საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, "რეზონანსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" დავით უსუფაშვილისა და მანანა კობახიძის კანდიდატურებს განიხილავს. თუმცა, საბოლოდ ვის გაამწესებენ ბათუმში მანტიის ჩასაცმელად, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით "ოცნებაში" აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. "საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და დაახლოებით თვის ბოლოსკენ წარვადგენთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მდინარაძე.
განიხილება თუ არა უსუფაშვილის კანდიდატურა, იგი არც ამ კითხვაზე გვპასუხობს. "ამის შესახებ, როგორც გითხარი, ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა მდინარაძემ.
უმრავლესობის წევრს, გუგული მაღრაძეს კი ორივე კანდიდატურა მოსწონს, თუმცა არ იცის, საბოლოოდ ვისკენ გადაიწევს სასწორის პინა და ვის გაუშვებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.
"ამ საქმეში არ ვარ ჩართული, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით. მანანა კობახიძე მიმაჩნია, რომ კარგი კანდიდატია, წესიერი და ერთგული. ვფიქრობ, მისი არჩევა არ იქნება ცუდი, თუმცა არ არის გამორცხული, სხვა ვარიანტებიც იყოს განხილული.
"რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, ისიც ძალიან კარგი იურისტია, არც მისი წინააღმდეგი ვარ მე პირადად. მაგრამ გააჩნია, ვის უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება და იქ კიდევ ბევრი სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი", - გვითხრა მაღრაძემ.
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრის ვახტანგ ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უსუფაშვილის დანიშვნაზე ადრეც იყო საუბარი, თუმცა რეალურად რა ხდება, ამასთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია. "ადრე იყო ამაზე საუბარი ჭორის დონეზე და იმის მერე არაფერი არ ვიცი. მე პირადად ახალი წლის მერე უსუფაშვილთან არ მისაუბრია", - გვითხრა ხმალაძემ.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 9 მოსამართლეა, თუმცა ამჟამად უფლებამოსილებას მხოლოდ 8 ასრულებს. აქედან 3 მოსამართლე პრეზიდენტისა და უზენაესის კვოტებით 3 თვის წინ დაინიშნნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში ძალთა ბალანსი თანაბარია. 4 მოსამართლე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არის დანიშნული და 4 "ქართული ოცნების" მმართველობის დროს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე 2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიშნა, 10 წლის თავზე მერვე მოწვევის პარლამენტს მის შემცვლელზე უნდა ემსჯელა, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
მართალია, საკუთარი ვადის ამოწურვამდე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვაკანტურ თანამდებობაზე ზაზა რუხაძე წარადგინა, თუმცა ამ უკანასკნელმა თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა.
შესაბამისად, მისთვის პარლამენტს კენჭი არ უყრია, თანაც მაშინ ეს კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამაც დაიწუნა და განაცხადა, რომ "ოცნებას" საკუთარი კანდიდატურა ეყოლებოდა და ამის განხორციელება მე-9 მოწვევის პარლამენტს ანდო. "რეზონანსმა" ეკა ბესელიასთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
"საქართველოს პარლამენტს მოსამართლის წარდგენასთან დაკავშირებით ვადები დარღვეული აქვს. ორგანულ კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ ახალი მოსამართლე წარედგინება წინა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 10 დღისა.
"ქეთი ერემაძეს ვადა 30 სექტემბერს ამოეწურა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო ვალდებული იყო, 1 სექტმბრიდან 10 ოქტომბრამდე მაინც წარედგინა მისი შემცვლელი. ასე რომ, პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დაასახელოს ახალი კანდიდატი", - ამბობს "ჩვენთან საუბრისას, "საიას" იურისტი გიორგი გოცირიძე.
მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს ასახელებს პარლამენტის თავმჯდომარე, ან საპარალამენტო ფრაქცია, ან პარლამენტის წევრთა 6-კაციანი ჯგუფი. არჩეულად ჩაითვლება ის ადამიანი, ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
იურისტ ლია მუხაშავრიას აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის ტემპი დაცემულია, ამიტომ კარგი იქნება, თუ "ოცნება" ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურას დროულად წარადგენს.
რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ინდივიდუალური შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა პოლიტიკური წარსულის მქონე პირის დანიშვნას მოსამართლედ არასასურველად მიიჩნევს.
"ორივე კანდიდატი ჩემი ძალიან კარგი ნაცნობია, ამიტომ მათი შეფასება ჩემგან უხერხულია. რაც შეეხება ზოგადად მოსამართლედ პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანის დანიშვნას, მითუმეტეს უახლოესი პერიოდის წარსულის, რა თქმა უნდა, არასურველია. ნებისმიერი ტიპის სასამართლოს მოსამართლეს მოეთხოვება, იყოს მიუკერძოებული და ობიექტური. განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, იმიტომ, რომ განსაკუთრებული უფლებამოსილების სასამართლოა", - განუცხადა "რეზონანსს" მუხაშავრიამ.
იურისტ შალვა შავგულიძის აზრით, "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, დიდი ალბათობით, მანანა კობახიძეს აირჩევს. მისი აზრით, დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ კარიერას გააგრძელებს.
"ორივე კარგი იურისტია, ის გამოცდილება და ცოდნა აქვთ, რომლითაც შეძლებენ თანამდებობის დაკავებას. მაგრამ მანანა კობახიძე უფრო მეტად ინტეგრირებულია მმართველ პოლიტიკურ ძალაში და რამდენად შეძლებს ის ობიექტური სამოსამართლეო პრაქტიკის განხორციელებას, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.
"დავით უსუფაშვილს უფრო მეტი შანსი აქვს, სამოსამართლეო პრაქტიკა დამოუკიდებლად განახორციელოს, თუმცა სიმართლე გითხრათ, მის დანიშვნასთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება. არა მგონია, იგი აპირებდეს მანტიის ჩაცმას. ვფიქრობ, იგი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას შეეცდება", - გვითხრა შავგულიძემ.