ლევან ბერძენიშვილი გამორიცხავს თანამშრომლობას პრორუსულ ძალებთან და "ნაცმოძრაობასთან"
თიკო ოსმანოვა
17.01.2017

 "რესპუბლიკური პარტია" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს - პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით, ახლა რებრენდიგის პროცესი მიმდინარეობს და მომავალში რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს.

თუმცა ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის მიერ დაანონსებულ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში ვერ ვიხილავთ.

"მეეჭვება, რომ ჩვენი პარტია ოდესმე აღმოჩნდეს ნინო ბურჯანაძესთან ერთად კოალიციაში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილი: "რესპუბლიკური პარტია" უპირველეს ყოვლისა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ამისთვის პარტიაში გადახალისებისა და რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ შარშან - პირველი არჩევნების და მეორე პარტიიდან გარკვეული ჯგუფის გასვლის შედეგად.

ეს ყველაფერი გადავიტანეთ. ჩავატარეთ კომიტეტი, შევაფასეთ რაიონებში არსებული პარტიული მდგომარეობა და მიმდინარეობს შიდა პარტიული აქტიური მუშაობა.

"რეზონანსი": როდის დასრულდება რებრენდინგის პროცესი?

ლ.ბ: რებრენდინგის პროცესი წელს აუცილებლად დასრულდება. ჩვენ წელს მოგვიწევს ყრილობის ჩატარება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ვფიქრობ, მთავარი ამოცანა შესრულდება ადგილობრივ არჩევნებზე, გამოჩნდება, რას წარმოვადგენთ და დავიბრუნებთ თუ არა იმ პოზიციებს, რომელიც ჩემი აზრით, საზოგადოებაში უნდა გვქონდეს.

ანუ უნდა მივაღწიოთ გარკველ წარმატებას ადგილობრივ არჩევნებზე. ეს აჩვენებს იმასაც, რამდენად სწორად და სამართლიანად ჩავატარეთ რებრენდინგი.

"რ": პარტის ყრილობა როდისაა დაგეგმილი?

ლ.ბ: პარტიის გეგმური ყრილობა გვიწევს ნოემბერში, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ მანადე ჩავატაროთ ყრილობა, ან კონფერენცია. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს.

"რ": ვიხილავთ თუ არა პარტიაში ახალ სახეებს?

ლ.ბ: აუცილებლად. ასევე პარტიაში იხილავთ თანამდებობაზე ახალ პირებს და ა.შ. ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება.

"რ": ვიხილავთ თუ არა ახალ სახეებში ცნობილ ადამიანებს?

ლ.ბ: ვერ გეტყვით. ისინი, ვინც არიან ჩვენს პარტიაში აქტიურები, მოგეხსენებათ, ჩანან კიდევაც, ეს გახლავთ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თამარ ხიდაშელი, ეს ადამიანები აქტიურად ჩანან, ეს ძალიან კარგია. ასევე ძველი თაობის წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი, ბერძენიშვილები და ა.შ. ასე რომ, კიდევ გამოჩდებიან და ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდები ქალები და კაცები.

"რ": ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს "რესპუბლიკურმა პარტიამ" და ვისთან არა?

ლ.ბ: რა თქმა უნდა, არიან ისეთი პარტიები, რომლებთანაც არც კოალიცია და არც თანამშრომლობა არ იქნება შესაძლებელი. ეს არის ე.წ პრორუსული ფრონტი. ასევე მძიმედ წარმომიდგენია თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან", პარლამენტში სულ დაპირისპირებაში ვიყავით.

მაგრამ არსებობს პროდასავლური პარტიები, რომლებთანაც დიალოგი ყოველთვის იქნება - მაგალითად, "თავისუფალ დემოკრატებთან".

"რ": თვითმმართველობის არჩევნებისთვის დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას სწორედ "დემოკრატიული მოძრაობა" გეგმავს, ანუ ამ გაერთიანებში "რესპუბლიკურ პარტიას არ ვიხილავთ?

ლ.ბ: ეს პარტიის გადასაწყვეტია, მე პირადად არ ვწყვეტ, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩვენი პარტია ოდესმე აღმოჩნდეს ნინო ბურჯანაძესთან ერთად კოალიციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×