პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ვანო მერაბიშვილის არჩევანი - დარჩეს "ნაციონალურ მოძრაობაში" თუ "ევროპულ საქართველოში" გადავიდეს, ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ამბობს, რომ იმ გუნდს, რომელსაც მერაბიშვილი აირჩევს, ამით უფრო მეტი უარყოფითი შედეგი ექნება, ვიდრე დადებითი, რადგან "ნაცმოძრაობის" ცოდვების დიდი ნაწილი სწორედ მის კისერზეა.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ მისი არჩევანი უფრო ბოკერია - უგულავას ფრთისაკენ გადაიხრება.
რამაზ საყვარელიძე: ზოგადად, ამ "განქორწინებაზე" ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. არ ვიცვით, თუ რა მექანიზმები იყო ჩართული. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების ერთმანეთთან შეუთავსებლობა არ არის. მეტისმეტად სინქრონულად გადადგა ნაბიჯი იმ გუნდმა, რომელიც გამოეყო.
სავარაუდოა, რომ ამ პროცესს წინ რაღაც მოლაპარაკებები, შეთანხმებები, გარანტიების მიღება უძღოდა საერთაშორისო არენიდან. ისიც სავარაუდოა, რომ მერაბიშვილთან და უგულავასთან, მათი საპყრობილეში ყოფნის გამო, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა. ამიტომ, უგულავამ უფრო ადრე გადაწყვიტა საკუთარი ბედი, მერაბიშვილი კი ალბათ მოგვიანებით გადაწყვეტს.
ფაქტია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე საკვანძო ფიგურამ - დავით კეზერაშვილმა, რომელიც ფინანსებთანაა დაკავშირებული, გადაწყვეტილება საკმაოდ ადრე მიიღო. ასე რომ, სავარაუდოა, მერაბიშვილიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"რეზონანსი": ანუ, კეზერაშვილის მსგავსად უგულავა-ბოკერიას გუნდს გაჰყვება?
რ.ს: რატომღაც ასე მგონია.
"რ": თქვენი აზრით, რამდენად შეემატება წონა ამ ფლანგს? რამდენად გავლენიანი ფიგურაა ვანო მერაბიშვილი, რომ მისი მეშვეობით გუნდმა სერიოზული სარგებელი მიიღოს?
რ.ს: ძალიან წონიანია. ოღონდ ორი საწინააღმდეგო მიმართულებით. მერაბიშვილის ჩართვამ, შეიძლება, ამა თუ იმ გუნდს ბევრი ხმა დააკარგვინოს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ცოდვების დიდი ნაწილი მასზეა მიწერილი.
"რ": დადებითი შედეგი არ ექნება?
რ.ს: უარყოფითი ნამდვილად ექნება და დადებითი რამდენად ექნება - არ ვიცი.
"რ": თავად მერაბიშვილისათვის, სამომავლო წარმატების თვალსაზრისით, რომელი გუნდის არჩევა უფრო მომგებიანი იქნებოდა? ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარეშე უგულავა-ბოკერიას ჯგუფს პერსპექტივა თითქმის არ აქვს. ეთანხმებით მოსაზრებას?
რ.ს: სიმართლე გითხრათ, კარგად არ მესმის, თუ რატომ არ აქვთ პერსპექტივა სააკაშვილის გარეშე. როგორც გითხარით, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ზედაპირს ვადევნებდით თვალს და არ ვიცით, თუ რა ხდებოდა სიღრმეში ისეთი, რამაც ამ გაყრას საფუძველი შეუმზადა და სააკაშვილის საწინააღმდეგო პლატფორმაზე ასეთი ერთიანი გადასვლა განაპირობა, ვერც იმას გეტყვით, მერაბიშვილის პერსპექტივა რომელ გუნდთან უფრო მაღალი და მომხიბვლელი იქნება.