გია ხუხაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ სიმართლე უნდა თქვას "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე
ელზა პაპოშვილი
17.01.2017

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლა "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ პირადი იმიჯისთვის სჭირდება. ამიტომაც იყო, რომ პარტიის ერთიანობის გადასარჩენად მან თავი დიდად არ შეიწუხა.

ხუხაშვილის აზრით, სააკაშვილი ათვითცნობიერებს, რომ პარტიას დიდი მომავალი არა აქვს და მას მხოლოდ საერთაშორისო იმიჯისთვის გამოიყენებს.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე როგორ აისახება?

გია ხუხაშვილი: არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფამ როგორც სახელმწიფოებრივი ასევე პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე რამე განსაკუთრებული როლი ითამაშოს. თუმცა, გარკვეული სახის კორექტირებას შეიტანს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ორად გაიყო, მათ ზრდის და განვითარების რესურსი დიდი არა აქვთ. "ნაციონალური მოძრაობა" მაინც დაზიანებული ბრენდია, ეს კი მათ პოლიტიკურ პერსპექტივას ართულებს. სააკაშვილის გუნდში ძირითადად დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის ბელადს აღმერთებენ და მის მორჩილებაში არიან.

ვნახეთ, რომ გაყოფის შემთხვევაში, ბოკერია-უგულავას გუნდში ის ადამიანები გადავიდნენ, ვინც საკამოდ ინტელექტუალურ ნაწილს წარმოადგენენ და რომლებიც პოლიტიკაში ყველაზე ძლიერები არიან. მეორე მხარეს კი ისინი დარჩნენ, რომლებიც უპირობო ერთგულებას მხოლოდ ერთ ადამიანს უცხადებენ.

შესაბამისად, ამ პარტიას რაღაც ორგანიზაციის დატვირთვის ფუნქცია უფრო ექნება, რომელიც რწმენაზე იქნება აგებული და ერთ ბელადს გააღმერთებენ.

რაც შეეხება გამოყოფილ გუნდს, თეორიულად მათ ცუდი შანსები არა აქვთ. ამ ხალხს საკმაო ინტელექტუალური კაპიტალი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლებას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ. დაზიანებული ბრენდიდან გამომდინარე, მათი განვითარების ტემპებს შეაფერხებს. თუმცა, პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლებას შეძლებენ. თავად შეიძლება ვერაფერი მოიგონ, მაგრამ ხელისუფლებას დააზიანებენ.

"რ": ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს კიევში შეხვდა. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს გაყოფის შემდეგ რა მექანიზმი და ბერკეტები დარჩა იმისთვის, რომ პარტიამ ძველი სახე შეინარჩუნოს და მთავარი ოპოზიციური ფლანგის სტატუსი არ დაკარგოს?

გ.ხ: მიხეილ სააკაშვილმა პარტიისთვის ბრძოლა არ გამოაცხადა იმიტომ, რომ მას მხოლოდ სახის შენარჩუნება სჭირდება, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პარტია განვითარდება თუ არა. მთავარია, სახელი არსებობს და პარტია, მეტი მას უკვე აღარაფერი სჭირდება.

ამ სიტუაციაში მას პარტია რომ დაეკარგა, მის პოლიტიკურ კარიერას კიდევ უფრო დააზიანებდა. მთავარი სტატუსი შეინარჩუნა და როგორც გლობალური მოთამაშე, ეს მას სახელად ექნება. მის პიროვნულ იმიჯს ეს სჭირდებოდა.

ახლა მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ავბედითი პერიოდია და ძალიან კარგად იცის, რომ პარტიას დიდი მომავალი არ აქვს.

"რ": ბოლო დღეების განმავლობაში "გაზპრომთან" მიმდინარე მოვლენებმა საკმაოდ მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა რატომ დაიჟინა, რომ გაზის გატარების საფასური არა ნატური სახით, არამედ ფულით გადაეხადა?

გ.ხ: ეს ახალი ისტორია არ არის. რუსეთი წლების განმავლობაში ითხოვს, რომ გაზის ტრანსპორტირების საკითხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო. იმპორტირების 10%-ს ვიღებდით, ასეთი პირობები კი არსად არ არის. ბუნებრივია, ეს რუსეთს აღიზიანებდა და ამ საკითხს ყოველ წუთს აყენებდა.

თუმცა, სხვადასხვა მექანიზმებით, ამ თემის გადაგორება ხდება. როგორც ხდება ხოლმე, როდესაც რაღაცა ყოველთვის მთავრდება. რუსეთი რატომ ითხოვდა გაზის სანაცვლოდ თანხის გადახდას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ იმ თანხად, რასაც ახლა რუსეთი გადაგვიხდის, 200 მილიონ კ.ბ მეტრ გაზს ვერ ვიყიდით. ზუსტად რამდენით, ამის კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება. თუმცა ფაქტია, რომ ვიზარალეთ.

პრობლემა იმაშია რომ გაზის ტრანსპორტირების თემა, ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლებად მომგებიანი გახდა, რუსეთმა კი ამას მიაღწია.

"რ": თუ ამდენი წლის განმავლობაში საქართველო რუსეთს ამ წინადადებაზე არ თანხმდებოდა, ახლა ისეთი რა ზეწოლის ბერკეტი მოიფიქრა კრემლმა, რომ ხელისუფლება ამ დათმობაზე წავიდა?

გ.ხ: თითქოს გარედან არ ჩანს, რომ რუსეთმა საქართველოს დასათანხმებლად გარკვეული სახის ბერკეტი გამოიყენა. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანას ამ წამგებიან წინადადებაზე დათანხმება მოუწია.

ჩვენს სახელმწიფოს შეიძლება კომერციული საიდუმლოს გაცემა ვერ მოვთხოვოთ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რა გახდა ის გადაულახავი პირობა, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ მრავალწლიანი ომის შემდეგ კაპიტულაცია გამოგვეცხადებინა. შეიძლება ეს ობიექტური მიზეზია, რის გამოც ხელისუფლებას საყვედურს ვერ ვეტყვით. მაგრამ, როცა თავად ხელისუფლება დუმს, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ეჭვი უჩნდება. სიმართლეს არაფერი სჯობს, ხელისუფლებამ პირდაპირ გვითხრას, რა მოხდა და თავს დავანებებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×