაცია.
ჩვენი ექსპორტი დიდად რეგიონული ხასიათის არ არის. ის გაცილებით ფართო მასშტაბიანია, სხვათა შორის, იმპორტიც. ამიტომ გავლენა ცოტა ნეგატიური იქნება, რადგან იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი. ეს კი შიდა მოხმარების საქონლის გაძვირებას იწვევს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თვალჭრელიძემ.
ლარის რამდენიმე პუნქტით გამყარებას იმპორტის შემცირებას უკავშირებს ემზარ ჯგერენაიაც. როგორც მან აღნიშგნა, თურქეთის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროს იგი საქართველოს სერიოზული პარტნიორია. იქ არსებულმა მდგომარეობამ დოლარზე მოთხოვნა შეამცირა, რამაც ლარი გაამყარა.
"ლარის გამყარება, ძირითადად, გამომდინარეობს იქიდან, რომ იმპორტი შემცირდა და ამან, რასაკვირველია, დოლარზე მოთხოვნა შეამცირა. ჩვენი მეზობელი ქვეყნების სავალუტო მდგომარეობას რომ გადავხედოთ, თურქული ლირის გაუფასურება საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება - 1 დოლარი ლარის 4 ლირა გახდეს. მეზობელი ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს. თურქეთი ჩვენი საკმაოდ დიდი პარტნიორია. იქ არსებულმა მდგომარეობამ კი იმპორტი და დოლარზე მოთხოვნა შეამცირა", - აღნიშნა ჯგერენაიამ.
ფინანსისტი მიხეილ დუნდუას აზრით, ლარი არც ისე მნიშვნელოვნადაა გამყარებული, რომ ეს პროცესი რეგიონში არსებულ მდგომარეობას დაუკავშირდეს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, იანვარი არის პერიოდი, როდესაც მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ და შესაბამისი დასკვნები მოგვიანებით გამოვიტანოთ. რამდენიმე დღიანი უმნიშვნელო გამყარება ოპტიმიზმის საბაბს არ იძლევა.
"რა გამყარებაზე ვსაუბრობთ? კურსი, უბრალოდ, 2,76-დან ჩამოვიდა 2.66-მდე. თუ შევადარებთ სექტემბრის მაჩვენებელს, ეს, პირიქით, დიდი გაუფასურებაა. 4 თვის წინ 2.30-სა და 2.40-ს შორის მერყეობდა გაცვლითი კურსი. კურსი რომ ამ მიდამოშია, ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ბუნებრივად, იწყებს ჩვენი ვალუტის დევალვაციასაც. ჯერ უნდა დავაკვირდეთ ტენდენციას, რამდენიმე დღიანი დადებითი ან უარყოფითი მოვლენით არ შეიძლება ვიმსჯელოთ, ხვალ და ზეგ რა მდგომარეობა იქნება არავინ იცის.
რაც შეეხება მთავრობის 10-პუნქტინ გეგმას, ლარიზაციის თემას, ამის განხორციელება ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას გაცილებით ადრე რომ დაეწყო, ქვეყანა ნებისმიერ სიძნელეს მომზადებული შეხვდებოდა", - აღნიშნა დუნდუამ და იქვე ამრიკული დოლარის მომავალზეც ისაუბრა. მისი ვარაუდით, დოლარი მომავალშიც გააგრძელებს გამყარებას და განცხადებები იმის თაობაზე, რომ დოლარი შესუსტებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ანალიტიკოსები წელს ვარაუდობენ დოლარის კიდევ უფრო გამყარებას, შესაბამისად, ერთი ან ორდღიანი ცვლილებებით არ შეიძლება დასკვნა გამოვიტანოთ. შესაძლოა რაღაც პერიოდში დოლარი შესუსტდეს და ევრო გაძლიერდეს ან პირიქით, "სითი ჯგუფის" ანალიტიკოსებმა განაცხადეს, წლის ზოგადი ტენდენცია ასეთია, რომ დოლარი მნიშვნელოვნად გამყარდება.
იანვარი არის დაკვირვების საინტერესო პარიოდი. იკვეთება ნიშნები, რომელიც დოლარის მსოფლიო სივრცეში მისი დასუსტებისა თუ გამყარების ზოგად ფონს ქმნის. საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური ზომებია გასატარებელი, რათა მან შეასრულოს სპეციალისტების რეკომენდაცია, რაც ლარზე დადებითად აისახება", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.