"ეს გახლავთ მანკიერი და მახინჯი სისტემა, რომელიც აუცილებლად შესასწავლია"
სალომე სარიშვილი
17.01.2017

 გასული წელს, 11 თვის განმავლობაში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით 34 608 088 ლარია გაცემული, საიდანაც 18 446 121 დანამატია, ხოლო 16 161 967 ლარი - პრემია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა თავად პრემია-დანამატის ადრესატსა და მის დამსახურება-არდამსახურებას აქვს, თუმცა ამასთანავე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს.

ექსპერტების ნაწილი კი პრემია-დანამატების გაცემის წესს მახინჯ და მანკიერ სისტემას უწოდებს და ამბობს, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთ მოვალეობები სწორად არ აქვთ აღქმული.

ცნობისთვის, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6 966 595 ლარი;

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3 635 650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3 193 651, ხოლო პრემია - 441 999 ლარს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 2 877 662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1 661 624 ლარს, ხოლო პრემია - 1 216 038 ლარს. ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1 175 384 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი.

მონიტორინგის ცენტრის ცნობით, "საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ" მათ დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა და მხოლოდ პრემია-დანამატების ჯამური თანხა - 1 353 812 ლარი აცნობა;

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არსებითი საკითხია. კერძოდ კი ის, თუ ვისზე გაიცა პრემია-დანამატები - ხელმძღვანელ პირებზე თუ რიგით თანამშრომლებზე. მისივე თქმით, სხვა ამბავია, როცა პრემია-დანამატს საკვანძო პირები იღებენ და ეს გაცილებით უფრო მიუღებელია, მაგრამ რიგითი თანამშრომელი, რომელმაც დაკისრებულზე მეტი მოვალეობა საუკეთესოდ შეასრულა, დეტუტატის შეფასებით, უნდა წახალისდეს.

"პრინციპში, პრემია ხელფასის ნახევარი ან სამი მეოთხედი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ ვარ მომხრე, რომ პრემია-დანამატი ყველამ მიიღოს, სულ ერთია, ის კარგად მუშაობს თუ ცუდად, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ ამაზე ცალსახა უარი ვთქვათ. თუკი განყოფილებაში გყავს 5 ადამიანი, რომელთაგანაც 1 საუკეთესოდ მუშაობს, დანარჩენი კი მხოლოდ მოვალეობას ასრულებს, ის ერთი ხომ უნდა წაახალისო? ეს მოტივაციისთვის აუცილებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი.

ამბობს, რომ ამ თანხის რაოდენობასა და ობიექტურად გაცემაზე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა იმუშავონ, რაც მისი აზრით, აუცილებელიც კია.

"შესაძლოა ეს თანხა მართლაც ბევრად ჟღერდეს, ან სულაც ბევრი იყოს კიდეც, მაგრამ ეს კიდევ მოკვლევის საგანია. ვფიქრობ, სამი სამინისტროსთვის ეს თანხა მართლაც ბევრია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ხელაღებით რამეს თქმა ძალიან ძნელია, ამიტომ საჭიროა სერიოზული მოკვლევა, ასევე ობიექტური შეფასების მექანიზმის მოძიება", - დასძენს გუგული მაღრაძე. ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით კი სახეზეა, არამხოლოდ არაჯანსაღი გაგება სახელმწიფო მოხელის ვალდებულებებისა, არამედ სრულიად ღია მცდელობა, ადამიანები მაღალი ანაზღაურების საფუძველზე ასე "ბაწარგამობმულნი" იყვნენ.

მისი თქმით, რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ სახელმწიფო მოხელე ორი მახასიათებლით უნდა იყოს დაჯილდოვებული - ესაა პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, რაც ცისკარიშვილის აზრით, ძალიან იშვიათია.

"ცხადია, ამხელა პრემია-დანამატების გაცემა ყოვლად მიუღებელია, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარებაა, არც ახლა და არც ერთი წლის წინ. ჩვენ ასეთი არაჯანსაღი ფაქტების მოწმეები არაერთხელ გავხდებით, ამიტომ საჭიროა სამოქალაქო სექტორის მუდმივი აქტიურობა და მონიტორინგი.

"რას ნიშნავს ეს დანამატი ვინმეს ესმის? თუ თანამშრომელი დაუმატებლად არაფერს აკეთებს, მაშინ თავად თანამშრომელი ან დანამატის გამცემი პირი ყოფილა დეგენერატი", - ამბობს პოლიტოლოგი "რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე განცხადებით, როგორც კი ეს თემა აქტუალური ხდება, ისევ მორიგი ტყუილი განცხადებები გაკეთდება, რომ ის გაუქმდება.

"ვის სჯერა ახლა ამის? ეს გახლავთ მანკიერი და მახინჯი სისტემა, რომელიც აუცილებლად შესასწავლია. სამინისტროებმა ერთმანეთის "შპარგალკებით" კი არ ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვა, არამედ ყველამ ცალ-ცალკე არგუმენტირებულად უნდა გამოაქვეყნოს რაში გაიცა პრემია-დანამატი და რომელ რგოლში", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×