"მასზეა დამოკიდებული, თუ რომელი პარტიის პრესტიჟი აიწევს - "ნაციონალური მოძრაობის" თუ "ევროპული საქართველოსი"
თაკო მათეშვილი
17.01.2017

 ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას - დარჩება "ნაციონალურ მოძრაობაში" თუ თანაგუნდელების ნაწილს "ევროპულ საქართველოში" გაჰყვება, ორივე მხარეს მოუთმენლად ელიან. თავად მერაბიშვილი კი, რომლისთვისაც საკუთარი არჩევანის გახმაურება ციხიდანაც კი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჯერ-ჯერობით დუმს.

პოლიტოლოგებს არ აკვირვებთ ფაქტი, რომ ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალებიც" მერაბიშვილს საკუთარ გუნდში აქტიურად ეპატიჟებიან და ამბობენ, რომ ეს ბუნებრივია, რადგან მასზე ორივე მხარე დიდ იმედს ამყარებს.მოგეხსენებათ, პარტია ოფიციალურად 12 იანვარს გაიყო. მანამდე კი დაპირისპირება რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელსაც "ნაცმოძრაობის ხერხემალსაც" უწოდებდნენ, საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად საკმაო დრო ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები ყოველდღიურად მოუწოდებენ, საზოგადოებას გადაწყვეტილება გააცნოს, იგი ამისგან ამ დრომდე თავს იკავებს.

მერაბიშვილს ამისკენ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უკვე მერამდენედ მოუწოდა. მისი თქმით, გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს.

"ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ივანიშვილმა ოთხ კედელში გამოკეტა, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას. მითუმეტეს, როდესაც პარტიიდან მცირე გუნდი მიდის, ყრილობამდე უნდა ვიცოდეთ, ის ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება. იმედია, მის პოზიციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ", - აღნიშნავს მელია და დასძენს, რომ პირადად მას მერაბიშვილთან კონტაქტი არ აქვს.

მერაბიშვილის პოზიცია მეორე მხარეს დარჩენილებსაც მეტად აინტერესებთ. ამავდროულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფლანგში იმედს გამოთქვამენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არჩევანს მათ სასარგებლოდ გააკეთებს. აკაკი ბობოხიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ მერაბიშვილისგან სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებას ელის.

"20 იანვრამდე ერთი კვირა დარჩა, რა დროსაც ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება თავის ადგილზე. მერაბიშვილისგან ველოდები იმას, რომ იქნება იქ, სადაც ჩვენ ვიყავით - ჩემი პირადი მოლოდინია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სპეციალისტები მერაბიშვილის მიერ გასაკეთებელ არჩევანს რთულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მისთვის მარტივი არც ერთ მხარეს დგომა არ იქნება.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს მეგობრები და თანამოაზრეები ორივე მხარეს ჰყავს და ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება.

სწორედ ამიტომ, ჩიტაძეს ბუნებრივად მიაჩნია ფაქტი, რომ იგი განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს. იმასაც არ გამორიცხავს, რომ მან ერთვარი შუამავლის როლი შეასრულოს, რათა ყოფილ თანამოაზრეებს შორის გარკვეული ურთიერთობა მაინც შენარჩუნდეს - "ხიდები არ დაიწვას" და "კონტაქტები არ დაიკარგოს".

მას არ აკვირვებს, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია მერაბიშვილის საკუთარ რიგებში ხილვით. ამბობს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური წონა საკმაოდ მაღალია და სწორედ ამიტომაა მისი გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" და პარტიის ყოფილი წარმომადგენლებისთვისაც მნიშვნელოვანი.

ამბობს, რომ მერაბიშვილზე ბევრადაა დამოკიდებული, თუ რომელი პარტიის პრესტიჟი აიწევს - "ნაციონალური მოძრაობის" თუ "ევროპული საქართველოს".

"მას ბევრი მიიჩნევს რეფორმატორად უსაფრთხოების სფეროში, ქვეყანაში წესრიგის დამყარების კუთხით. თანაც, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი. გარდა ამისა, დღეს იგი ბევრისთვის მსხვერპლად, პოლიტპატიმრად აღიქმება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მერაბიშვილის წონა ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ მაღალია", - მიიჩნევს ჩიტაძე.

მოსაზრებას მერაბიშვილის გავლენასთან დაკავშირებით "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანიც ეთანხმება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, მისი გავლენა მაინც საკმაოდ დიდია და სწორედ ამიტომ, მერაბიშვილს საკუთარ რიგებში ორივე მხარე სიხარულით ელის.

"მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მას დიდ რეფორმატორად თვლის. მიიჩნევენ, რომ ძალოვან სტრუქტურებში უმნიშვნელოვანესი სიახლეები განახორციელა - მეორე ნაწილი კი მის საბედისწერო შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას. აქედან გამომდინარე, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია," - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

მისივე აზრით, თავად მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხარეს დგომით მეტი პერსპექტივა ექნებოდა, რადგან ნაკლებსავარაუდოა, რომ უგულავა-ბოკერიას ჯგუფი პოპულარობით სარგებლობდეს.

"ცხადზე ცხადია, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა - სააკაშვილი და ივანიშვილი. დანარჩენი პოლიტიკური ძალების პერსპექტივას კი ახლო მომავალში ვერ ვხედავ", - დასძენს კიკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×