"ქვეყანა ეკონომიკური დეპრესიის წერტილს მიაღწევს"
მარი ჩიტაია
17.01.2017

 2016 წელს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. მართალია, ოფიციალური მონაცემი არ მოგვეპოვება, მაგრამ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიღარიბის ზრდა უდავოა. მართალია, 2014-15 წლებში "საქსტატის" მონაცემით, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ უკვე 2016 წლისთვის ტენდენციის შენარჩუნებაზე საუბარი წარმოუდგენელია. სპეციალისტთა ვარაუდით, რა მაჩვენებელიც უნდა დასახელდეს სიღარიბის დონედ 2016 წელს, ცდომილება მინიმუმ, 8-10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთანავე, სურსათსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

საქართველოში ყოველი მე-8 ადამიანი სახელმწიფო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით (რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ "კომერსანტმა" გამოაქვეყნა), 2016 წლის დეკემბერში სახელმწიფო სუბსიდია 476 084-მა მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 86 434 ათასით მეტია. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, შემწეობას სულ 389 650 ადამიანი იღებდა. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 12,7% იღებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სიღარიბის მაჩვენებელი 9-10%-ის ფარგლებში იყო. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რეგისტირებული წილი 2011 წელს - 9,2%, 2012-13 წლებში კი 9,7% იყო, 2014 წელს - 11,6%, 2015 წელს კი სიღარიბის მაჩვენებელი იყო - 10,1%.

როგორც სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევებშია მითითებული, იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება. ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. გაეროს ბავშვთა ფონდის "იუნისეფის" კვლევით, რომელიც 2015 წლის მდგომარეობას ასახავს, მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება.

ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ 2016 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ოფიციალურად არ გაიზრდება, მიუხედავად იმისა, მოქალაქეები მიიჩნევენ, თუ არა გაუარესებულად საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას.

"ის, რომ ადამიანი თავს ღარიბად მიიჩნევს, სიღარიბის ოფიციალურ მაჩვენებლს ვერ შეცვლის. სინამდვილეში ეს არის ეკონომიკური პარამეტრი და გაცილებით სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვიდრე ეს შეიძლება ამა თუ იმ ადამიანის სუბიექტური განცდაა. არსებული საერთაშორისო სტანდარტით, თუ ადამიანი დღეში 5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, ღარიბია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოიმატებს თუ არა ინფლაციის დონე. შეიძლება ითქვას, რომ 2016 წელს ინფლაციის ფარული დონე გაიზარდა. საექსპორტო პოტენციალი შემცირებულია და სოციალური ფონიც შესამჩნევად გაუარესებული. სამომავლოდ ამ მდგომარეობას ვერც ლარიზაცია შეამცირებს. საკმაოდ რთული წელი გველოდება, ქვეყანა ეკონომიკური დეპრესიის წერტილს მიაღწევს. შეიძლება ითქვას, უკვე იმყოფება კიდეც ამ მდგომარეობაში", - აცხადებს აროშიძე და დასძენს, რომ საქართველოში მოსახლეობის 25%-ს ღარიბ-ღატაკი ფენა შეადგენს.

ექსპერტს მიაჩნია, რომ სიღარიბის დონის შესახებ 2015 წლის მონაცემი 2016 წელსაც შენარჩუნდება.

"ჩემი აზრით, ოფიციალური სტატისტიკა სიღარიბის ზრდას არც 2016 წელს დააფიქსირებს. მინიმალური შემოსავალი რომ ავიღოთ, სასურსათო კალათაზეა მიბმული. მისი დათვლის მეთოდოლოგია თუ არ შეიცვალა, სტატისტიკა ოფიციალურად ღარიბთა რაოდენობას გაზრდილად არ წარმოგვიდგენს, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ამ კატეგორიის ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად არის მომატებული. ცდომილება, ჩემი აზრით, მინიმუმ 8-10%-ის ფარგლებშია", - განმარტავს პაატა აროშიძე.

ფაქტია, რომ ოფიციალურ დონეზე ქვეყანაში სიღარიბის შემცირება შეუძლებელია, როცა ყოველი მეორე მოსახლე საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ეს რომ ასეა, საინფორმაციო სააგენტო "ბიპიენის" მიმდინარე კვლევითაც დასტურდება. კვლევაში მონაწილე 483 ადამიანიდან 67% თვლის, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, 6,6%-ის შეფასებით კი, - მცირედით გაუარესდა.

საგულისხმოა ისიც, რომ 2010-12 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, 6.6%-ს შეადგენდა, 2013-14 წლებში კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამაზე დაბალი, საშუალოდ, 4% იყო. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ 2010-12 წლებში სიღარიბის შემცირებას ხელი შეუწყო, მომდევნო წლებში კი მისი შემცირების მიზეზი გაზრდილი სოციალური ხარჯები, ამასთანავე სოფლის მეურნეობის პროგრამები გახდა. სიღარიბის შემცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×