"საქართველოს ევროპაში საავტომობილო ავარიების მიხედვით პირველ ადგილზეა"
გვანცა ღვედაშვილი
17.01.2017

 ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, 19 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ახალგაზრდაა. აღნიშნულ მონაცემები კატასტროფულად მაღალია. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აცხადებს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქრათველოში 2015 წელს 602 ადამიანი დაიღუპა, ათასამდე კი მძიმედ დაშავდა.

მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ ერთი მილიონი მოსახლიდან 162 სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპება, რაც ევროპის ქვეყნებთან შედარებით 3-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ იანვარს რუსთავში ავტოავარიას 5 ახალგაზრდა შეეწირა (გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი დიდი სიჩქარით მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის პროსპექტზე გმირთა მემორიალს შეეჯახა).

3 იანვარს მცხეთასთან ახლოს 2 გოგონა და 2 ბიჭი დაიღუპნენ, მათი ავტომობილი ხეს შეასკდა...

5 იანვარს სოფელ კუმისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დროს ამობრუნდა.

9 იანვარს სოფელ ახაშენში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას, ერთ-ერთის მძღოლი, 70 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

10 იანვარი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრას ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. სავარაუდოდ, მძღოლს მანქანა მოყინულ გზაზე მოუცურდა და ხევში ჩავარდა. ამავე დღეს, გურჯაანი-თელავის მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

12 იავნარს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ნივა" შეეჯახა.

16 იანვარს სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 მოქალაქე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა მკვეთრ მოსახვევში, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემეთხვევების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აღნიშნულ მიზეზად კი კომპლექსურ პრობლემებს ასახელებს, რომლის მოგვარებაც აუცილებელია. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომა საგზაო უსაფრთხოების მონიტორინგის თვალსაზრისით თითქმის მთელი საუკუნით ჩამორჩება განვითარებული ქვეყნებისას.

"ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი სტატისტიკა 2012 წლიდან დაიწყო. ბოლო მონაცემები, რომელიც გვაქვს, არის 2015 წლის სრული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მთელი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 602 ადამიანი გარდაიცვალა, ათასამდე ადამიანმა კი სხეული მძიმე დაზიანება მიიღო.

"თუ აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით საქართველოს ევროპის ქვეყნებს შევადარებთ, ავტოსაგზაო შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ვიმყოფებით.

1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილია 162 ადამიანი, მაშინ როცა გერმანიაში მილიონ მოსახლეზე 35 ადამიანი იღუპება, ბრიტანეთში - 29, მალტაში - 20. ანუ რეალურად არა მხოლოდ პირველ ადგილზე ვართ, არამედ ჩვენთან 3-ჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება.

"მიზეზები კომპლექსურია, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, მისი უსაფრთხოება, მანქანის ტექნიკური გამართულება, მძღოლის კომპეტენტურობა, მისი დამოკიდებულობა კანონის მიმართ და ა.შ. ამასთან მნიშვნელოვანი კომპონენტია აღსრულებაც. ყველა ამ სეგმენტში მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს.

"მიუხედავდად იმისა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, შსს-ს მიდგომა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ერთი საუკუნით ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. ჯერ კიდევ ვერ გადავედით თანამდროვე საშუალებების გამოყენებაზე, რაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უკონტაქტო კონტროლს ვიდეო და ფოტო ფიქსატორების გამოყენებას გულისხმობს.

"ჩამოთვლილი მიზეზების მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრებებია და დღესდღეობით მთავარი პრობლემა ის არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რეალური მიზეზი ხშირ შემთხვევაში უცნობია. ძირითადად, ავარიების მიზეზად სახელდებიან მძღოლები და არ ხდება მათი საფუძვლიანი შესწავლა.

"სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად ძირითადად 4 კომპონენტი სახელდება. ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძროლი, არასწორი მანევრი და მეოთხე კომპონენტი - 20% არის დაუდგენელი მიზეზი," - აცხადებს ურუშაძე.

რატომ არ იღებს მთავრობა საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონს, რომელიც 2016 წლიდან მზად არის და განხილვას ელოდება, აღნიშნულ კითხვაზე საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ მას უბრალოდ არ აინტერესებს თავისი მოქალაქეების ბედი.

"მთავრობას არ ანაღვლებს, რომ ადამიანები კარგავენ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, ის რომ ქვეყანა კარგავს შრომისუნარიან, ჯანსაღ თაობას.

განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებს, რომელთა წილი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთაში ძალიან მაღალია.

"შესაბამისად, მთავრობა დაინტერესებულია იმ რეგულაციებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით, რომლებიც მათთვის არის გარკვეული სარგებლის მიმღები, ემთხვევა მათ ბიზნესინტერსებს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×